ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გადის თუ არა ავტობანი ბათუმში იმ ნაკვეთზე, სადაც კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს

01.11.2019
გადის თუ არა ავტობანი ბათუმში იმ ნაკვეთზე, სადაც კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს

ბათუმში, კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის ფილიალის მშენებლობა, სვიშევსკის ქუჩის N1-ში მდებარე ნაკვეთზეა დაგეგმილი. სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტების მიხედვით, ამ ნაკვეთზე ბათუმის შემოვლითი გზა [მშენებარე ავტობანი] გადის. ამ ნაკვეთზე უნდა აშენდეს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი შენობაც.

კომაროვის სკოლის მშენებლობაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „დაგისთან“ – 11 399 994 ლარზე.

„ბლექსის“ შენობისთვის კი, რომელსაც ახლა აპროექტებენ, სავარაუდოდ, 10 მილიონი ლარი დაიხარჯება.

სამშენებლო ტერიტორია 70352 კვ/მ-ია, თუმცა, „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ უნდა აშენდეს ამ ნაკვეთზე ორი სასწავლო კომპლექსი, ჩქაროსნული მაგისტრალი და როგორაა ეს არქიტექტურულად გადაწყვეტილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა, ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანია „დაგის“ და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს ახორციელებს.

ტერიტორია [ლურჯი ხაზით შემოსაზღვრული], სადაც კომაროვის სკოლა და კოლეჯი „ბლექსი“ უნდა აშენდეს და რომელსაც ბათუმის შემოვლითი გზა კვეთს [წითელი წყვეტილი ხაზი] / რუკა სატენდერო დოკუმენტებიდან

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზა, პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ნაკვეთთან ახლოს გაივლის. იქვე მოეწყობა საავტომობილო კვანძი, რომელიც ამ ნაკვეთიდან დაახლოებით 170 მეტრით იქნება დაშორებული.

ნაკვეთი [წითელ ხაზში], სადაც კომაროვის სკოლა და კოლეჯი უნდა აშენდეს და ტერიტორია მის მომიჯნავედ, სადაც ბათუმის შემოვლითი გზისა და საავტომობილო კვანძის მშენებლობა მიმდინარეობს / ფოტოს წყარო google

„ბათუმელები“ სააგენტოსგან და მშენებელი კომპანიისგანაც ელოდება პასუხებს, რასაც აქვე მოგაწვდით.

დღეს არსებული გეგმით, კომაროვის სკოლის და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობები 2020 წელში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/228615/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: