მთავარი,სიახლეები

„იაფი სახლის“ კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა-ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა

23.01.2016 • 1370
„იაფი სახლის“ კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა-ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა

ერთით ნაკლები წევრი და ბევრი გაურკვევლობა – ამ შედეგით დასრულდა ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომის დასაწყისშივე თავმჯდომარემ აღნიშნა რომ „კომისიის წევრები შესაცვლელია“, რაც არავის გაუპროტესტებია. უფრო მეტიც სხდომაზე ისხდნენ წევრებიც, რომლებიც ძირითადად ტელეფონით იყვნენ დაკავებულები და მათ განხილვის პროცესში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღიათ.

სხდომის დასასრულს კი მას შემდეგ რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარემ ასლან ჭანიძემ კომისია მისივე თქმით, შესაბამისი კომპეტენციის არქონის მიზეიზთ დატოვა, კომისის თავმჯდომარემ თამაზ თურმანიძემ იგივე გაიმეორა, რომ კომისიის წევრები შესაცვლელია.

„ ჩემი სურვილია, რომ კომისიაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ცოდნა გააჩნიათ ამ მიმართულებით. რადგან აქ უამრავი საკითხია განსახილველი. კომისია არ უნდა იყოს დიდი წევრთა რაოდენობის მიხედვით. ჯობია იყოს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც იქნებიან ექსპერტები ამ საქმისთვის საჭირო მიმართულებებით. რაც შეეხება ჩემს შენიშვნებს ვფიქრობ პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა ოდენობის შემოსავალი უნდა ჰქონდეს ბენეფიციარ ოჯახს. რა იგულისხმება შემოსავალში, ეს ყველაფერი ექსპერტმა უნდა დათვალოს. სოციალურ მხარეზე როცა ვსაუბრობთ უნდა ისაუბრონ ადამიანებმა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და კარგად ერკვევიან ამ სფეროში. “

ე.წ იაფი სახლის კრიტერიუმების დამგენმა კომისიამ დღეს მეორე სხდომა გამართა. კომისიამ კრიტერიუმების შესახებ მერიის მიერ წარდგენილი სამუშაო დოკუმენტის განხილვა გააგრძელა. სხდომაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებზეც კომისიის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა შენიშვნები მოამზადეს. მსჯელობა ძირითადად ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ ჩანაწერს, შემოსავლის და გადასახდელი თანხის ოდენობას, ადაპტირებული გარემოს შექმნას შშმ პირებისთვის და სხვა საკითხებს შეეხო, თუმცა კომისიის წევრები კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერცერთ საკითხთან დაკავშირებით ვერ მივიდნენ.

კეთიშობილური მაგრამ არასწორად დაგეგმილი უწოდა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ორგანიზაციის ანალიტიკოსმა ნათია ზოიძემ.

„ მცდელობა ააშენოს სოციალური სახლი მერიის ერთადერთი კეთილშობილური იდეაა, რაც დასაფასებელია. სხვა ყველაფერი მიმდინარეობს არაკვალიფიციურად. რაზეც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აქტიურად ვსაუბრობდით. დღევანდელი სხდომაც ამას მოწმობს. კომისიაში წარმოდგენილია პროექტი, რომელიც მერიის შესაბამისმა სამსახურმა მოამზადა. ძალიან გაჭირდება ამ პროექტით რაიმეზე შეჯერება, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი არ არი განსაზღვრული. ჩემი აზრით ამ სამსახურს უპირველესად უნდა წარედგინა თანხის ოდენობა თუ რა ოდენობის თანხა უნდა ჰქონდეს ბენეფიციარს შემოსავლის სახით, რა უნდა იყოს მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა. საერთოდ ასეთი ტიპის სახლის აშენება ამ ეტაპზე ჩვენ არ მიგვაჩნდა რელევანტურად. პირველ ეტაპზე შერეული ტიპის სოციალური სახლი უნდა აშენებულიყო, რადგან არასწორია პირველ რიგში დააკმაყოფილო ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ნაქირავებ ბინებში იხდიან გადასახადს და მათი შვილები არიან უსაფრთხო გარემოში და უპასუხოდ დატოვო ოჯახები, რომლებიც არასთანადო გარემოში ცხოვრებენ. ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს დოკუმენტი არის არაკვალიფიციურად შედგენილი.“

სხდომაზე პროგრამის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შეიცვლებიან თუ არა კომისიის წევრები, ეს ახლო მომავალში გამოჩნდება, ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შუამავლობა ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან კომისიის წევრს, მერის მოადგილეს ბაგრატ მანველიძეს სთხოვა.

კიდევ ერთი დეტალი: კომისიიის სხდომას ყველა წევრი არ ესრებოდა. სხდომას არ დასწრებია კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ( მერის მოადგილე) ალექსანდრე მითაიშვილი, მერის მრჩეველი არქიტექტურულ საკითხებში და ამ კომისიის წევრი გიორგი რამიშვილი, არქიტექტურული და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, მერიის საფინანსო – ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე. სხდომას არც საკრებულოს წევრები ლაშა სირაბიძე, თენგიზ აფხაზავა და დიმიტრი დარჩია ესწრებოდნენ, მერის ბრძანების თანახმად ისინი კომისიის წევრები არ არიან, მაგრამ ამავე ბრძანებით „მათ კომისიაში მონაწილეობა ეთხოვათ“.

ე.წ. „იაფი სახლის“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ბინების გადაცემისთვის აუცილებელი პირობებისა და კრიტერიუმების დადგენისთვის კომისიის შექმნის შესახებ ბრძანებას ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა 2015 წლის 6 ივლისს მოაწერა ხელი.
კომისიაში შედიან მერის მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, საკრებულოს წევრები, მთავრობის წარმომადგენლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გადაბეჭდვის წესი