სიახლეები

ტელეარხ 25-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

25.01.2016
ტელეარხ 25-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს

„ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა: მაია მერკვილაძემ, ირმა ზოიძემ, ნინო ხელაძემ და ჯაბა ანანიძემ სასამართლოს მიმართეს. ჟურნალისტები გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. გათავისუფლებულ ჟურნალისტებს სამართლებრივად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

„ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბერს, საღამოს, ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვიტეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს. ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა. თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ჩაბარდათ საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ტელევიზიის ხელმძღვანელობა გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველ ნაწილს ასახელებს, რაც ეკონომიური ან ტექნოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე კადრების შემცირებას გულისხმობს.

ჟურნალისტების გათავისუფლებამდე,  „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე გაუშვეს იძულებით შვებულებაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ გასული  რეპორტაჟი გახდა, რის გამოც განაწყენებულმა თანამშრომელმა საინფორმაციო სამსახურის  უფროსს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ტვ25-ის ჟურნალისტების სარჩელი სასამართლოში

ტვ25-ის ჟურნალისტების სარჩელი სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.