მთავარი,სიახლეები

რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან 

21.09.2018 • 9921
რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან 

2018 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოში იკრძალება ოქსოდეგრადირებადი, ასევე 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. პლასტიკის პარკი ნავთობპროდუქტებისა და ნარჩენი პლასტიკური ნივთიერებების გადამუშავებით მიღებული პროდუქტია, რომლის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.

ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკი, ეს არის პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკი, რომელიც შეიცავს დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას. ასეთი პარკი ბუნებაში ქრება, თუმცა, მას იმდენად აქტიური ქიმიური დანამატები აქვს, რომ გარემოს არანაკლებ საფრთხეს თავად ეს დანამატები უქმნის. საქართველოში კი, ძირითადად, სწორედ ასეთი ერთჯერადი პარკები გამოიყენება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პლასტიკის პარკს მოიხმარს, ხოლო, მაგალითად, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პლასტიკის პარკი, დანიასა და ფინეთში კი მხოლოდ 4.

ცელოფნის პარკები ბათუმის ნაგავსაყრელზე / ფოტო: „ბათუმელები“

რაც შეეხება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების აკრძალვას, ეს არის პლასტიკის [ცელოფნის] ერთჯერადი პარკები, ყოველგვარი დანამატის გარეშე, რასაც ყოველდღიურად აწვდიან მომხმარებელს მარკეტებსა თუ სხვა სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის შეძენისას.

„პირველი ოქტომბრიდან საუბარია პარკის სისქის გაზრდაზე. 15 მიკრონზე ნაკლები სისქის, ეს არის ყველაზე თხელი, სამომხმარებლო პარკები. პროდუქცია [ცელოფნის პარკები] იყიდება წონით, ამიტომ ბითუმად მოვაჭრეები და რეალიზატორები ცდილობენ, შეიძინონ [გაყიდონ] რაც შეიძლება თხელი პარკები, რათა კილოგრამში ცალობით იყოს მეტი და ამით შეუმცირდეთ ხარჯები. ამიტომ ასეთი პარკები ყველაზე მოთხოვნადია და მათი წარმოება-რეალიზაცია აიკრძალა. რაც შეეხება 15 მაკრონზე მეტს, ასეთი პარკები გაცილებით მძიმეა და ითვლება, რომ შედარებით შეგროვებადი და  კონტროლირებადია. თუმცა მომავალი წლიდან ისიც აიკრძალება“, – ამბობს ირაკლი ნემსაძე, რომელსაც ქობულეთში ცელოფნის პარკების საწარმო აქვს.

ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში 2019 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალება. ამ პერიოდიდან საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებული იქნება მხოლოდ სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი – მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულის საფუძველზე წარმოებული პარკია, რომელიც ბიოდეგრადაციასა და კომპოსტირებას ექვემდებარება.

ირაკლი ნემსაძე ამბობს, რომ ცელოფნის პარკი შეგიძლია დაამზადო ჩვეულებრივი პოლიეთილენისგან, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ იშლება და არ ქრება ნიადაგში. ბიოდეგრადირებადი პარკი კი, შეიძლება დამზადდეს ამავე პოლიეთილენზე შესაბამისი ნივთიერებების დამატებით, რაც საბოლოოდ ცელოფნის პარკის ბიოდეგრადირებას, ანუ ბუნებაში გაქრობას იწვევს. ეს ნივთიერებები ამ პროცესს აჩქარებს.

„ბიოდეგრადირებად პარკებს ახლა იშვიათად აწარმოებენ, ვინაიდან დღეს არ არის ამის აუცილებლობა და მოთხოვნა. მაგრამ მომავალი წლის აპრილიდან მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკებია დაშვებული. სხვა ყველა სახის პარკების წარმოება-რეალიზაცია იკრძალება, რაც ცელოფნის პარკების გაძვირებას გამოიწვევს, მინიმუმ სამჯერ, ვიდრე ჩვეულებრივი ცელოფნის პარკები. შედარებისთვის, თუ პოლიეთილენის პარკის გარკვეული რაოდენობა დღეს 4 ლარი ღირს, იმავე რაოდენობის ბიოდეგრადირებადი პროდუქციის ფასი 4,5 ევროა“.

კანონის მოთხოვნაა, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი იქნას შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: წარწერა − „ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი“; ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის მწარმოებელი;  ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკის შემადგენლობა.

ინფორმაცია პარკზე უნდა განთავსდეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში. დაუშვებელია ინფორმაციის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით. პარკზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის  უნდა იყოს ადვილად წასაკითხი და გასაგები. ნიშანდებამ და აღწერილობამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი. პარკზე შეიძლება დატანილ იქნეს სხვა ინფორმაციაც, თუ იგი არ შეამცირებს სავალდებულოდ განსათავსებელი ინფორმაციის აღქმადობას.

რა გავლენას იქონიებს მთავრობის დადგენილება ცელოფნის პარკების მწარმოებელ ბიზნესზე?

„ყველა შემთხვევაში დავზარალდებით ჩვენც და სხვებიც, ვინც ცელოფნის პარკებს აწარმოებს. ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებაზე გადასასვლელად დამატებითი ხარჯი იქნება საჭირო ახალი ტექნიკის შესაძენად [ტექნიკის 50% იქნება შესაცვლელი]; გაძვირდება წარმოებული პროდუქცია, რაც მის რეალიზაციასაც შეამცირებს. თუმცა, ამას მხოლოდ ჩვენი ბიზნესის ჭრილში არ შევხედავთ. არის მცდელობა, რომ ეკოლოგიურად გარემო იქნას დაცული. ბუნებრივია, ეს ჩვენი გარემოცაა და ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესს. მთავარია, კანონი არ იქცეს მხოლოდ რეგულაციად ჩვენთვის და ვიღაცისთვის, რომ ჩამოიშოროს კონკურენტები. მთავარია, ასევე პრაქტიკაში როგორ იქნება დაცული კანონის მოთხოვნა. არასათანადო და არასრულყოფილი კონტროლის შემთხვევაში შესაძლოა დაზარალდეს ადგილობრივი მწარმოებელი, იხეიროს იმპორტიორმა, ან ექსპორტიორმა და არც ეკოლოგიას ეშველოს“, – ამბობს მალხაზ ნემსაძე, რომელსაც თავის საწარმოში 15 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მისივე თქმით, ამ ბიზნესისთვის პრობლემა იქნება ისიც, თუ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, პროდუქცია იმდენად გაძვირდება, რომ ის მუყაოს პარკების კონკურენციას ვერ გაუძლებს: „ჯერჯერობით, ამის ზუსტი გათვლა შეუძლებელია“.

პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:

[checklist]

  • პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
  • პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
  • პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

[/checklist]

პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება.


საქართველოში ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაცია დაწყებულია. გარემოს დაცვის სამინისტრო პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლების ინიციატივით 2015 წელს გამოვიდა და რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შეუერთდა კიდეც კამპანიას, ეს პროცესი ამ დრომდე ნებაყოფლობითი იყო.

 

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა / „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: