რეკლამა

მომავლის აკადემია XXI საუკუნის განათლებისთვის

28.02.2016 • 2098
მომავლის აკადემია XXI  საუკუნის განათლებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემია 28 მარტიდან აბიტურიენტთა მიღებას იწყებს

თბილისიდან დილის 5 საათზე გავედით… გვსმენია,  რომ მზის ამოსვლა ამ მხარეში, კავკასიონის მთების ფონზე განსაკუთრებულია. სასწავლო „ქალაქს“  გარიჟრაჟზე, დილის გამამხნევებელი ვარჯიში და იუნკერთა შეძახილები ავსებს. ასეა წლის ნებისმიერ სეზონზე. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ზღურბლს მიღმა ენერგიით, იმედითა და ძალით ივსები და დარჩენის თუ არა, მინიმუმ,  ხშირი სტუმრობის სურვილი გიჩნდება.

თბილისიდან გორამდე 40-50 წუთის სავალია, რეგიონებიდან მისასვლელი გზაც საკმაოდ კომფორტულია. ურბანული სივრციდან მოშორებულ ადგილას, გორის ცენტრსა და ხმაურს მოწყვეტილი სტუდენტური ქალაქი ძალიან ჰგავს მსოფლიოს თანამედროვე უნივერსიტეტების სასწავლო სივრცეებს. ადმინისტრაციული, საცხოვრებელი, სასწავლო, სპორტული კომპლექსითა და სარეკრეაციო ზონებით წარმოდგენილი კორპუსები ვრცელ ტერიტორიას მოიცავს.

ეროვნული თავდაცვის აკადემია სტუდენტთა ახალი ნაკადისთვის ემზადება. 2016-2017 სასწავლო წლისთვის საბუთების მიღება 28 მარტიდან დაიწყება. როგორც წესი, მსურველი ბევრია, თუმცა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სრულუფლებიანი იუნკერი  მხოლოდ 180 გახდება და თითოეული მათგანის სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად დააფინანსებს.

სწავლის სრული დაფინანსების გარდა იუნკერები, რეიტინგის შესაბამისად, სტიპენდიას იღებენ. აკადემიის თითოეული იუნკერი უზრუნველყოფილია პირადი ნოუთბუქით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ფორმითა და კვებით. აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა _ ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთა წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კარი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის ღიაა.

საქართველოში პირველი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი მუდმივად  მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ჯერ კიდევ 2010 წელს აკადემიაში რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც ოფიცერთა განათლების მთელი სისტემა მოიცვა. 2010 წლის 8 დეკემბერს აკადემიამ, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მოიპოვა და „სსიპ _ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“ ეწოდა. დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს. საკუთარი ცხოვრების წესითა და წარმატებული საქმიანობით მაღალგანვითარებული, სამართლებრივი, დემოკრატიული, ზნეობრივი შეგნების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება აკადემიის ძირითადი პრიორიტეტია. ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური და სამხედრო სკოლების ინტეგრირებული პროგრამები, კვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიღების მყარ წინაპირობას ქმნის.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლაში მიიღებიან 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს (ფიზიკური მომზადების ტესტი, სამედიცინო შემოწმება და გასაუბრება) და ერთიან ეროვნულ გამოცდებს (ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა). მნიშვნელოვანია აბიტურიენტთა რეიტინგული  სია, რადგან ეროვნული თავდაცვის აკადემიის ყველა იუნკერი უმაღლეს განათლებას თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით იღებს, შესაბამისად, მაღალი კონკურენციის ფონზე, აკადემიაში მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონდე აბიტურიენტები ხვდებიან.

კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე განთავსებულ აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობისა და განვითარებისთვის. აქ ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექცია და თვითშემოქმედების წრე. იუნკრებს საშუალება აქვთ, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო აქტივობებში, თანამედროვე ინფრასტრუქტურა კი საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. აკადემიაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სამხედრო, აკადემიური და საკითხავი ლიტერატურით (20 000-ზე მეტი წიგნი ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე) მდიდარი ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, საგამოცდო ცენტრი, კალათბურთის, ჭიდაობის, ხელბურთისა და ტრენაჟორების დარბაზები თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლევა.

05:50 წუთზე აკადემიის სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ყველა იუნკერი დილის გამამხნევებელი ვარჯიშისთვის ემზადება…

08:40 წუთზე იუნკერს  უკვე გავლილი აქვს რამდენიმე პროცედურა და ლექციებზე შედის. სადილი, თვითმომზადება, ფიზიკური მომზადება, პირადი საჭიროებისთვის განკუთვნილი დრო, ვახშამი, ტელეფონზე სასაუბრო დრო _ გარიჟრაჟიდან დღის ბოლომდე, ერთმანეთის მონაცვლეობით იუნკერთა დღის რეჟიმს ზედმიწევნით განსაზღვრავს. იციან, რომ წინ დიდი და მრავალფეროვანი დღეა… უამრავი საინტერესო აქტივობით გაჯერებული დღის რეჟიმი იუნკერთა ცხოვრებას საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.

იუნკრებისთვის სასწავლო კვირა პარასკევს სრულდება. შაბათ-კვირას ოჯახებს უბრუნდებიან.  მათთვის კი, ვინც მაღალმთიანი რეგიონიდან არის და  შაბათ-კვირას სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, დასვენების დღეების გატარება აკადემიაშიც საინტერესოდ შეიძლება.  ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი და მრავალი საინტერესო გასართობ-შემეცნებითი სივრცე; ლაზარეთი, დალაქი, მეწაღე და  სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პუნქტი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტურ ქალაქში იუნკრების განკარგულებაშია.

ვახშმის შემდეგ ჩვენი ვიზიტიც სრულდება… ჩვეულ რიტმსა და რეჟიმში  441 იუნკერი, მათ შორის 12 გოგონა, აკადემიის კამპუსში  მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას განაგრძობს.

momavlis akademia

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
 სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

გადაბეჭდვის წესი