სიახლეები

”მე გავაზიარე” – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრების წამების ამსახველ კადრებზე

20.10.2015
”მე გავაზიარე” –  ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრების წამების ამსახველ კადრებზე

ირაკლი ჭეიშვილი

„თქვენ ისეთ განცხადებას აკეთებთ ბატონო ჯაბა, მოსამართლესავით, მე მგონი უკვე გამოძიებაც დაასრულეთ და ხელისუფლება დაადანაშაულეთ“, – უთხრა ჯაბა ბერიძეს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა.

„თქვენ წამოიწყეთ ახლა ეს თემა, თუ ამას ნაციონალური მოძრაობა იყენებდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, როგორც თქვენ ამბობთ, ახლა თქვენ იყენებთ პარტიის რეკლამირებისთვის, ამიტომაც ეს თემა წამოწიეთ. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებდით ამ თემაზე საუბარს“, – განაცხადა ნატალია ზოიძემ, საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან”.  

დისკუსია საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნოდარ დუმბაძემ გააგრძელა:

„ამაზრზენია კადრები, რომელიც გავრცელდა და მე იმ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რომლებიც ითხოვდნენ დამნაშავეების გასამართლებას. უბრალოდ, ძალიან ცუდია, როდესაც „თავისუფალი დემოკრატები“,  ჯაბა ბერიძე აკეთებს ამ განცხადებას. მინდა მას შევახსენო და თქვენ შეგახსენოთ, რომ ამ კადრებით მოხვედით ხელისუფლებაში. თქვენ მოხვედით ცოცხებით ხელისუფლებაში და აპირებთ ცოცხების კადრებით დარჩეთ ხელისუფლებაში. ძალიან ცუდია, რომ ამ კადრებით საქართველოს მოსახლეობის ფსიქიკაზე ზემოქმედებთ და მორალზე სპეკულირებთ, მეოთხე წელია უკვე ხელისუფლებაში ხართ. დაიჭირეთ ბატონო, დამნაშავეები. ზოგიერთი, ვინც კადრებში ჩანდა, დაწინაურებულია და წამყვან თანამდებობაზე მუშაობს, მორალზე ნუ მელაპარაკებით“.

ნოდარ დუმბაძის ამ განცხადებას საკრებულოს „რესპუბლიკელების“ ფრაქციის თავმჯდომარე თემურ ყურაშვილი გამოეხმაურა, რასაც  მისი და საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის დაპირისპირება მოჰყვა.

თემურ ყურაშვილი: „რაც შეეხება უმრავლესობის პოზიციას, მინდა ბატონ ნოდარს მოვახსენო, რომ რესპუბლიკური პარტია იყო პირველი, რომელმაც პოზიცია გამოხატა. თუ ნახეთ თქვენ, დავით ზურაბიშვილის პოზიციაც იყო გამოქვეყნებული და შემდეგ თინა ხიდაშელის პოზიციაც. ასე რომ რესპუბლიკურმა პარტიამ  გამოხატა, რომ არ შეიძლებოდა ამ კადრების ასე გამოტანა. მე ეს კადრები არ მინახავს, ვიცი რაც იქნება შიგნით,არც ნერვები მყოფნის მაგისთვის და არც ფსიქოლოგი ვარ. ეს იყო არასწორი საქციელი, ვინც გააკეთა და მე არ ვიშვერ ხელს ხელისუფლებისაკენ, არა მგონია, რომ ეს ხელისუფლების გაკეთებულია. შეიძლება ვიღაცას უფრო აწყობდა ამის გაკეთება, რომ არეულიყო რაღაც სიტუაციები, ამიტომ დღეს ჩვენ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ.“

ირაკლი ჭეიშვილის პასუხი: „კრიტიკული უნდა ყოფილიყავით მაშინაც, როდესაც ეს კადრები გავრცელდა და როდესაც ხელისუფლებაში მოვდიოდით. ჩემი პოზიციაა ეს მხოლოდ და მხოლოდ და არა პარტიის და არა უმრავლესობის“. 

თემურ ყურაშვილი: „ვერ დაგეთანხმებით, 2012 წელს იყო სხვა ვითარება და ახლა სულ სხვა ვითარებაა, ჩვენ არ მოგვიგია ცოცხებით, ცოცხებით წააგო ნაციონალურმა მოძრაობამ. ის მომენტი დაანახეს და მას შემდეგ სამი წელია ვართ ხელისუფლებში და დღეს კიდევ როცა თანამდებობის პირები ამას აზიარებენ, ცოტა არ იყოს უხერხული მომენტია.“

ირაკლი ჭეიშვილი: „მე გავაზიარე ბატონო თემურ და ეს თქვენი მოსაზრებაა. თქვენ ყოველთვის ფიქრობთ, რომ წყნარად უნდა იყოთ, სხვისი ხელით აკეთოთ საქმე, სხვისი ხელით მოხვიდეთ ხელისუფლებაში, ეს არის ჩემი შეხედულება. მე გავაზიარე ის კადრები.“

თემურ ყურაშვილი: „ვისი სხვისი ხელით ბატონო ირაკლი?“

ირაკლი ჭეიშვილი: „მე ასე ჩავთვალე საჭიროდ და ხვალ რომ კიდევ გამოქვეყნდეს, კიდევ გავაზიარებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენ აპირებთ სხვისი გაკეთებული საქმით მერე საქმის გაკეთებას. ასე ხართ მე რაც ტელევიზორში გიყურებთ, პოლიტიკაში ვარ, გხედავთ და ანალიზს ვაკეთებ.“

საკრებულოს დარბაზიდან თავმჯდომარის ამ სიტყვებს აპლოდისმენტები მოჰყვა. 


ბათუმის საკრებულოს სხდომა

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.