მთავარი,სიახლეები

ბულვარში ველობილიკი ამ სეზონზე არ შეკეთდება – 1,7 მილიონი ლარი და ტენდერი განმეორებით

25.05.2018
ბულვარში ველობილიკი ამ სეზონზე არ შეკეთდება – 1,7 მილიონი ლარი და ტენდერი განმეორებით

1 763 113 ლარი, ველობილიკის შესაცვლელად, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის იანვარშივე ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე ვერ დაიწყო. ერთი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა – პრეტენდენტ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს. ხელახალი ტენდერი ბულვარმა ახლა გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. სატენდერო თანხა უცვლელია.

ტენდერის პირობის მიხედვით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ველობილიკის რეაბილიტაცია [პანორამული ბორბლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე მონაკვეთში] უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში – 2018 წლის 15 ოქტომბრიდან, 2019 წლის 14 იანვრის ჩათვლით.

ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არსებული ველობილიკი  ამორტიზებულია.

ველობილიკის რეაბილიტაცია ითვალისწინებს სასტუმრო „კემპინგიდან“ „აკვაპარკის“ ბოლომდე არსებული ბეტონის დეკორატიული ფილების აყრას და მის ნაცვლად 12 სმ სისქის პიგმენტური წითელი ფერის ბეტონის საფარის მოწყობას, ველობილიკის სხვა ნაწილები კი უნდა გაიწმინდოს და შეიღებოს.

დაგეგმილია ველობილიკის ორივე მხარის მოპირკეთება ბაზალტის ბორდიურით, ხოლო გასასვლელები ველობილიკსა და პრომინადს შორის მოპირკეთდება ახალი ბეტონის დეკორატიული ფილებით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: