მატარებლის დაჯახებით დაღუპული რკინიგზელის ოჯახი სიცოცხლის დაზღვევის თანხას ვერ იღებს

როსტომ მამულაძეს სამი წლის წინ ბათუმში მატარებელმა გადაუარა. მისი სიცოცხლე დაზღვეული იყო, თუმცა როსტომის ოჯახს დაზღვევით გათვალისწინებული თანხა არ მიუღია. სადაზღვევო კომპანიიდან გარდაცვლილის მემკვიდრეებს უთხრეს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როსტომ მამულაძის გარდაცვალება ნამდვილად უბედური შემთხვევა იყო თუ არა. გამოძიება დღემდე გრძელდება.

„18 წელი რკინიგზაში მუშაობდა ჩემი ქმარი, მეისრე იყო,“ – გვიყვება დარიკო გაბროშიძე, რომელსაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. ის პერიოდულად ეცნობა საქმის მასალებს. თვლის, რომ პროკურატურა შეგნებულად აჭიანურებს გამოძიების დასრულებას.

დარიკომ ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენა, რომლის მიხედვითაც 55 წლის როსტომ მამულაძე 2013 წლის 16 აგვისტოს დილით ფხიზელი იყო და მას მნიშვნელოვნად გამოხატული ჯანმრთელობის პრობლემა არ აწუხებდა: „ადრე დილით ლიანდაგებს შორის იდგა თურმე, როცა მოულოდნელად დაეჯახა მატარებელი. ეს მოხდა რკინიგზის დეპოში, პორტთან ახლოს… ოჯახმა ვიცით, ვინც იყო მემანქანე. მასთან მოლაპარაკებაც გვქონდა, რომ ფინანსურად დაგვეხმარებოდა და ჩვენ საჩივარს გამოვითხოვდით. მერე მისმა ადვოკატმა ათქმევინა უარი…“

საქმეში არსებობს თავად რკინიგზის სამსახურის მოკვლევა, რომლის მიხედვითაც როსტომ ბერიძის გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. „გამომძიებელი პაატა ცეცხლაძეა. მეუბნება, ვერ ხერხდება იმის დადგენა, უშუალოდ ვინ არის დამნაშავეო. მთავარ პროკურორთან ვითხოვ შეხვედრას, მაგრამ არ მახვედრებენ,“ – ამბობს დარიკო გაბროშიძე.

გამოძიების დასრულებამდე ოჯახი სიცოცხლის დაზღვევასაც ვერ იღებს. ამის შესახებ დარიკოს სადაზღვეო კომპანია „ირაოში“ უთხრეს, სადაც როსტომ ბერიძის სიცოცხლე, როგორც „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლის, 3 ათასს ლარად იყო დაზღვეული. სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ნებისმიერ შემთხვევაში გარდაცვალების დადგომის დროს ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას. ამ ჩანაწერის პარალელურად, ხელშეკრულებაში „გამონაკლისებიც“ ყოფილა გაწერილი, სადაც ჩამოთვლილია სხვადასხვა შემთხვევა, როცა არ გადაიხდის კომპანია სიცოცხლის დაზღვევით გაწერილ კომპენსაციას.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ხელშეკრულებაში მოცემული სადავო ნორმები სასამართლომ უნდა განიხილოს: „არ შეიძლება ერთი და იგივე ხელშეკრულების ორი ნორმა ერთმანეთს ეწინააღმდეგობოდეს და იყოს ურთერთგამომრიცხავი. მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს – ის შეიძლება იყოს ნორმის განმარტების ერთადერთი წყარო. სასამართლომ უნდა თქვას, რომელ ნორმას მიენიჭოს უპირატესობა… გარდაცვალებიდან უკვე გასულია სამი წელი და იწურება კანონით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ დარეჯან გაბროშიძეს, როგორც მემკვიდრეს, ჯერ კიდევ აქვს დრო მიმართოს სასამართლოს, რადგან ხანდაზმულობის ვადა აითვლება მემკვიდრეს მოწმობის ოფიციალური მიღებიდან, ანუ პირის გარდაცვალებიდან 6 თვეში“.

იურისტი კანონით დაშვებულ გამონაკლისზეც ამახვილებს ყურადღებას. „თვითმკვლელობის შემთხვევაში სიცოცხლის დაზღვევით გათვალისწინებული კომპენსაცია არ გაიცემა. მხოლოდ ამ კუთხითაა დაკონკრეტებული კანონი, დანარჩენი შეთანხმების საგანია,“ – განმარტავს გიორგი ხიმშიაშვილი.

რატომ უფორმებენ ადამიანებს ხელშეკრულებას ურთირგამორციხავი ნორმებით? – კითხვით სადაზღვეო კომპანია „ირაოს“ მივმართეთ. კომპანიის ოპერატორმა გვითხრა, რომ კონკრეტულ შემთხვევაზე დაგვირეკავდა პასუხისმგებელი პირი, თუმცა კვირის ბოლომდე არავინ შეგვხმიანებია. ოპერატორმა სიცოცხლის დაზღვევის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მოგვაწოდა და გვითხრა, რომ სიცოცხლის დაზღვევა მხოლოდ კორპორატიული დაზღვევის შემთხვევაშია შესაძლებელია და პირობები ინდივიდუალურად განიხილება. ასევე სიცოცხლის დაზღვევა არის ჯანმრთელობის დაზღვევის შემადგენელი ნაწილი და ის არ ფორმდება ცალკე.

„პრაქტიკა არის რთული, რადგან 2010 წლიდან გარდაცვალების მოწმობაში აღარ იწერება გარდაცვალების მიზეზი. ადრე ამას წერდა უბნის ექიმი, ან სხვა სამედიცინო პერსონალი, რომელიც შეესწრებოდა გარდაცვალების ფაქტს,“ – გვიყვება სოფო ალექსიძე, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. მისი დაკვირვებით მთავარი პრობლემა მოსახლეობის არაინფორმირებულობაა, რადგან უმრავლესობამ არ იცის, რომ ექსპერტიზა გარდაცვლილის დაკრძალვამდე უნდა ჩატარდეს. ექსპერტიზის დასკვნით უნდა დადგინდეს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, რასაც ყველა სადაზღვეო კომპანია ითხოვს: „თითქმის ყველა სიცოცხლის დაზღვევას ახლავს თავისი პირობა, მაგალითად, ზოგიერთი არ გადაიხდის კომპენსაციას, თუკი პირი გარდაიცვლება ფილტვის კიბოთი, ან სექსუალური გზით გადამდები დაავადებით და ასე შემდეგ. იყო შემთხვევა, როცა მემკვიდრემ მოითხოვა კომპენსაცია დაკრძალვის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, პირმა უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ მოიპოვოს გვამის ექსჰუმაციის უფლება. ექსპერტიზის ჩატარება დამატებით ფინანსურ ხარჯთანაა დაკავშირებული.“

„გარდაცვალების მიზეზის დადგენა სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ღირს 250 ლარი,“ – გვითხრეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აქვე განგვიმარტეს, რომ თითო სპეციალური ექსპერტის დამატების ფასი 85 ლარია. რაც შეეხება გვამის ექსჰუმაციას – ამ შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა მემკვიდრეს მინიმუმ 800 ლარი დაუჯდება: „დანარჩენი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, კონკრეტულ ექსპერტთან უნდა შეათანხმოთ…“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი