“ლეოგრანდში” ხანძრის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად გაჩენილ ხანძარში ბრალდებულების საქმის განხილვა დაიწყო. დღეს, 16 მაისს, წინასასამართლო სხდომა გაიმართა, რომელსაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი უძღვებოდა.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 2017 წლის 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი 11 ადამიანი დაიღუპა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

ბრალდებულები – თურქეთის მოქალაქე ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე გ.მ. სასტუმროში მენეჯერის პოზიციებზე მუშაობდნენ და როგორც სასამართლოზე ითქვა, სხვა საკითხებთან ერთად სწორედ მათ მოვალეობაში შედიოდა სახანძრო სისტემის კონტროლი.

ფ.ი.-სა და გ.მ.-ს ბრალი წაყენებული აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომაზე ორივე ბრალდებულმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.

პროკურატურამ განაცხადა, რომ ითხოვს პატიმრობის ძალაში დატოვებას, რადგან ორივე ბრალდებული მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა და მათ შესაძლოა გავლენა მოახდინონ მოწმეებზე, ასევე ბრალდებულმა, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, შეიძლება დატოვოს ქვეყანა, ხოლო მეორე ბრალდებულს წარსულში ჰქონდა პრობლემა კანონთან.

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა პროკურატურის არგუმენტებს – მათ მოითხოვეს გირაო პატიმრობის ნაცვლად, 50 ათასი ლარის ოდენობით. მხარის განცხადებით, პროკურატურის არგუმენტი აბსურდულია, რადგან ბრალდებულს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ოჯახი საქართველოში ჰყავს, იგი არაერთხელ გადავიდა თურქეთში და უკან დაბრუნდა. ხოლო წარსულში ნასამართლევ ბრალდებულს, ბრალი გაქარწყლებული აქვს.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაცხადა, რომ არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია ახალი გარემოებები და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 29 მაისს ჩაინიშნა.

 

მთავარ ფოტოზე: სასტუმრო „ლეოგრანდის“ გაბზარული მინა ბათუმის ტრაგედიის სიმბოლო გახდა. ფოტო: ირაკლი მეტრეველი 

______________________

ამავე თემაზე: 

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის ფაქტზე ორი მენეჯერი დააკავეს 

პრემიერი ლეოგრანდის ხანძართან დაკავშირებით: ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირებაა 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com