კვირის ამბები,მთავარი

45 ოჯახი ავარიულ კორპუსში

03.12.2015 • 3541
45 ოჯახი ავარიულ კორპუსში

ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლს ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილი გამაგრებითი სამუშაოები რომც ჩაუტარდეს, მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. მოსახლეობა სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მერიისგან მათი წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გადაწყვეტილი აქვთ არ მისცენ მერიას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და სახლის მიმდებარედ ბათუმის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის გაგრძელების საშუალება.

„ბათუმის შემოვლითი გზის [ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელება] მშენებლობის სამუშაოებმა უკვე მნიშვნელოვნად დააზიანა საბჭოთა პერიოდში ისედაც უხარისხოდ აშენებული 5-სართულიანი კორპუსი [მაიაკოვსკის ქუჩა №55/24] – მანიშნებლებზე გაჩენილმა ბზარებმა, ასევე კონსტრუქციის რღვევამ კორპუსის ქვედა ნაწილში პრაქტიკულად დაგვანახა, რომ მძიმე სამუშაოებს და ინტენსიურ მოძრაობას 50 წელს გადაცილებული სახლი ვერ გაუძლებს. ეს საფრთხე აღნიშნულია არაერთ საექსპერტო დასკვნაში და მოქალაქეები ამ დრომდე ველოდებით ქალაქის თვითმმართველობიდან შესაბამისი ზომების მიღებას“, – აცხადებენ აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები. ამ ავარიულ სახლში 45 ოჯახი ცხოვრობს.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, მერიის ყურადღების მისაქცევად თავის დროზე გზაც კი გადაკეტეს, თუმცა მათთვის სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს: „გზის მშენებლობა შევაჩერებინეთ, თორემ კიდევ უფრო დაზიანდებოდა სახლი“.

კორპუსს 1977 წელშიც ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა, სახლი დღესაც ავარიულია.

2013 წლის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით – „შენობა ავარიულია, გასამაგრებელია მისი საძირკვლები, მზიდი კედლების რიგი ადგილები, ჩასატარებელია საბათქაშე და სამღებრო სამუშაოები“. ეს დასკვნა სახლის ამხანაგობის დაკვეთით შპს „იკა ჯგუფმა“ მოამზადა.

კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ცენტრის 2014 წლის დასკვნით კი, სხვადასხვა სამუშაოსთან ერთად „აუცილებელია ყველა სართულშუა გადახურვის დონეზე არსებული რკინაბეტონის სარტყლის გაძლიერება და სეისმურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა“. ცენტრმა აღნიშნული კორპუსის მდგრადობის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ბათუმის მერიის მოთხოვნის საფუძველზე ჩაატარა. ამ დროს დადგინდა, რომ „კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მოქმედ სეისმურ ნორმებთან შეუსაბამო“. 

ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა „ბათუმის კორპუსმა“ „დეტალური კვლევა-ძიების ჩატარება და დეტალური გამოკვლევის საფუძველზე გამაგრება გაძლიერებების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე“ ტენდერი 2015 წლის 30 ივლისს გამოაცხადა.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია „სეისმომედეგი პროექტირებისა და ექსპერტიზის ცენტრი“ მონაწილეობდა, რომელთანაც გაფორმდა კიდეც 25-ათასლარიანი ხელშეკრულება.

ბათუმის მერიის ინფორმაცით, „უკვე გაკეთებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც სახლი იქნება გამაგრებული, საცხოვრებლად ვარგისი და ის მიიღებს თავდაპირველ მდგომარეობას“.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გამაგრებითი სამუშაოებისთვის 440 ათასი ლარია გათვალისწინებული. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, მერიის განცხადებით, „ეს გულისხმობს სახლის გამაგრებას, საძირკვლის, რკინა-ბეტონისა და ფასადის გამაგრებას. ასევე საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებას, სადარბაზოებში კიბის გაძლიერებასა და აბსოლუტურად ყველა საჭირო ღონისძიებას“.

საწინააღმდეგოს ამბობენ კორპუსის მცხოვრებლები: „გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი გამაგრებითი სამუშაოების პროექტი ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ გამაგრებას და, შესაბამისად, შემოვლითი გზის დასრულების შემდგომ გზაზე ინტენსიური მოძრაობა კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს შენობის კონსტრუქციას. საფთხის ქვეშ არის ჩვენი უსაფრთხოება და სიცოცხლეც კი. პროექტის თანახმად, არ არის გათვალისწინებული კორპუსის ფასადის სრული გამაგრება: ჩვენგან გაუგებარი მიზეზების გამო, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს მხოლოდ ფასადის სამ მხარეს, წინა მხარეს კი დამატებითი კედლის აშენება არ იგეგმება, ანუ პრაქტიკულად რისკი რისკად დარჩება.

ამასთან, არ იგეგმება სართულშორისი გამაგრება. გვესმის, რომ ეს დაკავშირებულია უშუალოდ მობინადრეთა კუთვნილ საცხოვრებელ ფართობებში ცვლილებების შეტანასთან, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა ოჯახების დროებით გამოსახლებას და მათი მხოლოდ გამაგრების შემდეგ დაბრუნებას. ეს კი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი გაღებაც, როგორც ჩანს, მუნიციპალიტეტს არ უნდა. გვიჩნდება ეჭვი, რომ ქალაქის მერია არასათანადოდ ეპყრობა აღნიშნულ საკითხს. პროექტი მოქალაქეების გვერდის ავლით შედგა და ჩვენი მოთხოვნები არ იქნა გათვალისწინებული“.

მოსახლეობა ამბობს, რომ არ არიან მოწადინებულები ჯიუტად მოითხოვონ  ალტერნატიული ფართობი – „ჩვენთვის მთავარია, კორპუსი გამაგრდეს მყარად, ისე, რომ კიდევ რამდენიმე წელიწადში არ დადგეს მისი დემონტაჟისა და ჩვენი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართობებით დაკმაყოფილების აუცილებლობა“.

როგორც ბათუმის მერიაში გვითხრეს: „სამუშაოებზე პასუხისმგებლია ექსპერტიზის ცენტრი, რომელმაც სამხარაულის დასკვნის საფუძველზე შეადგინა გამაგრებითი სამუშაოები და ის შეესაბამება ნორმებს. მიუხედავად იმისა, რომ შენობა გზის გაყვანის დაწყებამდე იყო დაზიანებული, მერია იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ეს სახლი გამაგრდეს და იქნეს საცხოვრებლად ვარგისი“.

„ბათუმელები“ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაუკავშირდა.

„არსებული პროექტი განხორციელებულია სამშენებლო წესებისა და ნორმების დაცვით და აპრობირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღნიშნული სახლის მდგრადობა შენარჩუნებულ იქნეს. ჩვენ მიერ განხორციელდა არსებული სახლის დეტალური ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, შემუშავებული იქნა ღონისძიებათა ნუსხა, რომელიც ასახულია საპროექტო დოკუმენტაციაში. ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ სახლის მდგრადობას უსაფრთხოება არ შეექმნება არასოდეს. ტექნიკური დავალება რაც იყო დამკვეთის მიერ მოცემული, შევასრულეთ“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „სეისმომედეგი პროექტირების და ექსპერტიზის ცენტრის“ მთავარმა ინჟინერმა ალექსანდრე ბერძენიშვილმა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიის მიერ შესყიდულ პროექტს, ექსპერტიზის მიზნით,  სამხარაულის ბიუროში ახლა თავად წარადგენენ და ვიდრე პასუხს არ მიიღებენ, მერიას არ მისცემენ საშუალებას, გააგრძელოს ახალი გზის მშენებლობა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსახლეობამ ბათუმის მერს და სახალხო დამცველსაც კი მიმართა.

„იმედი გვაქვს, საკითხს უახლოეს დღეებში ჩვენთან ერთად განიხილავთ და დათანხმდებით ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროტესტის ისეთ ფორმას, რომელიც საშუალებას არ მისცემს კომპანიას  კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები ჩაატაროს, შემოვლითი გზის ჩვენი მონაკვეთის მშენებლობის დასრულებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია“, – აღნიშნულია ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვისადმი გაგზავნილ წერილში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: