მთავარი,სიახლეები

კომპანია „ალმა“ ადაპტირებულის ნაცვლად ბათუმში არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებს

13.03.2018
კომპანია „ალმა“ ადაპტირებულის ნაცვლად ბათუმში არაადაპტირებულ მოსაცდელებს ამონტაჟებს

ბათუმის მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, შპს „ალმამ“ ბათუმის ქუჩებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. თუმცა უკვე დამონტაჟებული მოსაცდელები მერიისთვის გადაგზავნილ ესკიზზე გამოსახულისგან ბევრად განსხვავდება. როგორც „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, კომპანიამ შეთანხმებულისგან განსხვავებული მოსაცდელების მონტაჟი დაიწყო. კონკრეტულად კი დამონტაჟებულ მოსაცდელებს ღია შესასვლელი არ დაუტოვეს.

საქმე იმაშია, რომ მერიასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად, მოსაცდელს უკანა მხრიდან უნდა ჰქონოდა ღია სივრცე, რაც ეტლით მოსარგებლეს ტროტუარიდან მოსაცდელში შესვლას და იქ კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემდა.

მერიიდან გამოგზავნილი ესკიზი „ბათუმელებმა“  მელიქიშვილის ქუჩაზე უკვე დამონტაჟებულ მოსაცდელს შეადარა, როგორც აღმოჩნდა, მოსაცდელი, რომელსაც კომპანია ამონტაჟებდა, სინამდვილეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის.

ესკიზი

ახალი მოსაცდელი მელიქიშვილის ქუჩაზე
ფოტო: როინ გუნდაძე

მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილებაში განმარტეს, რომ „ახალ მოსაცდელებს უკანა მხრიდან დატოვებული უნდა ჰქონოდა ღია სივრცე იმისთვის, რომ ეტლით მოსარგებლეს კომფორტულად  შეძლებოდა იქ შესვლა და გაჩერება.“

„ბათუმელები“ ამ საკითხზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურს საკითხის გასარკვევად ისევ დაუკავშირდა. მოგვიანებით პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ კომპანია შეთანხმებულისგან განსხვავებულ მოსაცდელებს ამონტაჟებდა. „მერია კომპანიას დაავალდებულებს, რომ გამოასწოროს ხარვეზი“, – გვითხრეს პრსსამსახურში.

ბათუმის მერიის წარმომადგენლის, რეზო ხახვას ინფორმაციით, მოსაცდელების განთავსებისთვის მერიის ბიუჯეტიდან თანხა არ დაიხარჯება, რადგან  ეს ვალდებულება  შპს „ალმას“ საიჯარო ხელშეკრულებით აქვს აღებული:

„მიწის ნაკვეთები აქვს იჯარით აღებული და გვიხდის ფულს, თავისი ხარჯებით განათავსებს მოსაცდელებსაც. შემდეგ კომპანია ათავსებს რეკლამას ამ მოსაცდელებში და ამისგან იღებს ხარჯებს“.

მერიის ინფორმაციით, 50 ადაპტირებული მოსაცდელი გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან, კაჩინსკების ქუჩაზე ქალაქის ტერიტორიაზე გადანაწილდება.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: