მთავარი,სიახლეები

წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე

21.07.2017 • 2014
წინააღმდეგობა მოწმის ჩვენებაში – მერაბ ღოღობერიძის საქმე

ვიდრე სასამართლო დარბაზში მოწმეები შემოვიდოდნენ, ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა სასამართლოს წინა სხდომაზე დაკითხული მოწმის – მერაბ მურმანიძის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევა მოითხოვა. ადვოკატმა იმ მომენტზე გაამახვილა ყურადღება, რაც მოწმემ გამომძიებელსა და მოსამართლეს ამბავი სხვადასხვაგვარად მოუყვა.

მერაბ მურმანიძე „11-12 მარტის აქციაზე“ მასობრივი ძალადობისთვის უკვე გაასამართლეს. მას გუშინ, 20 ივლისს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა პროკურატურამ ერთწლიანი საპატიმრო ვადით.

„შეღავათიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმება პირდაპირ კავშირშია ბრალდების სასარგებლოდ ჩვენების მიცემასთან,“ – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაზე, სადაც მოწმე მერაბ მურმანიძე ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორი მხოლოდ მერაბ ღოღობერიძე იყო. სასამართლო დარბაზში კი მოწმემ თქვა, რომ ორგანიზატორი იყო ირაკლი ჩხვირკიაც.

ირაკლი ჩხვირკიას, მერაბ ღოღობერიძესთან ერთად, 11-12 მარტის აქციის საქმეზე მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.

„გარდა ამისა, მოწმე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ირაკლი ჩხვირკია აქციაზე დილის 5 საათზე მივიდა. სასამართლოში კი განაცხადა, შვიდზე მოვიდაო,“ – დაამატა ადვოკატმა.

„ეს წინააღმდეგობა არსებითი არ არის,“ – თქვა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

„დროა ჩემს საქმეში არსებითი,“ – ჩაილაპარაკა გისოსებიანი ადგილიდან ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. აღნიშნა, რომ სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა შეაფასოს მტკიცებულება.

ამ ეტაპზე მოსამართლე ბრალდების მხარის სხვა მოწმეების ჩვენებებს ისმენს. დღევანდელ პროცესზე სულ 8 მოწმის დაკითხვა იგეგმება. მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას წინააღმდეგ პროკურატურას 240 მოწმე ჰყავს ჯამში წარმოდგენილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: