მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია საკუთარ შენობას ვერ უვლის

07.06.2022
ბათუმის მერია საკუთარ შენობას ვერ უვლის

ბათუმში, ლუკა ასათიანისა და გორგილაძის ქუჩების გადაკვეთაში არსებული ორსართულიანი შენობა ქალაქის ისტორიის ნაწილია, გამორჩეული და ღირებულია მისი არქიტექტურაც. შენობა, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოვლილი და დაცული უნდა იყოს, ამას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს კანონი ავალდებულებს.

თავდაპირველად ქალაქის თვითმმართველობა მდებარეობდა ნაქირავებ ბინაში მარინის პროსპექტსა და მიხეილის ქუჩების კუთხეში თავადი გურიელის სახლში. 1902 წ დამთავრდა ქალაქის საბჭოს ვრცელი, მოხერხებული შენობის მშენებლობა დიდი დარბაზით სათათბიროს სხდომისთვის. საკანცელარიო სამმართველოს და სამშენებლო განყოფილების გარდა პირველ სართულზე განლაგებული იყო ქალაქის ლომბარდი და სხვა დაწესებულებები, მათ შორის ბიბლიოთეკა.

 

საკრებულოს ფოიე. ბათუმში ხმოსანთა პირველი არჩევნები 1888 წლის 25 აგვისტოს და 2 სექტემბერს ჩატარდა. იმავე წლის პირველ ოქტომბერს თანამდებობის პირთა არჩევნებისა და ფიცის მიღების შემდეგ ქალაქის საზოგადოებრივმა მმართველობამ დაიწყო საქმიანობა. ბათუმის საქალაქო სათათბიროში 36 ხმოსანი აირჩიეს.

„ეს დიდებული შენობა დღესაც ამშვენებს ჩვენს ქალაქს და მნახველის დიდ ყურადღებას იპყრობს“, – წერია მერიის ვებგვერდზე. ეს წესით იმას უნდა ნიშნავს, რომ ძეგლების დამცველებს ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ძალისხმევა არც სჭირდებათ შენობის დასაცავად – ბოლოს და ბოლოს მისი „პატრონი“ ხომ თავად მერიაა და ამავე შენობაშია ქალაქის საკრებულოც.

უვლის თუ არა მერია შენობას ისე, როგორც ამას კანონი ითხოვს?

ქალაქისთვის მნიშვნელოვან შენობაში უკვე ექვს თვეზე მეტია სხდომათა დარბაზი დაკეტილია. წინა მოწვევის საკრებულომ ბოლო რამდენიმე სხდომა უმაღლესი საბჭოს დარბაზში გამართა, ახალი საკრებულო კი უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბა.

მერიის ინფორმაციით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბათქაში ჩამოვარდა: „პრეზიდიუმი“ და „პრეზიდიუმზე განთავსებული ავეჯი“ დააზიანა. შემთხვევა არასამუშაო საათებში მოხდა, შესაბამისად არავინ დაშავებულა.

დოკუმენტების მიხედვით, სახურავში წვიმამ გაჟონა, რაც დაზიანების მიზეზი გახდა.

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზი- მიმდინარე რემონტი

შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევიდან 6 თვის შემდეგაც დარბაზი იგივე მდგომარეობაშია და საკრებულო აქ სხდომებს სავარაუდოდ კიდევ დიდხანს ვერ გამართავს. ხელშეკრულება დარბაზის აღდგენის სამუშაოების შესყიდვაზე 3 მაისს არის გაფორმებული. ტენდერი 18 აპრილს გამოაცხადეს.

რამდენიმე კვირის წინ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის წამოსაღებად მერიის კანცელარიას მივაკითხეთ, პირველ სართულზე კანცელარიის ოთახში კარის შეღებისთანავე ნესტის მძაფრი სუნი იგრძნობა: ერთი შეხედვით ეს შეიძლება იქვე დასაწყობებული უამრავი დოკუმენტის მიზეზით აიხსნას, თუმცა ფანჯრების მხარეს გამავალ კედელს თუ შეეხებით მიხვდებით, რომ ის სველია.

არ ვიცით რა ვითარებაა სხვა ოთახებში, რადგან იქ შესვლის საშუალება ბოლო პერიოდში არ გვქონია.

ეს სხდომათა დარბაზთან განთავსებული ფოიეა, ვიდრე რემონტია სკამები დროებით აქ განათავსეს

როგორ შეიცვლება სხდომათა დარბაზი ამ თემაზე წაიკითხეთ აქ.

საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებისთვის ადგილი თითქმის აღარ რჩება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: