მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

აჭარაში კოვიდით 444 კაცი და 349 ქალი დაიღუპა – 13 თვის მონაცემები

23.06.2021
აჭარაში კოვიდით 444 კაცი და 349 ქალი დაიღუპა – 13 თვის მონაცემები

პანდემიის დაწყებიდან აჭარაში კოვიდით ინფიცირების სულ 45 443 შემთხვევა დადასტურდა. აჭარაში კოვიდის გავრცელების 2020 – 2021 წლის [5 თვის] სტატისტიკური მონაცემების ანგარიში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, დადებითობის მაჩვენებლის მატება აჭარაში დაიწყო 2020 წლის სექტებრიდან, მკვეთრი ზრდის ტენდენცია გრძელდებოდა ნოემბრის ბოლომდე (ორკვირიანი საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობა – 47%). შემდეგ დაიწყო მკვეთრი კლება და 2021 წლის თებერვლის დასაწყისიდან ორკვირიანი საშუალო მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლები იყო. აპრილის ბოლოს ისევ აღინიშნებოდა მატება (მაქსიმალური ორკვირიანი საშუალო მაჩვენებელი – 4,2%), მაისის პირველი ნახევრიდან ისევ დაიკლო და მაისის ბოლოს იყო 1,8%.

აჭარაში კოვიდ19-ის დიაგნოზით გარდაცვალების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა 2020 წლის აპრილსა და მაისში, ე.წ. „პირველი ტალღის“ დროს. ლეტალური გამოსავლის მომდევნო შემთხვევები დაიწყო სექტემბრის თვიდან ეპიდსიტუაციის გაუარესების ფონზე.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, დადასტურებულ შემთხვევათა შორის 13% იყო 18 წლამდე ასაკში (მათ შორის 0,5% 1 წლამდე ასაკის). მოზრდილთა შორის, რომელიც საერთო შემთხვევების 87%-ს შეადგენს, შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

2020 -2021 [5 თვე] წლების განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევათა შორის 57% იყო ქალი.

კოვიდ19-ის დიაგნოზით გარდაცვლილთა ასაკი მერყეობდა 22-დან 100 წლის ფარგლებში. აბსოლუტურ რიცხვებში ყველაზე მაღალია გარდაცვლილთა რიცხვი 70-79 წლის ასაკობრივ ჯგუფში, მაგრამ თუ შევადარებთ ასაკობრივ ლეტალობას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, ყველაზე მაღალია (21,6%) 90-100 წლის ასაკში.

ოფიციალური მონაცემებით, გარდაცვალების შემთხვევათა შორის 56% (444) იყო კაცი. შესაბამისად, გარდაცვლილთა 44% ქალია ანუ 349 [გარდაცვლილი ქალების ზუსტი რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებში არ არის ასახული. შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის გამოანგარიშებით მივიღეთ გარდაცვლილი ქალების რაოდენობა – 349. – რედ].

მუნიციპალიტეტების მიხედვით, აბსოლუტურ შემთხვევათა 57% გამოვლინდა ბათუმში, 20% – ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხელვაჩაურში – 12%, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შესაბამისად – 4%, 3% და 4%.

23 ივნისის მონაცემებთ, დღემდე  კოვიდით ქვეყანაში 5 211 ადამიანი დაიღუპა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: