რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, – ამ პროექტის ფარგლებში ახალი ობიექტების რეგისტრაცია ბათუმში აპრილში დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. 18 მაისის მონაცემებით, წელს პროექტში ჩართვის სურვილი 20-მა ობიექტმა გამოთქვა.

პროექტს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მეორე წელია ახორციელებს. დეპარტამენტი ხარისხის ნიშანს ანიჭებს ტურისტული სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, იქნება ეს სასტუმრო თუ კვების ობიექტი.

ტურისტული ობიექტების შესაფასებლად კრიტერიუმები სამ ნაწილადაა დაყოფილი – აუცილებელი, დამატებითი და სასურველი.

„რეკომენდიებულიას“ პრეტენდენტმა ობიექტმა „აუცილებელი“ კრიტერიუმის ყველა პუნქტი უნდა დააკმაყოფილოს, „დამატებითის“ – 75% და „სასურველის“ – 50%.

კვების ობიექტებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებში შედის ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ უკანასკნელი 12 თვის მანძილზე ჩატარებული შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი, საგანგებო/ავარიული მანიშნებლების არსებობა, საევაკუაციო გეგმა საერთო სივრცეში, უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისი ტექნიკა -გაზქურები/გამწოვები და ა.შ. სურსათის ეროვნულის სააგენტოს მიერ წელიწადში ერთი შემოწმების დადებითი საბუთი, შრომითი ხელშეკრულებები ყველა თანამშრომელთან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სხვა.

რაც შეეხება სასტუმროებს, უსაფრთხოების გამართულ სისტემასთან ერთად აუცილებელი მოთხოვნებია, ჰქონდეთ  წყლის რეზერვუარი სასტუმროს მოცულობის შესაბამისად, შშმ პირებისთვის ინტეგრირებული ინფრასტრუქტურა, ერთ სტუმარზე განკუთვნილი საწოლი, ტანსაცმლის კარადა, მაგიდა და სკამი/სავარძელი, სასტუმროს ვებგვერდი, FACEBOOK გვერდი, საერთაშორისო დაჯავშნის მინიმუმ 3 სისტემაში ჩართულობა და სხვა.

გარდა ამისა, ცალკე პუნქტებადაა „დამატებითი“ და „სასურველი“ ვალდებულებები, რომლებსაც ტურისტული ობიექტები უნდა აკმაყოფილებდეს.

კვებისა და განთავსების ობიექტების სია, ვინც ხარისხის ნიშანი მიიღო, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე: recommend.ge-ზე არის ხელმისაწვდომი.

არტ კაფე „ბათუმის გულის“ მენეჯერი მინდია ბოლქვაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხარისხის ნიშნის მიღება მის კაფეზე დადებითად აისახა. იმავე აზრზეა სასტუმრო „ევრაზიას“ მფლობელი, გია დავითაძე: „ყოველთვის ვზრუნავდით მაღალი სერვისი მიგვეწოდებინა კლიენტებისთვის, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვზრუნავთ იყოს მოწესრიგებული ყველაფერი. ერთგვარი მოტივაციაა ჩვენთვის. ბუქინგზე ჩვენი შეფასება იყო რვამდე და ახლა გვაქვს 8.4 ჩვენთვისაც სტიმულია. კონკურენცია ბათუმში უკვე ძალიან გაიზარდა, სულ ახალი რაღაც შენდება და  ვცდილობთ, უფრო უკეთესები ვიყოთ, ვიდრე ვართ“.

გასულ წელს ხარისხის ნიშნის მისაღებად 106 ტურისტული ობიექტი დარეგისტრირდა, თუმცა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მხოლოდ 62-მა შეძლო. იმ ობიექტების სიას, ვინც სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი არ ასაჯაროებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი