კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში

24.01.2018 • 4181
ნებართვაგაცემული და დაგეგმილი მშენებლობები ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, გორგილაძის ქუჩის 22 და 53 ნომრებს შორის მონაკვეთი, აქ დაგეგმილი ყველა პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სრულიად შეიცვლის სახეს. ამ მონაკვეთში ერთსართულიანი და ორსართულიანი სახლების ნაცვლად რამდენიმე მაღლივი კორპუსის აშენება იგეგმება – ერთი პროექტი მშენებელს უკვე დამტკიცებული აქვს.

გორგილაძის #28-ში შპს „გურმშენი“ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ააშენებს. მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის ახალმა მერმა, ლაშა კომახიძემ გასცა. მშენებლობა ძეგლის დაცვის ზონაშია დაგეგმილი.

გორგილაძის #28-ში ერთსართულიან იტალიურ დასახლებაში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. გვერდით კი, გორგილაძის #32-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდებარეობს.

პროექტი შპს „გურმშენს“ კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოსთან წლების წინ შეუთანხმებია, შემდეგ კი საბჭოს პროექტის შეცვლის მიზნით მიმართა. საბჭომ ცვლილება არ დაამტკიცა.

გორგილაძის #28. ამ ერთსართულიანი სახლის დემონტაჟის ხარჯზე მშენებელი ახალი მრავალბინიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. დაახლოებით რა ფართობზე გეგმავს მშენებელი ამ მჭიდრო მონაკვეთში ახალი კორპუსის აშენებას და რამდენსართულიანია პროექტი? – ეს „ბათუმელებმა“ ვერ გაარკვია.

ბათუმი. გორგილაძის ქუჩა #32 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აშენებულია xix-xx საუკუნის მიჯნაზე. მშენებლობა ამ ძეგლის უკან იგეგმება. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

შპს „გურმშენი“ 2011 წელსაა დაფუძნებული და მას რუსეთის მოქალაქე ზვიად მამულაძე ფლობს. მასთან დაკავშირება ვერ შევძელით.

კერძო საკუთრება გამოსყიდული აქვს და ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს შპს „მინი-77“ გორგილაძის #22-ში. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები დგას. შესაბამისად, მშენებლობის მსურველმა კომპანიამ პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს რამდენჯერმე მიმართა. ჯერ თანხმობა არ მიუღია.

ბათუმი. გორგილაძის #22, სადაც ინვესტორი ორი ათსართულიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. შენობა ძეგლი არ არის. ის ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს. ფოტო: ცაგო კახაბერიძე

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გორგილაძის #22-ში მდებარე 1016 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო ფართობი და შენობა-ნაგებობები – ჯამში 146.11 კვ.მეტრი უკვე კომპანიას ეკუთვნის. რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა ასევე, რომ ფართობების გამოსყიდვის სანაცვლოდ კომპანია ყოფილ მესაკუთრეებს ახალაშენებულ კორპუსში ბინებს დაჰპირდა.

აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, მშენებელს გეგმები აქვს გორგილაძის #24-თან დაკავშირებითაც. მათ ჯერ პროექტების შეთანხმება ვერ შეძლეს ვერც მერიასთან და ვერც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან.

„ბიზნესმენმა გვითხრა, გვერდითა სახლებიდან რომ გამოვყვები, აქამდე ყველაფერს დავანგრევ და ორი ან სამი ახალი სახლის მშენებლობას ერთდროულად დავიწყებო“, – გვითხრა #24-ში მცხოვრებმა თამარ ბაქანიძემ. მისივე თქმით, გორგილაძის #24-ში მდებარე ერთსართულიანი სახლი ორ საუკუნეს ითვლის. თამარი ინვესტორს ელოდება, რადგან ოჯახს ფინანსური პრობლემები აქვს და სახლს ვერ არემონტებენ.

„ინვესტორს შევუთანხმდები, ან ბინა მომცეს მთავრობამ“, – ამბობს თამარი. მისივე თქმით, ამ წინადადებით მან ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართა.

დაახლოებით იგივე განწყობები აქვთ ბათუმში ისტორიულ, დაბალსართულიან სახლებში მცხოვრებლებს, მათი უმეტესობა ელოდება ინვესტორს, რომ საკუთრება დათმოს ახალაშენებულ სახლში გაორმაგებული ფართობის სანაცვლოდ.

გორგილაძის #24
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

გორგილაძის #36-ში, სავარაუდოდ, ძველ სახლზე მანსარდის დაშენებას გეგმავენ. მერმა ნებართვა გასცა რეკონსტრუქციაზე. ამ სახლთან ყველაზე ახლოს ძეგლის სტატუსი აქვს გორგილაძის #31-ს.

ახალი, მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავენ გორგილაძის #51/53-ში. ადგილზე მცხოვრებლების ინფორმაციით, მშენებელი ერთსართულიანი, ნაწილობრივ კრამიტით გადახურული სახლის ათვისებას გეგმავს, სადაც ხუთი ოჯახი ცხოვრობს. აქ მცხოვრებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ინვესტორი მათ გასულ წელს მოელაპარაკა  ახალ ბინაში გაორმაგებული ფართობის სანაცვლოდ საკუთრების დათმობაზე და ისინიც დათანხმდნენ.

შიდა ეზოში არსებული სამსართულიანი სახლის ოთხი მესაკუთრე გვერდით მაღალი სახლის მშენებლობას ეწინააღმდეგება იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი მათ საკუთრებასაც არ აითვისებს: „აქ რაღა აზრი ექნება ცხოვრებას, ჩაგვეკეტება შესასვლელი და ოთახებში სინათლე აღარ შემოვა. ამიტომ თუ ჩვენს სახლსაც არ აითვისებს, გვერდით მშენებელს ჩვენ არ შემოვუშვებთ“.

გორგილაძის 51/53

გორგილაძის 51/53

გორგილაძის 51/53

გადაბეჭდვის წესი