მთავარი,სიახლეები

13 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს ბათუმსა და სხვა 3 ქალაქში

20.05.2020
13 პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს ბათუმსა და სხვა 3 ქალაქში

შს სამინისტროს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის, იმერეთის, შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად  13 პირი დააკავეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ბრალდებით.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულნი არიან: 1995 წელს დაბადებული თ.ო., 1997 წელს დაბადებული ლ.შ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.დ., 1958 წელს დაბადებული ზ.ტ., 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. გ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., 1994 წელს დაბადებული ნ.ო., 1980 წელს დაბადებული ზ.თ., 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1968 წელს დაბადებული კ.ბ., 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1970 წელს დაბადებული ი.ბ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ბიზნესმენი 2020 წლის მარტის თვეში „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოტყუებით წაიყვანეს ქ. თბილისში მდებარე წინასწარ ნაქირავებ ბინაში, სადაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ტელეფონის მეშვეობით დაალაპარაკეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზეც, გათავისუფლების სანაცვლოდ, 7500 აშშ დოლარი გამოსძალეს. აგრეთვე, ძალადობითა და სისტემატიური ზეწოლის გზით, 50 000 ამერიკული დოლარის 2 თვის ვადაში გადახდა დააკისრეს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თ.ო.-ს, ლ.შ.-ს და გ.დ.-ს დანაშაულებრივი საქმიანობა კიდევ 2 ეპიზოდში გამოიკვეთა. კერძოდ, 2020 წლის მარტში და აპრილში, აღნიშნული პირები, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყვეს ქურდული გარჩევები და სხვადასხვა მხარეებს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 ძვირადღირებული ავტომანქანა, 16 000 აშშ დოლარი, კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: