მთავარი,სიახლეები

ბათუმის აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის რაოდენობით მეორე ადგილზეა საქართველოში

12.10.2018 • 9548
ბათუმის აეროპორტი მგზავრთა გადაყვანის რაოდენობით მეორე ადგილზეა საქართველოში

წელს, 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 920 771 მგზავრს მოემსახურა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, გასული წლის 9 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადი 22.55%-ით, ხოლო 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 79.71%-ით არის გაზრდილი.

ამ პერიოდში ყველაზე მეტ მგზავრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა – სულ  2 951 218 მგზავრი. ეს მაჩვენებელი 20.94%-ით (510 897 მგზავრით) მეტია გასული წლის იმავე მაჩვენებელთან.

გასული თვეების განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 513 732 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 19.94% ით (85 418 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 38.73%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 450 417 მგზავრი – 125 740 მგზავრით მეტი, ვიდრე 2017 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში.

ჯამში, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 2 618-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო – 18 837, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა -16 689, ხოლო ჩარტერების – 2 148. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.14%-ს შეადგენს.

სააგენტოს ცნობით, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • ავიაკომპანია “Turkish Airlines” – 440 060 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია “Georgian Airways” – 433 805 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია “Wizz Air” – 425 991 მგზავრი 11%;
  • ავიაკომპანია “Ural Airlines” – 219 245 მგზავრი 6%
  • ავიაკომპანია “Fly Dubai” – 203 073 მგზავრი 5%

სააგენტოს ცნობით, 8.18%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელმაც. 2017 წლის ცხრათვიან პერიოდში ერთეული გადაფრენების რაოდენობა იყო 109 032, მიმდინარე წლის 9 თვეში კი საქართველოს საჰაერო სივრცეში 117 949 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.

გადაბეჭდვის წესი