მთავარი,სიახლეები

ქობულეთის გამგებელი: სისულელეა, თითქოს პანსიონში არ უშვებდნენ ვინმეს

05.07.2016 • 1995
ქობულეთის გამგებელი: სისულელეა, თითქოს პანსიონში არ უშვებდნენ ვინმეს

„ვიცოდი, რომ ოჯახებს უნდა ეცხოვრათ ლერმონტოვის 13-ში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ პანსიონი იხსნებოდა. როცა მივედი, მოსახლეობა იქ იდგა. მითხრეს, ხომ ხედავთ, თქვენც მოგატყუეს, ბატონო გამგებელოო,“ – უთხრა მოსამართლეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. მან დღეს ქობულეთის პანსიონის საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცა.

საუბარია 2014 წლის სექტემბერში მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც მუსლიმურ პანსიონთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ბარიკადები მოაწყო და პანსიონის კარზე ღორის თავი მიაჭედა. სასამართლოში „ქართველ მუსლიმთა ერთობის“ ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ, გამგებელს ჰკითხა: „როცა იქ შეხვდით ქრისტიანებს და მოისმინეთ მათი შეხედულებები, შეხვდით თუ არა მუსლიმანებს?“

„ვიცი, საითკენაც მიგყავთ საუბარი… ღორის მიჭედების დროს მე ქალაქში არ ვიმყოფებოდი, – უპასუხა გამგებელმა თამთა მიქელაძეს, – როცა მივედი, ვნახე, რომ ხალხი აპროტესტებდა პანსიონის გახსნას. სისულელეა, თითქოს პანსიონში ვინმეს არ უშვებდნენ, პირიქით, ადგილობრივი მოსახლეობა საჭმელსაც უზიდავდა იმ პირებს, ვინც პანსიონში იყო. რისთვის დავდიოდი აქეთ-იქით ამდენს? ჩემი მიზანი იყო, ორივე მხარე ყოფილიყო კმაყოფილი“.

„პანსიონის გახსნა არღვევდა რომელიმე კანონს?“ – იკითხა ისევ თამთა მიქელაძემ.

„არ ვიცი, გეთქვათ წინასწარ და მოვემზადებოდი, თუ ეს შეკითხვა გქონდათ“, – აღნიშნა გამგებელმა. მან ასევე ვერ დააკონკრეტა, რის გამო ეშლება ხელი დღემდე მუსლიმ მრევლს პანსიონის გახსნაზე. გამგებელმა თქვა, რომ მხარეები და თვითონაც სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება [საქართველოს კანონმდებლობით, რელიგიური პანსიონის გახსნას რომელიმე უწყების ნებართვა არ სჭირდება].

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ სავარაუდო დისკრიმინაციაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც პანსიონში შესვლას უკრძალავდა ადამიანებს, მორალური კომპენსაცია დაეკისრებათ. კომპენსაციის გადახდა დაეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომელსაც სარჩელში ავტორები უმოქმედობასა და დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

„გაუგებარია, რა კავშირი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებას პანსიონის გახსნასთან. მუსლიმ მრევლს ისევ არ აძლევენ ლერმონტოვის 13-ში შესვლის საშუალებას. იქ ამჟამად არაა ბარიკადები, მაგრამ მოსახლეობამ ადგილზე გასულ მოსამართლესაც უთხრა, რომ იქ პანსიონის გახსნის საშუალებას არავის მისცემენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამთა მიქელაძე.

ქობულეთის გამგებელს შეკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმაც დაუსვა: „იყო თუ არა იქ ისეთი შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, რაც საჭიროებდა პოლიციის ჩართვას?“.

„არა, პირიქით, ჩვენ პოლიციას ვთხოვეთ, რომ რაიმე პროვოკაციას რომ არ ჰქონოდა ადგილი, ემორიგევათ შენობასთან“, – განაცხადა სულხან ევგენიძემ.

ამ საქმეში შსს-ს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ უმოქმედებას და პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებობას ედავება.  „ეს არის უმოქმედობის პოლიტიკა განსაკუთრებით მუსლიმი თემის მიმართ. მაინცადამაინც შეხლა-შემოხლას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რომ პოლიცია რეაგირებდეს და დაიცვას ადამიანის უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ავიწროვებდნენ, ამცირებდნენ თავისი რელიგიური მრწამსის გამო, პოლიციელებს სიტყვიერი გაფრთხილებაც არ გამოუყენებიათ“ – თქვა თავის დასკნით სიტყვაში თამთა მიქელაძემ. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2013 წელს, როცა ეს ინციდენტი მოხდა, კიდევ შვიდი კონფლიქტი დაფიქსირდა, რაც რელიგიურ ნიადაგზე მოხდა და არცერთი შემთხვევა დღემდე შსს-ს არ გამოუძიებია: „დღემდე მიმდინარეობს იგივე ქობულეთის პანსიონის საქმის გამოძიება, მაგრამ საქმე დაუსრულებელია. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულები დაკითხეს მას შემდეგ, როცა სასამართლო პროცესი დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს მიდგომა არის დისკრიმინაციული“.

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მთავარი აქცენტი არაადამიანურ მოპყრობაზე გააკეთა, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით მოიაზრებს ადამიანის დამცირებას, საქმიანობის ხელშეშლას, მისთვის ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებას.  „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტის“ შეფასებით, ღორის თავის მიჭედება მუსლიმური პანსიონის კარზე, ყველაზე შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა იყო.

დაცვის მხარემ მაგალითად მოიყვანა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებაც იეჰოვას მოწმეების 2004 წელს თბილისში შევიწროვების შესახებ, სადაც აღინიშნულია რომ „პოლიციამ თავისი უმოქმედობით, საქმის გამოუძიებლობით შექმნა და წაახალისა დაუსჯელობის სინდრომი“.

სასამართლო მორიგ სხდომაზე მოპასუხე მხარის დასკვნით სიტყვებს მოისმენს. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, აგვისტოში გამოიტანს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: