მთავარი,სიახლეები

რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

08.03.2022
რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს პუტინს, თუკი იგი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს? – ამ თემაზე ვახტანგ კაპანაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ბირთვული ომის დაწყების საფრთხე და პრაქტიკულად რა პროცედურები არსებობს, ვიდრე ვინმე „წითელ ღილაკს“ თითს დააჭერდეს? 

წითელი ღილაკი, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამია და რეალურად არსებობს შავი ჩემოდანი, რომელიც მობილური მართვის პულტია. ამ პულტით არის შესაძლებელი ბირთვული იარაღის მოქმედებაში მოყვანა. სხვათა შორის, „კაზბეგი“ ჰქვია ამ სისტემას, რატომ, ეგ არ ვიცი. ასეთივე მობილური მართვის სისტემა აქვს თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს. ამ 3 კაცს აქვს ხელში მართვის ბერკეტი.

პუტინმა კი თქვა, რომ მოამზადეთ, მზადყოფნაში იყოსო, მაგრამ ეს უფრო იყო მუქარა სხვა ქვეყნებისთვის. რეალურად, ეს ისეთი იარაღია, რომელიც მუდმივად მზადყოფნაშია.

  • არსებობს რამე რეგლამენტი ან დოკუმენტი, სადაც გაწერილია, რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენონ ეს მართვის პულტი? ვინ იღებს გადაწყვეტილებას? 

როგორც ვიცი, არსებობს ასეთი დოკუმენტი, მაგრამ ეს დახურული დოკუმენტია. არსებობს ორი შეხედულება: ერთია, რომ სამიდან ორმა უნდა დაადასტუროს, რომ სიგნალი წავიდეს. მეორე შეხედულებით კი, სამივეს თანხმობაა საჭირო, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი მთავარსარდალი, ანუ პუტინი ამ შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ პუტინმა უშუალოდ მოაწერა ხელი 2020 წელს საერთაშორისო დოკუმენტს, სადაც გაწერილია, რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს ბირთვული შესაძლებლობები რუსეთმა. იქ არის 4 პუნქტი და ამ მოცემულობით არ არსებობს არც ერთი პირობა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. დოკუმენტით გათვალისწინებული ამ პუნქტების მიხედვით, რუსეთს უნდა ექმნებოდეს ბირთვული იარაღის საფრთხე რომელიმე მტრული ტერიტორიიდან, ასევე შესაძლოა ბირთვულ შეტევას უპასუხოს და არის ყველაზე საჩოთირო ნაწილიც: თუკი ჩვეულებრივი სამხედრო იარაღით სხვა ქვეყანა საფრთხეს უქნის რუსეთის სახელმწიფოებრიობას, თუმცა ვერ იტყვის რუსეთი, რომ ამ საერთაშორისო დოკუმენტის რომელიმე პუნქტს დღეს ვინმე არღვევს და რუსეთს ამ იარაღის გამოყენების საფუძველი აქვს.

  • თუ რუსეთმა აამოქმედა ბირთვული იარაღი უკრაინის წინააღმდეგ, რა მოხდება შემდეგ? 

ასეთ შემთხვევაში, ფაქტია, იწყება ბირთვული ომი. საერთაშორისო ხელშეკრულება, რასაც პუტინმა მოაწერა ხელი, ითვალისწინებს პარიტეტს, მომატება ან დაკლება იწვევს მნიშვნელოვან კამათს სიმძლავრეებს შორის. ნატო და აშშ ერთადაა. ეს ბირთვული რესურსი ოდნავ ნაკლებია რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობაზე. გარდა ამისა, ისრაელსაც აქვს ბირთვული იარაღი, ის არ ამბობს, რა რესურსი აქვს, მაგრამ დაახლოებით იციან.

არა მგონია ასევე, რომ ჩინეთმა თავისი რესურსი რუსეთს დაახმაროს, მაგრამ ეს პოტენციალი, რაც აქვს აშშ-ს და ნატოს, დაახლოებით თანაბარია რუსეთის ბირთვულ პოტენციალთან.

არ ვიცი, რა პასუხი მოჰყვება ამ იარაღის გამოყენებას, მაგრამ არსებობს საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს პარიტეტის დაცვას. რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მიიღებს შესაბამის პასუხს. ეს მაინც უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სამხედრო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: