სიახლეები

სტაჟირება უცხოეთში – შანსი აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

16.04.2015
სტაჟირება უცხოეთში – შანსი აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

 

კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საშუალებას იძლევა სტაჟირება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის წამყვან უნივერსიტეტებში ან  სამეცნიერო-კვლევით და ხელოვნების  ცენტრებში გაიაროთ.

 

„უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამას აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეებს კონკურსის საფუძველზე შეარჩევენ. პროგრამის ბიუჯეტი 15 000 ლარია. მიმდინარე წელს სამ ახალგაზრდა მეცნიერს მიეცემა შანსი სტაჟირება საზღვარგარეთ გაიაროს. სამინისტრო თანადაფინანსების პრინციპით, თითოეულს 5 000 ლარით დააფინანსებს.

 

პროგრამაში მონაწილე მეცნიერები 45 წლამდე ასაკის უნდა იყვნენ. ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების მიზეზს სამინისტროში ასე ხსნიან:

 

„პროგრამის მიზანი გახლავთ ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა. ახალგაზრდა მეცნიერში იგულისხმება სტუდენტი, რომელმაც დაამთავრა მაგისტრის ან დოქტორის საფეხური და სურს სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება, რაც რთული და ხანგრძლივი პროცედურაა, რომლის თანმდევი პროცესია სამეცნიერო სტატიების ბეჭდვა მაღალ რეიტინგულ ჟურნალ-გაზეთებში, სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა და ა.შ. რასაც ადგილობრივი აკადემიური პერსონალი მოკლებულია, თუნდაც მატერიალური კუთხის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას,“ –  ამბობს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასკოლო კლუბების კოორდინატორი ნინო ნაკაშიძე. 

 

კონკურსი ყველა დაინტერესებული პირისთვის ღიაა. აპლიკანტებმა სამინისტროში შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ:  განცხადება,  შევსებული სააპლიკაციო ფორმა, ავტობიოგრაფია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ცნობა რეგისტრაციის ადგილის შესახებ, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი, მაგისტრის დიპლომის ასლი (დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი), ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ/დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ორი სარეკომენდაციო წერილი – რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

 

ასევე პროგრამაში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანი მოწვევა. უცხოეთის მიმღები საგანმანათლებლო დასეწებულების/სამეცნიერო-კვლევითი და ხელოვნების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აპლიკანტს უფლებას აძლევს, აღნიშნულ დაწესებულებაში სტაჟირება გაიაროს.

 

სტაჟირების პროგრამა ორ ეტაპად ხორციელდება. შესაბამისად, აპლიკანტს შეუძლია განაცხადი სხვადასხვა დროს შეიტანოს. პირველი ეტაპის საბუთების მიღება პირველ მაისამდეა, შერჩეული აპლიკანტი სტაჟირებას ივნის-აგვისტოში გაივლის. მეორე ეტაპი პირველ აგვისტომდეა. აპლიკანტებს საშუალება ექნებათ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტაჟირება სექტემბერ-დეკემბერში  გაიარონ.

 

აპლიკანტების შერჩევის დროს ყურადღება მიექცევა აპლიკანტის კვალიფიკაციას, ეროვნულ ან საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას, სამოტივაციო წერილს და პროფესიულ საქმიანობას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.