სიახლეები

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის მიმართვა პრემიერს

11.11.2015 • 1879
ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის მიმართვა პრემიერს

 

უნდა გითხრათ, რომ თქვენ დავალებებს არც თქვენი რელიგიური სააგენტო ასრულებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ სრულდება აჭარაში მცხოვრები მუსლიმების თხოვნა –  ქუჩაში რომ აღარ მოუხდეთ ლოცვის შესრულება, საჭიროა ბათუმში მეჩეთის აშენება.

 

ამ ყველაფრის გადმოსაცემად 7 ოქტომბერს ჩვენ, სპეციალური დელეგაცია 10 კაცის შემადგენლობით, თბილისში ჩამოვედით თქვენთან შესახვედრად. ვფიქრობდით, რომ თქვენ იყავით ჩვენი მხარდამჭერი და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ შეძლებდით ჩვენ მიღებას. ორი დღის განმავლობაში ველოდით თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ.

 

რადგან არც თბილისში ჩამოსულებს მოგვისმინა არავინ, ამიტომ იძულებულები ვართ წერილობით მოგაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენი შეხედულებები.

 

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ თქვენ ბობოყვათში 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და ათეულობით საპრეზიდენტო ნაგებობა გადაეცით საპატრიარქოს საკუთრებაში. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის არაერთი ეკლესია-მონასტრის ასაშენებლად გამოყავით აჭარაში მიწის ნაკვეთები, და ეს მაშინ, როცა ჩვენთვის ჭაობის დასახლებაშიც კი არ მოხერხდა მიწის ნაკვეთის გადმოცემა ერთი მეჩეთის ასაშენებლად.

 

გაუგებარია, რატომ გვეუბნებით უარს ამაზე?

 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დაყადაღებულია რამდენიმე სასულიერო პანსიონატი, ხოლო ხიჭაურის უნივერსიტეტი, რომლის მიზანიც აჭარაში მცხოვრებთა გაქრისტიანება არის, უფრო ფართოვდება.

 

სწორედ მთავრობის ეს პოლიტიკა თრგუნავს მუსლიმ მოსახლეობას.

 

თქვენ ამბობთ: „ჩემო ძმებო, ჩვენ განსხვავებული სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ სწორედ ეს განსხვავება და ჩვენი ძმობა არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ამის გარეშე საქართველოს არსებობა წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყანა რელიგიური ტოლერანტობით და შემწყნარებლობით გამორჩეულიაო“. დიახ, ეს თქვენი სიტყვებია, მაგრამ ჩვენ ასე გვგონია, რომ ყველაფერი პირიქით ხდება.

 

რა პასუხი უნდა გავცეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ ბათუმში მეჩეთის აშენებაზე ფულის შეგროვება დავიწყეთ და წარმატებითაც მიდიოდა ეს პროცესი. ბატონმა ბიძინამ სწორედ თქვენ დაგავალათ ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გვინდოდა ბათუმში მეჩეთის ასაშენებელი მიწის ნაკვეთი მოგეყიდათ…

 

მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და ამ საკითხზე დღემდე არაფერი ისმის. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი? თუ ელოდებით, რომ ჩვენ არაკანონიერი გზით დავიწყოთ მოქმედება და მერე მიმართოთ რეპრესიებს, როგორც ადრე ხორციელდებოდა თქვენი წინამორბედის მიერ.

ბატონო პრემიერო, გთხოვთ, გამოგვიყოთ ადგილი ბათუმში მეჩეთის მშენებლობისთვის ან ბოლოს და ბოლოს უარი გვითხრათ, რათა საკითხმა სხვა გარემოებაში გადაინაცვლოს.


ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის სახელით:


გრიგოლ ბოლქვაძე; მიხეილ ჯაყელი; იუსუფ წულუკიძე; იაკობ შაინიძე; ილია კახაძე; მოედინ ზოიძე.


გადაბეჭდვის წესი