მთავარი,სიახლეები

გარემოს დაცვის სამმართველოს „დილემა“ უფროსის უკანონო ბრძანების გამო

15.03.2016 • 1686
გარემოს დაცვის სამმართველოს „დილემა“ უფროსის უკანონო ბრძანების გამო

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ განმარტებისთვის უზენაეს სასამართლოს მიმართა. საუბარია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც უწყებამ უკანონოდ გათავისუფლებული ორსული ქალი სამსახურში უნდა დააბრუნოს. სამმართველოს უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება ყველა ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო.

„სამმართველო დილემის წინაშე დადგა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტმა რაულ აბუსერიძემ: „საქმე იმაშია, რომ თანამდებობა, რომელზეც ეს პირი მუშაობდა, გაუქმებულია და არც ახალი საშტატო ერთეული გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება მისი სამსახურში აღდგენა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული მექანიზმი, თუ როგორ უნდა აღსრულდეს იგი. ამ კუთხით სასამართლო პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა, რომ გვეხელმძღვანელა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია არ არის და ვერ ეტყვის ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორ აღასრულოს მან გადაწყვეტილება.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული პირი უკანონოდ გაათავისუფლეს და ის უნდა აღდგეს სამსახურში. გარემოს დაცვის სამმართველოს თავად უნდა შეეტანა ცვლილება წესდებაში, ან დებულებაში და დაეშვა შტატი, ან უკანონოდ გათავისუფლებული პირი დაესაქმებია ტოლფას თანამდებობაზე,“ – ამბობს საიას იურისტი, ანა მდინარაძე.

როგორც გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტმა გვითხრა, ისინი მინიმუმ ერთ თვეს დაელოდებიან უზენაესი სასამართლოს განმარტებას. შესაბამისად, იზრდება განაცდურის თანხა, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა უნდა მიიღოს. ამ დროისთვის ვახტან წულაძის უკანონო ბრძანების გამო ბიუჯეტიდან უკვე 20 ათასზე მეტი ლარია გადასახდელი.

სამსახურიდან გათავისუფლებამდე ფეხმძიმე ქალმა სამმართველოს უფროსს, ვახტანგ წულაძეს, 2014 წლის იანვარში მიმართა წერილით და თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. უფროსის რეაგირება ორსულის გათავისუფლებაში გამოიხატა – მას ვახტანგ წულაძემ საჯარო სამსახურის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი.

გადაბეჭდვის წესი