მთავარი,სიახლეები

ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ

29.09.2017 • 2660
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ახლობლები მთავრობას მიმართავენ

დღეს, 29 სექტემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ლიბიის სამხრეთ სანაპიროზე დაკავებულ ტანკერ Rex 30-ზე მყოფი ქართველი მეზღვაურის რომან კაკალაძის ახლობლები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლებაში დახმარება მოსთხოვეს.

„ჩვენ ვთხოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობას, რომ გააქტიურდნენ და დაეხმარონ ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებაში. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, იმყოფებიან განსაცდელში და სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა.

მათ საკვების და წყლის ფულიც კი არ აქვთ. ჩემს ძმას ვესაუბრე და მთხოვს, რომ ერთ-ერთი პირის ანგარიშზე 50 დოლარი ჩავურიცხო, რომ წყალი იყიდონ,“ – გვეუბნება რომან კაკალაძის და, სალომე კაკალაძე.

ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებული მეზღვაურები ლიბიაში პატიმრობაში იმყოფებიან. „ჩვენთვის უცნობია რას ითხოვენ ისინი მეზღვაურების გათავისუფლების სანაცვლოდ. იქნებ ხელისუფლება ჩაერიოს და გაარკვიოს ვითარება. ჯერჯერობით ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს,“ – აცხადებენ ისინი.

როგორც დაკავებული მეზღვაურის ახლობლები ამბობენ, სამი ქართველი მეზღვაური, მათ შორის კაპიტანი, ტანკერ Rex 30-ზე ეკიპაჟის სხვა  რვა წევრთან ერთად,  აგვისტოში მეკობრეებმა აიყვანეს. მათი ინფორმაციით, ტანკერი ტანზანიის დროშის ქვეშ ცურავდა და ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო საკონსულო სამმართველოს უფროსი, გრიგოლ მაგრაქველიძე „ბათუმელებთან“  საუბარში ამბობს, რომ დაკავებული მეზღვაურების შესახებ მათ ინფორმაცია 13 სექტემბერს მიიღეს.

„ამჟამად ჩვენი მოქალაქეები გადაყვანილი არიან ტაჟურას ციხეში და ბრალი ედებათ კონტრაბანდის მუხლით. საქმეს ლიბიის პროკურატურა იძიებს. მოსამართლემ მათ 30 დღით გაუგრძელა წინასწარი პატიმრობის ვადა.

ლიბიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს განთავსებული, რაც გარკვეულწილად სირთულეს წარმოადგენს ამ საკითხთან მიმართებაში. სირთულეს ქმნის საკონსულო დაცვის კუთხითაც და პრობლემას ქმნის ლიბიაში შიდა პოლიტიკური პროცესებიც,“ – გვეუბნება ის.

გრიგოლ მაგრაქველიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ეგვიპტის საელჩოს დახმარებით ცდილობს ჩართვას: „ასევე ვთხოვეთ ლიბიაში უნგრეთის ელჩს დახმარება. რადგან 11-დან 5 მეზღვაური არის თურქეთის მოქალაქე, ჩვენი საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში ჩავრთეთ თურქულ მხარესთანაც, მათთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით. ამ მომენტისთვის განიხილება ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების ოპტიმალური გზების მოძიება“.

 

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ახლობლები დახმარებას ითხოვენ

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურის ახლობლები დახმარებას ითხოვენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: