ჩამოუცურდა თუ არა ყაჩაღს ნიღაბი – მოწმე ჩვენებას ცვლის, გამოძიებას 9-თვიანი ვადა ამოეწურა

ყაჩაღობა, რომლის საქმეზეც დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს, გასული წლის ზაფხულში მოხდა. ბრალდებულ სტეფან გ.-ს 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ხვალ, პირველ მაისს ეწურება. სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კანონის მიხედვით, თუ 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე გამოძიება ბრალს ვერ დაამტკიცებს, პატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

პროკურატურის ვერსიით, ადრე ყაჩაღობაში ნასამართლევმა სტეფან გ.-მ იარაღის მუქარით ბათუმში, გორგილაძის ქუჩის ბოლოში მდებარე ბენზინგასამართი სადგური “რომპეტროლი” დააყაჩაღა. სადგურიდან თავდამსხმელმა 500 ლარი წაიღო.

იარაღი, რომელიც გამოძიებამ ამ საქმეზე ამოიღო, სათამაშო აღმოჩნდა. ის ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან არ ამოუღიათ.

ამ საქმის მთავარი მოწმეები  ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორები იყვნენ. მათ წინასწარ გამოძიებას უთხრეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა, თუმცა რამდენიმე წამით იგი ჩამოუცურდა და მისი სახე დაინახეს. დაზარალებულებმა ამოცნობის დროს სტეფან გ.-ს დაადეს ხელი.

სასამართლო პროცესზე დაზარალებულებმა ჩვენება შეცვალეს და თქვეს, რომ თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა და სახე არ დაუნახავთ.

“ზემდგომ ინსტანციაში ჩვენ გვექნება ამაზე მსჯელობა. გამორკვეული იქნება გარემოება, თუ რამ განაპირობა ჩვენების შეცვლა,” – აღნიშნა დასკვნით სიტყვაში პროკურორმა გიორგი რამიშვილმა.

პროკურორი გიორგი რამიშვილი გასულ პარასკევს ჩანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც მოსამართლე ლევან გელოვანმა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობად შეაფასა. იმავე დღეს, ამ გარემოების გამო, ადვოკატმა რამინ პაპიძემ აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა მოითხოვა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ადვოკატმა მოსამართლეს უთხრა, რომ მომდევნო დღეებში სასამართლო პროცესს ვერ დაესწრებოდა. “ეს არის პატიმრის წამება. ის ქუთაისიდან ჩამოჰყავთ, პროკურორი კი უმიზეზოდ არ მოდის პროცესზე,” – უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს.

დაცვის მხარის პოზიცია მოსამართლემ არ გაიზიარა და თქვა, რომ რადგან საქმეზე ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება, დაცვას სამართლებრივი მხარდაჭერის სამსახურის ადვოკატი განახორციელებს.

“აღარ მოვალ პროცესზე. რა უნდა გაიგოს იმ ადვოკატმა ერთ დღეში, 50 პროცესია გამართული უკვე. ჩემ გარეშე გამოიტანეთ განაჩენი,” – თქვა პარასკევს გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებული აღარ გამოცხადდა.

დღეს, 30 აპრილს, სამართლებრივი მხარდაჭერის სამსახურის იურისტმა, დავით გოგუაძემ, უთხრა მოსამართლეს, რომ ბრალდებულს არ შეხვედრია და მასთან პოზიციის შეჯერების გარეშე დასკვნით სიტყვას ვერ გაახმოვანებდა.

მოსამართლეს ისევ მოუწია სათათბირო ოთახში გასვლა და შესვენების გამოცხადება. შესვენების შემდეგ მოსამართლემ ადვოკატს უთხრა, რომ დასკვნითი სიტყვის თქმა სავალდებულოა.

“ბრალდებულს უნდა მივცეთ საბოლოო სიტყვის თქმის უფლება… გადაწყვეტილებას ხვალ გამოვაცხადებ,” – ამ სიტყვებით დაასრულა დღევანდელი სხდომა მოსამართლე ლევან გელოვანმა.

რის გამო შეცვალეს ჩვენება დაზარალებულებმა, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება? – “ბათუმელებს” პროკურორმა გიორგი რამიშვილმა უთხრა, რომ დაწყებულია გამოძიება ცრუ ჩვენების მიცემის კუთხით. გამოძიება აპირებს შეისწავლოს ბრალდებულს ხომ არ მოუხდენია მოწმეებზე ზემოქმედება.

“გააჩნია რა გამოიკვეთება. შესაძლოა, გამოიკვეთოს დაზარალებულებისთვის ჩვენების შეცვლის იძულება,” – გვითხრა პროკურორმა.

პროკურატურას მოკვლევა სხვა კუთხით, მაგალითად, გამოძიების მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით არ დაუწყია.

ადვოკატებს კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.

“სხვაგვარად შეუძლებელია. გამოძიებამ ყაჩაღობაში ნასამართლევი პირისთვის გადაწყვიტა დანაშაულის დაბრალება, რადგან საქმე ვერ გამოიძია,” – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი