III-IV კლასებში ახალი საგნის სწავლება იწყება

21 აგვისტოს საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, ხელი მოაწერა ბრძანებას საგნის – „მე და საზოგადოება“ სახელმძღვანელოს გრიფირების შესახებ.

სახელმძღვანელოს ავტორი ნინო ტალახაძეა, გამომცემელი – „გამომცემლობა სიდი – ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი“.

საგანი „მე და საზოგადოება“ სავალდებულოა და იგი ორი წლის განმავლობაში, III-IV კლასებში ისწავლება. 2018 წლის ივლისში შემუშავებულ საგნობრივ ბადეში საგანი უკვე შეტანილია. იგი დაწყებითი კლასის პედაგოგმა უნდა ასწავლოს.

„საგნის სწავლება მიზნად ისახავს, მოსწავლეს დაეხმაროს საკუთარი თავის პიროვნებად აღქმაში; განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი; ასწავლოს პირისპირ შეხედოს დაბრკოლებებს და იპოვოს საკუთარ თავში მათი გადალახვის ძალა; ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში; ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახისა და თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; გააცნობიერებინოს, რომ სამშობლოს სიყვარული თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება; შესძინოს საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ; გამოუმუშავოს გარემოში ადეკვატურად და ზნეობრივად მოქმედების უნარი; საკუთარი ქვეყნის მაგალითების საფუძველზე გამოუმუშავოს ასაკთან შესაბამისი წარმოდგენა ადამიანების, მოვლენების, კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ,“ – აღნიშნულია საგნის სწავლების სტანდარტში.

საგნის – „მე და საზოგადოება“ – საჯარო სკოლებში სწავლების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ 2015 წელს გაავრცელა. ინფორმაციას ახალი საგნის სწავლების შესახებ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, საპატრიარქომ „მე და საზოგადოების“ სტანდარტზე არაერთი განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას აცნობა, რომ ტექსტიდან მათთვის მიუღებელი ტერმინები ამოიღეს.

რეალურად, პირვანდელმა ვერსიამ მართლაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგალითად, ამოიღეს  სიტყვები უმცირესობა, გენდერი, ასევე, თავი – „რისი მწამს და რისი მჯერა“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com