მთავარი,სიახლეები

ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეები ზენითიდან ვერ გააქვთ და სასმელი წყლით რწყავენ [ფოტო]

01.05.2018 • 11521
ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეები ზენითიდან ვერ გააქვთ და სასმელი წყლით რწყავენ [ფოტო]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითიდან ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად 5 მრავალწლოვანი ხეა გამზადებული. აქ სამი ხე ერთი თვის წინ ამოთხარეს. ეს ხეები ვერ გაიტანეს და გზის სივიწროვის გამო, ჯერჯერობით, ვერც გაიტანენ, ამიტომ ადგილზე კუსტარული სარწყავი სისტემა მოაწყვეს და ყოველდღიურად რწყავენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხის გატანას ხელს უშლის გზა, რომელზეც ამ სიმძიმისა და გაბარიტის ტვირთის გატარება შეუძლებელია. ამოთხრილ ხეებს ზენითში იმ სისტემიდან რწყავენ, საიდანაც რამდენიმე სოფელს სასმელი წყალი მიეწოდება. ამოთხრილ ხეებს დარაჯიც ჰყავს.

„გაეკეთებინათ გზა და შემდეგ ამოეთხარათ ხეები… საქმეა ახლა ეს?“ – ამბობენ ზენითში.

ზენითში იმასაც ამბობენ, რომ ამოთხრილ ხეებს ალბათ გზის გაკეთებამდე ადგილზე დატოვებენ, ზაფხულში კი, როცა წყლის დონე სათავეებზე იკლებს, სასმელი წყლის სისტემიდან ხეების მორწყვა ვერ მოხერხდება.

ქობულეთის სოფლებში სასმელი წყლის დეფიციტი უკვე არის. ქობულეთის მერიის ორგანიზაციის „ქობულეთის სოფლის წყლის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი სათავე ნაგებობებში წყლის რაოდენობის შემცირებაა.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ხეები ზენითში კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებიდან ამოიღეს.

„ამბობენ, რომ ხეებს მოგვიანებით გაიტანენ. გზა უშლის ხელს თუ არა, ვერ გეტყვით. არც სხვა დეტალები ვიცი, თუმცა, გზის შეკეთებაზე პროექტი საგზაოს მგონი აქვს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში სულხან გიორგაძემ, ქობულეთის მერის წარმომადგენელმა ზენითში.

ზენითში ამოთხრილი ხეების ოზურგეთის ტერიტორიაზე გადასატანად ფაქტობრივად ერთი მარშრუტი არსებობს: ზენითი-ალამბარი-მუხაესტატე-ცეცხლაური-ხიდი მდინარე ჩოლოქზე – ლაითური [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი].

ზენითი-ალამბრის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს, რომელიც აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებაა, ტენდერი გამოცხადებული აქვს და მიმდინარეობს პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება. ალამბრიდან ზენითის ცენტრამდე აქ 5 კმ გზა უნდა გაკეთდეს, რისთვისაც 1 962 990 ლარია გამოყოფილი.

„გაკეთდება სანიაღვრე არხები, საყრდენი და სხვა ნაგებობები, არის დამეწყრილი ადგილებიც და სადაც საჭიროა გაფართოვდება სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტის საფარი, რომელიც ახლა დაზიანებულია. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, სამი თვე დასჭირდება. თუმცა, გააჩნია ვინ იქნება კონტრაქტორი კომპანია და როგორ იმუშავებს“, – ამბობენ აჭარის სამთავრობო დეპარტამენტში.

მუხაესტატე-ცეცხლაურის საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩაატარებს. ამ გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობენ. სამუშაოების შესრულებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია დეპარტამენტს 1 028 888 ლარად სთავაზობს. გზის ამ მონაკვეთების რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.

ჩოლოქზე ხიდის და დაბა ლაითურამდე გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის კი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გასულ, 2017 წელს, 4 612 500 ლარი დახარჯა. ეს ხიდი ერთ-ერთი იყო იმ სამი ხიდიდან, რომლებიც ასლან აბაშიძის ბრძანებით 2004 წელს ააფეთქეს.

გადასატანად გამზადებული ხეები და გზა სოფელ ზენითში:

მოსახლეობიდან გამოყვანილი რეზინის მილები ამოთხრილი ხის მოსარწყავად /სოფელი ზენითი / 29.04.2018 / „გაზეთ ბათუმელების“ ფოტოები

ზენითი

ზენითი

ზენითი

ზენითი

ზენითი

ზენითი

ზენითი

ზენითი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: