მთავარი,სიახლეები

ენერგო-პრო ჯორჯიამ მელიქიშვილზე ტროტუარი ამოყარა და აღარ შეაკეთა – მერიის პასუხი

06.12.2017
ენერგო-პრო ჯორჯიამ მელიქიშვილზე ტროტუარი ამოყარა და აღარ შეაკეთა – მერიის პასუხი

მელიქიშვილის ქუჩის ტროტუარზე გავლა შეუძლებელია. მოსკოვის ქუჩიდან ლადო ასათიანის ქუჩამდე ტროტუარზე ფილების და მიწის გროვაა, დგას წყალიც. მოსახლეობის თქმით, ტროტუარზე მილები დაახლოებით სამი კვირის წინ ჩაყარეს, რის შემდეგ ტროტუარი ამოყრილი დატოვეს და აღარავინ გამოჩენილა.

მელიქიშვილის ქუჩაზე ამოყრილი ტროტუარის მიტოვებას ადასტურებენ ბათუმის მერიაში. მერიის ზედამხედველობის სამსახურში გვითხრეს, რომ ელექტროსადენების გასაყვანად ტროტუარი 23 ნოემბერს უნებართვოდ გათხარა „ენერგო-პრო ჯორჯიამ“.

„უნებართვოდ წარმოებული სამუშოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიმართ შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადავაგზავნეთ სასამართლოში. სასამართლოს ეს შემთხვევა ამ დრომდე არ განუხილავს,“ – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ტარიელ გოგიტიძემ.

მერიის წარმომადგენლის განმარტებით, 24 ნოემბერს ადგილზე მივიდა ენერგოკომპანიის წარმომადგენელიც, რომელიც ტროტუარის თავდაპირველ მდგომარეობაში მოყვანას დაჰპირდა. „თუმცა, ამ დაპირების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ტროტუარი ისევ იგივე მდგომარეობაშია,“- დასძენს ტარიელ გოგიტიძე.

თუკი სასამართლო მერიის მიერ დადგენილ სამართალდარღვევას დაადასტურებს, ენერგოკომპანია 1000 ლარით დაჯარიმდება. დაჯარიმებიდან 10 დღეში კი, თუკი ტროტუარს არ მოაწესრიგებენ, მერიას ენერგოკომპანიის 3 ათასი ლარით დაჯარიმების უფლება ექნება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე მაღალი ძაბვის სადენები გაიყვანეს და ეს შეთანხმებული იყო ბათუმის მერიასთან. კომპანიის განმარტებით, სადენების გაყვანა ამ დრომდე გაგრძელდა, მომდევნო სამ დღეში კი, კომპანია ტროტუარს აღადგენს და თავდაპირველ მდგომარეობაში მოიყვანს.

რატომ ითხოვს მერია კომპანიის დაჯარიმებას, თუკი მერიასთან სამუშაოები შეთანხმებული იყო? – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცხელი ხაზის ოპერატორმა გვიპასუხა, რომ ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწოდებდა. მან რომელიმე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირებაზე უარი გვითხრა.

დაზიანებულ მონაკვეთთან მდებარეობს სკოლა, საბავშვო ბაღი და საავადმყოფო. ბავშვებს მარტო და მშობლებთან ერთად, პირდაპირ ქუჩაში, სწრაფად მოძრავი მანქანების რიგებში უწევთ გადაადგილება. შესაბამისად, მათთვის უსაფრთხო გადაადგილების არავითარი გარემო არ არსებობს.

 

 

ტროტუარი მელიქიშვილის ქუჩაზე / 06.12.2017

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: