მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დამსაქმებელთა ფორუმს უმასპინძლებს

29.02.2020
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დამსაქმებელთა ფორუმს უმასპინძლებს

2020 წლის 2 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები „დამსაქმებელთა ფორუმს“ გახსნიან [ფორუმი 10:00 საათზე, სასტუმრო Sheraton Batumi-ს საკონფერენციო დარბაზში (მე-2 სართული) გაიხსნება].

აკადემია სტუდენტებს ყოველ წელს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში გაერთიანებულ დამსაქმებლებს საკუთარი შესაძლებლობები წარუდგინონ და  მიიღონ მათგან საინტერესო შემოთავაზებები.

გასულ წელს ფორუმის დღესვე 40-მდე სტუდენტი დასაქმდა. აღსანიშნია, რომ  ყოველწლიურად მატულობს დამსაქმებელთა ინტერესი აკადემიის სტუდენტების მიმართ როგორც საზღვაო ინდუსტრიაში, ისე საჯარო ორგანიზაციებში და კერძო სექტორის სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწე კომპანიებში.

2020 წელს ფორუმში მონაწილე დამსაქმებელთა რიცხვი წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და წელს 60-ზე მეტი ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია დაინტერესებულია სტუდენტების წარმატებული კარიერით და ყველა გზით ცდილობს მათ მხარდაჭერას. ამის მაგალითია „დამსაქმებელთა ფორუმი“, რომელიც ბევრ ჩვენ სტუდენტს დასაქმების კარგ შანსს აძლევს“ – აცხადებს აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე.

მისივე თქმით, აკადემია სახელმწიფოს დახმარებით 2020 წლის ყველა კურსდამთავრებულს უზრუნველყოფს სწავლების შემდგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო პრაქტიკით: „2019 წელს დადებული სამმხრივი მემორანდუმის პირველი შედეგი არის, რომ გარანტირებული 5-წლიანი დასაქმების პირობით აკადემიის 16 სტუდენტს კომპანია El Victor-ში საზღვაო პრაქტიკა დაუფინანსდა“.

აკადემია აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ გემთმფლობელ კომპანიებთან და წელს ორი ესტონური საზღვაო-სატრანსპორტო კომპანია Tallink და KIHNU VEETEED საერთო ჯამში 35 სტუდენტს დაასაქმებს.

ფორუმზე ხელი მოეწერება „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა“ და „საქართველოს ეროვნული უნივერისტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც კვლევით და სამეცნიერო საკითხებში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

დამსაქმებლებზე ორიენტირება საშუალებას აძლევს აკადემიას უზრუნველყოფს ბაზარზე ორიენტირებული, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. ფორუმზე პროფესიული მომზადების ცენტრის სტუდენტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული პროგრამების BTEC სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნია, რომ აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრი სამიდან ერთ-ერთი სასწავლებელია საქართველოში, რომელსაც BTEC სერტიფიკატის გაცემის უფლება აქვს, რაც იძლევა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობას.

აკადემიის რექტორი ფორუმის მონაწილეებს 2020 წელს დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ფოთის საზღვაო სასწავლებელთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.