მთავარი,სიახლეები

თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს

16.07.2016 • 5426
თურქეთის კონსული შაჰინის სკოლის დასახურად მთავრობას მიმართავს

“ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან – განცხადება თურქეთის გენერალურმა კონსულმა თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისასა გააკეთა” – ინფორმაციას „ტელეარხი 25“ ავრცელებს.

საუბარია ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობაზე”, რომელიც ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული სკოლაა.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ აჭარაში არის მსგავსი სკოლები, ერთ-ერთია შაჰინის სკოლა-ლიცეუმი, მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ნუ გაუშვებთ ბავშვებს ამ სკოლაში. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციის სკოლები დაიხუროს“ – განაცხადა თურქეთის კონსულმა იასინ თემიზქანმა „ტელეარხი 25“-ის ჟურნალისტთან. ჟურნალისტის განცხადებით, ციტატის თარგმანი კონსულის თარჯიმანს ეკუთვნის.

კონსულის განცხადებით, შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით. ფეტულა გულენს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გუშინდელი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

ყოფილი იმამი ფეტულა გულენი და მისი მრავალმილიონიანი მიმდევრები თურქეთის მთავრობას მანამდეც არაერთხელ დაუდანაშაულებია ხელისუფლების დამხობის მცდელობაში. თავად აშშ–ში დაფუძნებული და გულენთან დაკავშირებული ორგანიზაცია დღევანდელ გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს და გმობს შეიარაღებულ დაპირისპირებას.

ფეტულა გულენი მწერალი და პრეზიდენტ ერდოღანის ყოფილი მოკავშირეა. იგი 2013 წელს ჟურნალმა „თაიმსმა” 100 ყველაზე გავლენიან პირს შორის დაასახელა. გულენი მუდმივად უსვამს ხაზს მეცნიერებისა და განათლების როლს საზოგადოების განვითარებაში, გმობს ტეორიზმს. იგი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა. სკოლაში პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური, მესამე კლასიდან – თურქული, მეხუთე კლასიდან კი – რუსული ენა. შაჰინის სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: