„საკონსულოს ვიცე-კონსულმა მითხრა, რომ შეგახვედრებ ართვინის გუბერნატორს სარფშიო, მერე მითხრეს, მერე დაგიკავშირდებითო, მაგრამ არ შემხმიანებიან. წერილობით მივმართეთ საკონსულოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავითარი რეაქცია არ არის“ – ამბობს თემურ აბაშიძე. მისი თქმით, მას არც ის ვიდეომასალა უნახავს, რომელიც მის ოჯახსა და თურქეთის საბაჟოს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს ასახავს. აბაშიძეების ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ვიდეო დაამონტაჟონ და ისე აჩვენონ, თითქმოს ოჯახის წევრების მხრიდან იყო კონფლიქტი.
„ძალიან უხეშად ექცევიან თურქეთის საბაჟოს თანამშრომლები, უბიძგებენ ადამიანებს, პანუჩრებს ურტყამენ, ამას ხშირად შევსწრებივარ“ – ამბობს თამაზ შაინიძე, რომელიც, მისივე თქმით საქართველო-თურქეთის საზღვარზე ხშირად გადადის.
საკონსულოსთან აქციის მონაწილეებმა ტრანსპარანტებიც გაშალეს.

თურქი მებაჟეების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფის ფაქტებზე ხშირად იწერება სოციალურ ქსელებში, თუმცა ქვეყნის საგარეო უწყება არც ბოლო და არც მანამდე მომხდარ ფაქტებს არ გამოხმაურებია. სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ეს საკითხი ანუ მებაჟეებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთობა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური საუბრის თემას სცდება და „ის უფრო ლოკალური პრობლემაა“. იმ მიზეზით, რომ კონსული ადგილზე არ იმყოფება, ფაქტის შეფასებაზე უარი განაცხადეს ბათუმში, თურქეთის საკონსულოში. არსებული მდგომარეობის შესაფასებლად „ბათუმელები“ გასული კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტის წევრს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ანი მიროტაძეს ესაუბრა. [გახსენით ლინკი]


