მთავარი,სიახლეები

მთელი ხერსონი გათავისუფლებას ველით – ქალი ოკუპირებული ქალაქიდან

21.04.2022
მთელი ხერსონი გათავისუფლებას ველით – ქალი ოკუპირებული ქალაქიდან

უკრაინის ქალაქი ხერსონი ახლა რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. რუსეთი ახლა ემზადება ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების ჩასატარებლად ემზადება, რომ ეს ტერიტორიები ე.წ. სახალხო რესპუბლიკებად გამოაცხადოს.

ოკუპანტების ქალაქ ხერსონში გამოჩენის პირველივე დღეებიდან მოჰყვა საპროტესტო აქციების ტალღა. ისმოდა შეძახილები – „ხერსონი უკრაინაა!“ რამდენიმე აქციის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა აქციების დასაშლელად სროლა დაიწყეს და ახლა ქალაქში აქციები აღარ იმართება.

ლუდმილა მაკარევიჩი (გვარი შეცვლილია) ხერსონიდანაა. მას ქალაქი არ დაუტოვებია და დღემდე იქ რჩება ოჯახთან ერთად.

ქალი ოკუპირებული ქალაქიდან „ბათუმელებს“ უყვება რა ხდება ახლა ხერსონში და როგორ ემზადებიან ოკუპანტები ფსევდორეფერენდუმისთვის. ლუდმილამ გვთხოვა მისი გვარი არ გაგვესაჯაროებინა. მან ასევე გვითხრა, რომ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ „ბათუმელებთან” მიმოწერა უნდა წაშალოს, რადგან ოკუპანტებმა შეიძლება ნებისმიერ დროს შეუმოწმონ ტელეფონი გარეთ გასვლისას.

„ხერსონში რჩება ჩვენი მერი, მას არ მივუტოვებივართ“ – ლუდმილა მაკარევიჩის ნაამბობი

რეფერენდუმის ჩატარება სურთ რუს ოკუპანტებს, მაგრამ არც ბიულეტენები აქვთ და არც აგიტაციას ეწევიან. მათი რეფერენდუმი ასეთია: აჩერებენ მანქანებს, ყველას უღებენ ფოტოებს, იწერენ პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მონაცემებს, ამ მონაცემების გამოყენებას აპირებენ საბოლოოდ რეფერენდუმის შედეგების გასაყალბებლად. იციან, რომ მაგათ რეფერენდუმზე, ნამდვილად რომ ჩაატარონ, ხერსონელების 10 პროცენტიც არ მივა.

არ ვშიმშილობთ, საკვები პროდუქტები გვაქვს, თუმცა ქალაქში ჰიგიენური საშუალებების მარაგი იწურება. გამოჩნდა ბევრი რუსული პროდუქტი, ხერსონელები ცდილობენ ოკუპანტების არაფერი იყიდონ.

ქალაქს რუსეთის ФСБ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს. ისინი თითქოს წესრიგს ამყარებენ და თავისიანებს მოროდიორობას უკრძალავენ, ასევე სჯიან ყველას, ვინც კომენდანტის საათს დაარღვევს.

მიუხედავად ოკუპაციისა, მუშაობს ჩვენი მუნიციპალური სამსახური, რომელიც ცდილობს სერვისების გამართვას, როგორც შესაძლებელია.

მთელი ხერსონი გათავისუფლებას უცდის, ბრძოლებია ხერსონისა და ნიკოლაევის საზღვარზე.

ჩემი შვილი პირველ აპრილს დონეცკთან ახლოს დაიჭრა. ჯერ არ ჩამოუღწევია ხერსონამდე. ველოდებით.

ხერსონში საპროტესტო აქციები აღარ იმართება. ვეღარ დავდივართ, გვშლიან ცრემლსადენი გაზით და ავტომატს გვესვრიან.

თუ არაფერს გავაპროტესტებთ, შეგვიძლია ქუჩაში გადაადგილება კომენდანტის საათამდე. მერე აღარ.

ფასებს რაც შეეხება, ყველაფერი 2-3-ჯერ გაძვირდა, მაგალითად:

  • შაქარი – 55 გრივნა ღირს
  • კარტოფილი – 20 გრივნა
  • ათი კვერცხი – 60 გრივნა
  • პური – 20 გრივნა
  • ღორის ხორცი – 250 გრივნა
  • ფქვილი – 30 გრივნა
  • მზესუმზირას ზეთი – 100 გრივნა
  • რძე – 40 გრივნა

ძალიან ძვირია „პამპერსი“ და ბავშვთა კვება. ბლოკპოსტებზე  ამოწმებენ პასპორტებს, ტელეფონებს, მანქანებს, თუმცა მას შემდეგ, რაც დემონსტრაციებს აღარ ვაწყობთ, აღარაფერს გვეუბნებიან.

ქალაქის ცენტრალურ უბნებში ახლა სიმშვიდეა, გარეუბნებში კი ამბობენ, რომ ბუჩა 2 ხდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ხერსონში რჩება ჩვენი მერი, მას არ მივუტოვებივართ. როცა ქალაქის შემოგარენს ძალიან ძლიერად არ ბომბავენ, ხალხს ბავშვებიც გამოჰყავს გარეთ სასეირნოდ. შევეჩვიეთ და დიდი შიში ან რეაქცია აღარ გვაქვს დაბომბვებისას.

______________

ფოტოზე: ხერსონი. აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2022 წელი. კადრი ვიდეომასალიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: