სიახლეები

სექტემბერში გოგოლის ქუჩა ჩაიკეტება – რა ეტაპზეა ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია

27.06.2018
სექტემბერში გოგოლის ქუჩა ჩაიკეტება – რა ეტაპზეა ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია

ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც წყალარინების ახალი სისტემა მოეწყობა აღმაშენებლის, ლეონიძის, შერიფ ხიმშიაშვილის, ფიროსმანის, კობალაძისა და მიმდებარე ქუჩებზე. მერიაში ვერ აზუსტებენ ტენდერის გამოცხადების თარიღს, თუმცა ვარაუდობენ, რომ სამუშაოები ამ ქუჩებზე 2019 წლის იანვრიდან დაიწყება.

ბათუმის მერის მრჩევლის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა დასრულებულია ე.წ. ჭაობის უბანში ჯავახიშვილის ქუჩის ჩათვლით, თითქმის გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე. დასრულებულია ამ უბანში ტესტირებებიც და ინდივიდუალურ დაერთებებს ახალ ქსელზე „ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს.

წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემა მოწყობილია ბონი-გოროდოკის დასახლებაშიც. ბონის დასახლებაში თითქმის დასრულებულია დაერთებები, ხოლო გოროდოკის უბანში მიმდინარეობს ქსელის ტესტირება და პარალელურად დაერთებებიც.

ჯაბა ტუღუშის თქმით, პრიორიტეტია ის ქუჩები, სადაც მერიას გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქვს შესყიდული: „სადაც ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, პირველ რიგში, იქ ხდება დაერთებები, პარალელურად კი სხვა უბნებშიც“.

ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს თამარის დასახლებაში, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს უნდა დასრულდეს. აქ სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემები ერთად კეთდება. აგვისტოს ბოლომდე დასრულდება ტესტირებაც და თამარისა და ბარცხანის დასახლებებში ახალ ქსელზე დაერთებები დაახლოებით ნოემბრის თვიდან დაიწყება მას შემდეგ, რაც აშენდება ბარცხანის სატუმბი სადგური, რომელიც გოგოლის ქუჩით უნდა შეუერთდეს ბაგრატიონის კოლექტორს.

ბათუმის პორტთან მშენებარე ესტაკადის გახსნის შემდეგ მოძრაობა შეიზღუდება მაიაკოვსკის ქუჩაზე – ავტოსადგურიდან გოგოლის ქუჩამდე მონაკვეთში. ივლისის შუა რიცხვებიდან მაიაკოვსკის ქუჩაზე წყლისა და კანალიზაციის სისტემების შეცვლა, ხოლო მოგვიანებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

სექტემბრის თვიდან კი, ერთი თვით გადაიკეტება გოგოლის ქუჩა, სადაც ჩაიდება მილი, რომელიც ბარცხანის სატუმბ სადგურს დააკავშირებს ბაგრატიონის კოლექტორთან.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ჭაობის უბანში კანალიზაციის ახალი სისტემის მოწყობა დასრულებულია, ხოლო თამარის დასახლებაში ახლა კეთდება, „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ გრაფიკის მიხედვით დაერთებები ახალ სისტემაზე თამარისა და ბარცხანის დასახლებაში 2019 წლის თებერვალში დასრულდება, „ჭაობის უბანში“ კი 2019 წლის ბოლოს. კომპანიის ინფორმაციით 2018 წლის ბოლოს დასრულდება დაერთებები ბონი-გოროდოკის დასახლებაში.

რაც შეეხება მახინჯაურს – აქ სასმელი წყლის მილები რეაბილიტირებულია, თუმცა არ არის ახალი საკანალიზაციო სისტემა. მახინჯაურის აბონენტები სასმელი წყლის ახალ სისტემაზე გადავლენ სექტემბრის ბოლოდან, მას შემდეგ რაც მახინჯაურის წყლის რეზერვუარი შევა ექსპლუატაციაში. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოების 70% უკვე დასრულებულია.

ახალი საკანალიზაციო ქსელი მახინჯაურში და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე, ჯაბა ტუღუშის თქმით, დამატებით ფაზაში უნდა მოეწყოს. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KfW] წარმომადგენლებთან დონორობაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია და დეტალებზე საქართველოს მთავრობასთან მიდის კონსულტაციები.

„საუბარია ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურის, ხელვაჩაურის და სხვა შემოერთებულ ტერიტორიებზე ახალი საკანალიზაციო ქსელის მოწყობაზე. ხელვაჩაურში მუნიციპალიტეტის დაფინანსებით კეთდება წყლის სისტემა და გაგრძელდება. კანალიზაციის ქსელს კი ან KfW დააფინანსებს ან სხვა დონორი იქნება მოსაძებნი. წყალარინების სისტემის პროექტი გვაქვს და ამ ეტაპზე მიდის გადახედვა, შესწავლა თუ როგორი გზით წავიდეთ, რა მეთოდი იქნება უფრო რენტაბელური,“ – აცხადებს ჯაბა ტუღუში.

მახინჯაურსა და სხვა შემოერთებულ ტერიტორიებზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობას, უხეში გათვლებით, 50 მილიონამდე ევრო დასჭირდება.

ჯაბა ტუღუშის თქმით, ახალი ქსელით ერთმანეთისგან იმიჯნება საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. მისივე თქმით, დღეს რიგ უბნებში, სადაც საკანალიზაციო სისტემა არ არის რეაბილიტირებული ან მოწყობილია ახალი ქსელი, მაგრამ დაერთებები არ არის დასრულებული, იქ  პარალელურად მუშაობს როგორც ახალი, ისე ძველი საკანალიზაციო სისტემა და როცა მთლიანად ამოქმედდება ახალი ქსელი, ამის შემდეგ ჩაიკეტება ძველი.

მთავარი ფოტო: სამუშაოები ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე/25.06.2018/

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/77580/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/11129/#sthash.hVGat9Xh.dpbs

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: