მთავარი,სიახლეები

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

21.03.2016 • 1425
სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოფილი სტუდენტი – მეგი გიორგაძე უსაფუძვლო გამდიდრებაში სდებს ბრალს. მეგიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა მის ოჯახში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ნივთების გაყიდვა აიძულეს. უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს ორი წლის საფასური, 2625 ლარის გადახდა მოუწია, თუმცა მეგის უნივერსიტეტში ორი წელი არ უვლია.

„თუ სტუდენტს უნივერსიტეტში არ უვლია, გადასახადი რისთვის გადაახდევინეთ?“ – ამ შეკითხვით მიმართა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უნივერსიტეტის იურისტს, ლია გაბაიძეს. მან სასამართლოს დაუდასტურა სტუდენტის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მეორე კურსიდან მეგი ლექციებს არ დასწრებია და არც რომელიმე გამოცდაზე გასულა. „მას აქვს საშუალება სწავლას დაუბრუნდეს მეორე კურსიდან“ – უპასუხა მოსამართლეს ლია გაბაიძემ.

„ვიყავი უნივერსიტეტში, მაგრამ სრულყოფილი პასუხი ვერავინ გამცა. ვერც ის გავიგე, რის გამო გადამახდევინეს ფული“ – ამბობს უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი.

მეგი გიორგაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა მეორე კურსიდან, 2008 წელს შეწყვიტა. უნივერსიტეტმა სწავლის ორი წლის საფასურის ამოღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რომელმაც გადაწყვეტილება მეგი გიორგაძის დასწრების გარეშე მიიღო და უნივერსიტეტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

„როგორც აღმოჩნდა, სასამართლოდან უწყისი უცნობ პირს ჩაბარდა. სასამართლო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მეგის ნაცვლად სხვა პირმა მოაწერა ხელი უწყისის მიღებას. სასამართლო გადაწყვეტილება იძულების წესით აღსრულდა“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ გიორგაძემ, სტუდენტის ადვოკატმა. მეგი გიორგაძის თქმით, მას სწავლის შეწყვეტა ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუხდა: „ძმა გარდაიცვალა, მერე მუშაობა დავიწყე და სწავლის გაგრძელება აღარც მიცდია. პირველ კურსზე დავდიოდი უნივერსიტეტში და ამ საფასურის ნაწილი გადახდილი მქონდა“.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. „უნივერსიტეტში მითხრეს, რომ ვერც მეორე კურსიდან შევძლებ სწავლის გაგრძელებას, რადგან სწავლის სისტემა შეიცვალა და კრედიტების რაოდენობა ვერ დაემთხვევა ერთმანეთს“ – უთხრა მოსამართლეს მეგი გიორგაძემ, თუმცა ის მორიგების მცდელობას მაინც დათანხმდა.

რას სთავაზობს თავად სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილ სტუდენტს, უკვე გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ჯერ უცნობია. „ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია“ – უთხრა სასამართლოს უნივერსიტეტის იურისტმა ლია გაბაიძემ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: