მთავარი,სიახლეები

მილიონები ბიუჯეტიდან პარლამენტარების კომპანიებს

10.09.2017 • 4307
მილიონები ბიუჯეტიდან პარლამენტარების კომპანიებს

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველი პარტიის წარდგენით ბიზნესმენები პარლამენტში ისევ მოვიდნენ. კომპანიებს კი, რომლებიც პოლიტიკაში მოსვლამდე დააფუძნეს, ახლა მათი ოჯახის წევრები, ძირითადად, მეუღლეები მართავენ. გადეპუტატებული ბიზნესმენები აცდენენ პარლამენტის სხდომებს, მათ საკანონმდებლო ინიციატივების გრაფაში კი წერია – 0. ისინი არც პლენარულ სხდომებზე გამოსულან სიტყვით. ეს დეპუტატები ყოველთვის უჭერენ მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებსაც აკრიტიკებენ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ორგანიზაციები. ამომრჩევლის პროტესტის მიუხედავად, მათ მხარი დაუჭირეს საკუთარი ქალაქებისთვის თვითმმართველის სტატუსის გაუქმებას. პარლამენტში დეპუტატების პასიურობის ფონზე იზრდება მათი კომპანიების შემოსავლები. ისინი სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ მრავალმილიონიან ტენდერებს ინტენსიურად იგებენ.

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

ია ფრანგიშვილის ილუსტრაცია

მინიმუმ 500 ათასი, მაქსიმუმ 15 მილიონი ლარი  – „ბათუმელებმა“ ამ თანხების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატების კუთვნილი კომპანიები სახელმწიფოსგან სხვადასხვა სარგებელს იღებენ.

„სტალინი დიდი პიროვნება იყო. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფაშიზმი დაამარცხა“, – სტალინის ძეგლის გორში განთავსება-არგანთავსების საკითხი იმ გამონაკლისებს შორისაა, რაზეც საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტში გორის მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის მოსაზრება მედიით გაიგო.

მაკრახიძე იმ პარლამენტარებს შორისაა, რომელიც პარლამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პლენარულ სხდომაზე სიტყვით არასდროს გამოსულა, ის არ ყოფილა არც ერთი კანონპროექტის ინიციატორი.

იოსებ მახრაკიძე

იოსებ მახრაკიძე

მაკრახიძემ, როგორც „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, არჩევნებამდე ხალხს თავი კიდევ ერთი განცხადებით დაამახსოვრა. მან ღიად გამოხატა სიმპათია ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ და თქვა, რომ თავად კანდიდატი რომ არ ყოფილიყო, არჩევნებში ხმას ირაკლი ალასანიას მისცემდა.

მაკრახიძის ხმა მის ამომრჩეველს არც მაშინ გაუგია, როცა გორმა პარლამენტის გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დაკარგა. ექსპერტების მოსაზრებით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება არის ნაბიჯი უკან დემოკრატიის გზაზე. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელს, კოტე კანდელაკს რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს საკითხი მიბმულია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რადგან თვითმმართველ ქალაქებში შეიძლება ზოგიერთს გაუჭირდებოდა არჩევნებში გამარჯვება.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების სამთვიანმა პროტესტმა ქალაქ გორში ისე ჩაიარა, რომ საკუთარი აზრი გორის მაჟორიტარ დეპუტატს ერთხელაც არ დაუფიქსირებია. მან დადგენილებას მხარი დაუჭირა.

მაკრახიძე ბრალდებულიც იყო, 2012-2014 წლებში სასამართლომ მას აღკვეთის სახით 10 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. „ფაქტ-მეტრის“ ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებულ 2016 წლის 22 აპრილის სასამართლო განჩინებაში წერია, რომ შპს „იბოლიას“ დირექტორმა იოსებ მაკრახიძემ მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორი მონაცემები შეიტანა და სახელმწიფო თანხის მითვისება სცადა. იმავე დოკუმენტის მიხედვით, იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის სექტემბერში, 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერსა და 2014 წლის მარტში უკანონოდ მიითვისა 79 450 ლარი, რის გამოც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით მას ბრალი წარუდგინეს. ეს გულისხმობს თაღლითობას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას და მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევას.

2016 წლის ივლისში, ამნისტიის შესახებ კანონების გამოყენებით, იოსებ მაკრახიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა და გირაოს თანხა უკან დაუბრუნდა.

იოსებ მაკრახიძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 25 000 ლარი შესწირა. ოთხი წლის შემდეგ ფულადი შენატანით ისევ სახელისუფლებო პარტიის მიმართ გამოხატა სიმპათია და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უკვე „ქართულ ოცნებას“ შესწირა 50 000 ლარი. პარტიამ კი ის გორის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემდეგ კარგად წავიდა იოსებ მაკრახიძის ბიზნესის საქმე. პარლამენტარის კომპანიები აქტიურად იგებენ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ მაღალბიუჯეტიან ტენდერებს.

2016 წლის ოქტომბერში მაკრახიძის კომპანიას – შპს „იბოლიას“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 27 837 655 ლარის ღირებულების სამუშაოები დაუკვეთა. კომპანიამ ხელშეკრულებით გზებზე პერიოდული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების, მათი მოვლა-შენახვისა და კონკრეტულ მონაკვეთებზე განათების დამონტაჟების ვალდებულება აიღო. ამ წელს კომპანიამ სახელმწიფო სტრუქტურებისგან კიდევ 6 192 458 ლარის ღირებულების დაკვეთა მიიღო. 2017 წელს პარლამენტარის კომპანიას, შპს „იბოლიას“ სახელმწიფო სტრუქტურებმა კიდევ ჯამში ექვსი მილიონი ლარის დაკვეთა გაუფორმეს.

მაკრახიძე ექვსი კომპანიის მეწილე და ერთი კომპანიის დირექტორი იყო დეპუტატობამდე.

„ორი მოწვევის პარლამენტარი და ძალიან გამოცდილი, საქმის ერთგული კაცი“, – ასე წარუდგინა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გოჩა ენუქიძე ამომრჩეველს.

დეპუტატ გოჩა ენუქიძის დაფუძნებული შპს „იბერკომპანი“ რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის „ლუკოილის“ სტრატეგიული პარტნიორია საქართველოში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შპს „იბერკომპანის“ სტრატეგიული პარტნიორი „ლუკოილ ჯორჯია“, მაგალითად, 2014-2015 წლებში სახელმწიფოში ყველა დაწესებულებას ამარაგებდა საწვავ „პრემიუმით“. 2014 წელს 27 844 500 ლიტრი საწვავის მიწოდებაზე გაუფორმებია კომპანიას სახელმწიფოსთან ხელშეკრულება (ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 1.54 ლარი), ხოლო 2015 წელს – 37 654 390 ლიტრზე (ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 1.59 ლარი).

კვირიკაშვილი და ენუქიძე

კვირიკაშვილი და ენუქიძე

პოლიტიკური გემოვნება ენუქიძესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ შეეცვალა. ბიზნესმენი ენუქიძე საქართველოს პარლამენტის წევრი 2008 წლიდან გახდა, როგორც ამბროლაურის მაჟორიტარი, ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. ენუქიძე 2012 წელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით გახდა დეპუტატი, მაგრამ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარტია დატოვა და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა.

ამ ეტაპზე ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარია „ქართული ოცნებიდან“.

გოჩა ენუქიძის ორი მოწვევის პარლამენტში მიღებული გამოცდილება ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა. გოჩა ენუქიძე მათ შორისაა, ვინც მხარი დაუჭირა პარლამენტის დადგენილებას, რომლითაც შვიდმა ქალაქმა – თელავმა, მცხეთამ, გორმა, ახალციხემ, ოზურგეთმა, ზუგდიდმა და ამბროლაურმა – თვითმმართველი ერთეულის სტატუსი დაკარგა და სათემო მუნიციპალიტეტებში გაერთიანდა. ორი მოწვევის პარლამენტში მუშაობისას გოჩა ენუქიძე სიტყვით ერთადერთხელ გამოვიდა, მან ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონისთვის“ შექმნის მიზნებზე ისაუბრა, რომლის ხელმძღვანელიც თავად იყო. პარლამენტარმა მოხსენება კოლეგებს ფურცლიდან წაუკითხა.

რეესტრის მონაცემებით, დეპუტატი ენუქიძე მთლიანობაში 115 კომპანიის მფლობელი და პარტნიორია, აქედან თოთხმეტი სახელმწიფო სტრუქტურებიდან იღებს დაკვეთებს.

გოჩა ენუქიძის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ – „კავკასუს მოტორსმა“ 2014 წლიდან დღემდე სატრანსპორტო ხელსაწყოებითა და დამხმარე საშუალებით მომსახურებაზე მაღალბიუჯეტიანი ტენდერი 55-ჯერ მოიგო. ის ამ სფეროს ერთგვარი მონოპოლისტია. ამავე პერიოდში კომპანიამ მილიონ 721 ლარის დაკვეთა მიიღო პირდაპირი წესით.

2013 წლიდან დღემდე კომპანიას, ჯამში, სახელმწიფოსგან 20 მილიონზე მეტი ლარის დაკვეთა აქვს მიღებული. ამ პერიოდში „კავკასუს მოტორსმა“ მაღალბიუჯეტიანი კონტრაქტები გააფორმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის გზების დეპარტამენტთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან, სატყეო სააგენტოსთან. ამ კომპანიამ მიიღო ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ასევე, საქართველოს რკინიგზის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაკვეთები.

შპს „კავკასუს მოტორსი“ გოჩა ენუქიძემ 2011 წელს ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მიხეილ ალხანიშვილთან ერთად დააარსა, ისინი კომპანიის 33-33%-იან წილს იყოფდნენ. ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებაზე გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერებში ხშირად მონაწილეობს და იგებს კიდეც პარლამენტარის დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანია – „კია მოტორს ჯორჯია“. ამ კომპანის 25%-ის მეწილეც მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ტარიელ ხეჩიკაშვილი

ტარიელ ხეჩიკაშვილი

ენუქიძის კიდევ ერთი კომპანია „ვივი“ 2011-2012 წლებში ინტენსიურად იგებდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს. 2011-2012 წლებში სახელმწიფო უწყებებისგან დაკვეთებს ხშირად იღებდა მისი კიდევ ერთი კომპანია „ავტო სტილი“. 2013 წელს ამ კომპანიამ დაკვეთა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, შპს მყარი ნარჩენების კომპანიისგან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აჭარის კულტურის ცენტრისგანაც მიიღო.

საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძეც მათ შორისაა, ვინც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს მან „ნაციონალურ მოძრაობას“ 60 ათასი ლარი შესწირა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი „ოცნების“ ანგარიშზე 55 ათასი ლარი ჩარიცხა.

კიდევ ერთი კომპანია – „ჯი-ემ-პი“ კი პარლამენტარ კახაბერ ოქრიაშვილის ცოლის, ლინა თოფურიძის ფარმაცევტული ბიზნესია. კომპანიამ 2016 წლის ივლისში „ოცნებას“ 120 000 ლარი შესწირა. მანამდე, ცოტა ადრე, 2015 წლის აგვისტოში, კომპანიას საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ პირდაპირი წესით, ანუ ტენდერის გარეშე 116 478 აშშ დოლარის მედიკამენტების მიწოდება დაუკვეთა. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში – 2015 წლის ნოემბერში სააგენტომ მედიკამენტების მიწოდებაზე ტენდერი გამოაცხადა, სადაც ისევ „ჯი-ემ-პიმ“ გაიმარჯვა – სააგენტომ კომპანიას 600 000 ლარზე გაუფორმა ხელშეკრულება. 2013 წელს ამ კომპანიას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 მილიონ 500 000 ლარის მედიკამენტები დაუკვეთა.

პარლამენტარი კახაბერ ოქრიაშვილი და მისი მეუღლე კიდევ რამდენიმე სამედიცინო მიმართულების კომპანიას ფლობენ. მათ ეკუთვნით სადაზღვევო კომპანიები „ალფა“ და „პსპ დაზღვევა“, შპს „ჯითისი ინჯირინინგი“ – პრენატარული დიაგნოსტიკის ცენტრი, სამედიცინო კლინიკა – „მედკაპიტალი“ და „აქსა მედიქალი“. მათ საკუთრებაშია ასევე მედიკამენტების მწარმოებელი საწარმო „პსპ ფარმა“, აფთიაქების ქსელი „პსპ“ და სასწრაფო დახმარების კომპანია „ჯეომედი“.

კახაბერ ოქრიაშვილი სამედიცინო ბიზნესის პარალელურად ლუდსაც აწარმოებს, მას ეკუთვნის შპს „ლინატი“.

კახაბერ ოქრიაშვილი

კახაბერ ოქრიაშვილი

კახაბერ ოქრიაშვილიც სამგზის პარლამენტის წევრია. 2004-2008 წლებში ის საინიციატივო ჯგუფმა, შემდეგ კი ორჯერ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დმანისის მაჟორიტარად წარადგინა.

რეესტრის მონაცემების შესწავლით „ბათუმელებმა“ დაადგინა, რომ კიდევ ერთი პარლამენტარი, სამტრედიის მაჟორიტარი გრიგოლ მიქელაძე, 12 კომპანიის მფლობელია. ის ფლობს შპს „საქრკინიგზა ექსპედიციის“ 40 პროცენტს, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 31 პროცენტს და `ტრანსსერვისის~ 70 პროცენტს. მას ეკუთვნის თბილისში მდებარე ისნის სავაჭრო ცენტრის 51 პროცენტი, ეს ცენტრი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებშიც მონაწილეობს და მათ დამხმარე სამშენებლო მასალებით ამარაგებს, პირდაპირი წესით იღებს სახელმწიფოსგან დაბალბიუჯეტიან დაკვეთებს.

სამტრედიის მაჟორიტარს გრიგოლ მიქელაძეს ეკუთვნის კომპანია – „დავითი“. გარდა ამისა, ის „ნოვოროსისკი მეტალის“ ასივე პროცენტის მფლობელია. მისი კომპანიების ჩამონათვალშია: შპს „ჯი არ ჯი“, „შუა ქალაქი“, „ენ ჯეი ერ ჯი კომპანი“ და „სიტი ემი“.

შპს „ბელლა“ საქართველოს პარლამენტში ისნის (თბილისი) მაჟორიტარის, ირაკლი აბუსერიძის კომპანიაა. კომპანია საკონდიტრო მაღაზიების ქსელს აერთიანებს. სხვათა შორის, ამ კომპანიისგან ყიდულობს სადღესასწაულო ტორტებს იუსტიციის სახლი.

დაბალბიუჯეტიანი დაკვეთა მიუღია პარლამენტის წევრის, კობა კობალაძის კომპანიას შპს „სინერგიასაც“. კობა კობალაძემ 2016 წელს „ოცნებას“ 30 000, ირაკლი აბუსერიძემ კი 40 000 ლარი შესწირა.

საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციით, გრაფაში – „კანონპროექტების რაოდენობა“ ამ მაჟორიტარების გასწვრივ წერია – 0. ისინი სიტყვით პლენარულ სხდომაზე ერთხელაც კი არ გამოსულან.

2016 წლის შემდეგ ბიზნესიდან პარლამენტში კიდევ რამდენიმე ბიზნესმენი წავიდა, ისინი არ მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, ძირითადად, აშენებენ მრავალბინიან კორპუსებს, ფლობენ საბანკო და სხვა ტიპის ბიზნესს. მათ შორისაა „მისო ლიდერკრედიტის“ მფლობელი ისკო დასენი და ივლიანე წულაია, რომელიც ოთხმოცდაათამდე სამშენებლო კომპანიის მეწილეა. ის ფლობს სასტუმროებს თბილისში, სარფსა და ბაკურიანში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ჯერ კიდევ 2013 წელს და შემდეგ 2015 წელს წერდა იმ ტენდენციის შესახებ, როცა საჯარო თანამდებობებზე გავლენიანი ბიზნესმენები ინაცვლებენ.

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის მიხედვით, ამ ტენდენციას არაერთი რისკი უკავშირდება, მათ შორის კორუფცია, რადგან „ბიზნესიდან მოსულ საჯარო მოხელეებს საკუთარი მდგომარეობა იმ კომპანიების სასარგებლოდ შეუძლიათ გამოიყენონ, რომლებშიც თავად აქვთ ინტერესი“.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „პარლამენტის წევრებთან დაკავშირებულმა არაერთმა კომპანიამ მიიღო სარგებელი სახელმწიფოსთან დადებული ძვირადღირებული კონტრაქტების, მათი ინტერესების სასარგებლოდ კანონის შეცვლისა თუ სამართალდამცავების მიერ მათდამი გამოვლენილი ლმობიერების წყალობით“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ „თანამდებობის პირებმა ძველი კავშირები და ინტერესები ახალ სამსახურშიც შეიძლება შეინარჩუნონ და მიკერძოებულად იმოქმედონ პოლიტიკის შემუშავების, რეგულაციების აღსრულებისა თუ ხელშეკრულებების დადების პროცესში. ეს განსაკუთრებით პრობლემურია, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების პირები აღჭურვილნი არიან ბიზნესის იმ სექტორზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილებით, სადაც თავად ეწეოდნენ საქმიანობას. თანამდებობის პირი, რომელიც წარსულში დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა კონკრეტულ კომპანიაში, შეიძლება, თანაუგრძნობდეს აღნიშნული კომპანიისა და მისი სექტორის პოზიციას, რაც გავლენას მოახდენს მის მიერ მარეგულირებელი საქმიანობის შესრულებაზე“.

 

[highlight color=”eg. yellow, blue, red, green”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“[/highlight]

გადაბეჭდვის წესი