სიახლეები

3,4 მილიონი ლარი დაუგეგმავი „ჰიტ სეზონისთვის“

13.06.2015 • 1623
3,4 მილიონი ლარი დაუგეგმავი „ჰიტ სეზონისთვის“

 

კულტურული ღონისძიებების დაგეგმვასა და მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა მერიის აიპ-ს, „ბათუმის კულტურის ცენტრს“ ევალება. ცენტრის ადმინისტრაციაში 35 თანამშრომელი მუშაობს და ყოველწლიურად მის შენახვაზე 200 ათასი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან. აიპ-ის ხელმძღვანელად ჯონი საბაშვილი უკვე მეორე წელია რაც დაინიშნა. ის გასულ წელს, ტურისტული სეზონის გახსნის წინ დანიშნეს ამ თანამდებობაზე და განმარტებისთვის ითქვა, რომ ფორსმაჟორული სიტუაციის გამო მისთვის „ბევრი არ უნდა მოეთხოვათ“. თუმცა ერთი წლის წინ ფორსმაჟორში დანიშნული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი კულტურულ ღონისძიებებს წელსაც ფორსმაჟორში გეგმავს. 

 

„წლევანდელი წელი ცოტათი განსხვავებული გვინდოდა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ღონისძიებებისთვის საჭირო ბიუჯეტი სეზონის გახსნის წინ დამტკიცდა, მუშაობა ექსტრემალურ ვითარებაში მოგვიწევს“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

 

აიპ-ის დაქვემდებარებაში ექვსი შემოქმედებითი ჯგუფია, რომლის წევრებიც წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ხელფასს (300-400 ლარი) იღებენ. ჯონი საბაშვილისთვის ექსტრემალურ სიტუაციაში დასაყრდენს სწორედ ეს ჯგუფები წარმოადგენენ:

 

„გვინდა, ქუჩის კონცერტები გავმართოთ და ამით გავახალისოთ ხალხი. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ კონცერტები მხოლოდ შაბათ-კვირას, ბულვარში კოლონადებთან გაგვემართა. ეს ქალაქს გამოაცოცხლებს, თანაც ამ დღეებში უფრო მეტი ტურისტი შემოდის ქალაქში. მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნება თუ სხვა დღეებშიც გაიმართება ქუჩის კონცერტები“, –  ამბობს ჯონი საბაშვილი.

 

რამდენი იქნება ქუჩის მუსიკოსების ჰონორარი, პროგრამაში დაზუსტებული არ არის. საორიენტაციო გეგმის მიხედვით, ქუჩის მუსიკოსებისთვის (10 ადამიანზე) 2 240 ლარია გათვალისწინებული, თუმცა ჯონი საბაშვილის თქმით, ბიუჯეტის გეგმა კორექტირებას ექვემდებარება და ეს მოცემული ციფრები დიდი ალბათობით შეიცვლება. „ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს უნდა გაიხსნას. ამ დროისთვის ყველაფერს დავარეგულირებთ“. 

 

როგორც ჯონი საბაშვილი ამბობს, ტურისტულ სეზონს გახსნის და დახურავს „ხარისხიანი DJ, შიგადაშიგ დაუკრავენ სხვა დონის DJ-ებიც“. ამ დროისთვის არც ის ადგილებია დაზუსტებული, სადაც DJ-ებმა უნდა დაუკრან. „სავარაუდოდ, ეს იქნება ზღვის პირას, ბულვარში“, – ამბობს საბაშვილი.

 

საორიენტაციო ბიუჯეტში, იქ, სადაც უცხოელი შემსრულებლებისთვის განკუთვნილი ჰონორარებია მითითებული, ვკითხულობთ: „სეზონის გახსნა – 1 კაცი. საჰონორარო თანხა – 33 350 ლარი“. ადგილობრივ DJ-ისთვის კი 11 500 ლარია გათვალისწინებული.

 

უცხოელი შემსრულებლებისთვის განკუთვნილი ჰონორარი, მთლიანობაში, 1 471 250 ლარს აღწევს. თუმცა, აიპ-ის დირექტორი კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ ჰონორარები ღონისძიების გეგმის კორექტირების მიხედვით შეიცვლება.

 

ყველაზე მეტი თანხა – 140 ათასი, 255 ათასი, 102 ათასი ლარი, გათვალისწინებულია შავი ზღვის მოდის დღეების, თეატრალური კვირეულის და როკისა და ბლუზის დღეებისთვის. ფესტივალის გამართვის დღეები არც ამ შემთხვევაშია  დაზუსტებული. ერთადერთი, რაც ღონისძიებაზე პასუხისმგებელმა პირებმა იციან, არის ის, რომ საზაფხულო თეატრი ერთი თვის განმავლობაში დაკავებულია: „კერძო პირებს აქვთ იჯარით აღებული და კონცერტები გაიმართება“. ამ კონცერტების ორგანიზატორი „ბათუმის კულტურის ცენტრი“ ბუნებრივია არ არის.

 

„ის, რომ ღონისძიებების თარიღები ან კონკრეტული მომღერლების ვინაობა დადგენილი არ არის, ამის მიზეზი ბიუჯეტის დაგვიანებით დამტკიცებაა. საერთაშორისო დონის ფესტივალების დროს მუსიკოსებთან შეთანხმება რამდენიმე თვით ადრე იწყება. სანამ მათ არ წარუდგენ დოკუმენტს, რომ თანხა ნამდვილად არსებობს ჩვენს ანგარიშზე, მანამდე მოლაპარაკებაზე არ მოდიან. ამიტომ, ახლა მოგვიწევს ამ პროცესის ფორსმაჟორში მოგვარება“, – ამბობს ჯონი საბაშვილი.

 

რატომ გამოიყო ღონისძიებებისთვის თანხა არა წლის დასაწყისში, არამედ სეზონის გახსნიდან ათი დღით ადრე? – ჯონი საბაშვილს ამაზე პასუხი არ აქვს: „რაღაც თანხები გამოთავისუფლდაო. მე არ ვეთანხმები ამ მიდგომას და ვფიქრობ, რომ ბიუჯეტი უფრო ადრე უნდა გვქონოდა“.

 

აიპ-ის ვალდებულებაში „ბათუმობის“ დღესასწაულის ორგანიზებაც შედის. ღონისძიების ბიუჯეტი „სეზონი ჰიტ 2015“-სგან განსხვავებით წლის დასაწყისში დამტკიცდა. შექმნილია სპეციალური ათკაციანი კომისიაც, თუმცა „ბათუმობასთან“ დაკავშირებული სიახლეებისა და წინადადებების განხილვა კომისიას ჯერ არ დაუწყია. ბიუჯეტი 150 ათასი ლარითაა განსაზღვრული, რაც ითვალისწინებს ტენდერებსაც.  

 

„ბათუმობაც არ არის ჯერ დაგეგმილი. ტენდერები ალბათ ოცი დღით ადრე გამოცხადდება. თუმცა, მე მაქვს რაღაც იდეები, ჩემი მეგობარი მხატვრები ვამუშავე იდეებზე და რაღაცები გვაქვს მოფიქრებული. პრობლემაა ის, რომ სატენდერო თანხებს გავცდით. ვნახოთ, რა გამოვა“, – ამბობს აიპის ხელმძღვანელი.

 

სპეციალური ათკაციანი კომისია შეიქმნა „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“-სთვისაც, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ხელმძღვანელობს.

 

როგორც ჯონი საბაშვილი ამბობს, სეზონის განმავლობაში დაგეგმილია უკრაინელი და რუსი შემსრულებლების ჩამოყვანაც. თუმცა საბაშვილი არც ერთი მათგანის ვინაობას არ აკონკრეტებს: „ახლა სახელი და გვარები დავასახელო, მაშინ მართლა შევრცხვებით, რადგან შეიძლება შეთანხმება არ შედგეს.“

 

კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცდილობს სეზონი საინტერესო გახადოს და დაზოგოს თანხაც: „ჩვენ ვგეგმავთ როგორც 50-ათასიანი ღირებულების, ასევე 30, 10-ათასიანი და უფრო ნაკლები ღირებულების მომღერლების ჩამოყვანას. მაგრამ შეიძლება გავაკეთოთ თანხის ეკონომია და ჩამოვიყვანოთ არა ერთი 50-ათასლარიანი მომღერალი, არამედ რამდენიმე და უფრო ნაკლებფასიანი. ასე ჩვენც დაგვრჩება თანხა განვითარებისთვის, ტექნიკას ვიყიდით და აღარ მოგვიწევს ყოველთვის სხვისგან ქირაობა“.

 

ჯონი საბაშვილის თქმით, ბათუმს საერთაშორისო დონის ღონისძიების ჩასატარებელი ტექნიკა დღეს არ აქვს: „მერიას აქვს სცენა და გახმოვანება, მაგრამ ბევრი დეტალი აკლია. პიაცაზე და ერას მოედანზე გამართული კონცერტების დროს ეკრანები და ბევრი სხვა დეტალი თბილისიდან იყო ჩამოტანილი.“ 

 

„ბათუმი მეტად უნდა გაიხსნას მსოფლიოსთვის – მეტი უნდა მიიღოს და მეტიც უნდა გასცეს. ვინაიდან კულტურული ტურიზმის როლი მეტად მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის“, – ვკითხულობთ სახელდახელო პროექტში, რის საფუძველზეც საკრებულომ სამ მილიონზე მეტი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან.

 

საორიენტაციო პროექტში ასევე ნათქვამია, რომ „ბათუმი ჰიტ სეზონი 2015“ იქნება „დიდებული ზეიმი“. სწორედ ამ „დიდებული ზეიმის“ დაგეგმვა დაიწყო მერიამ „ექსტრემალურ დროში“, ტურისტული სეზონის გახსნიდან ათ დღეში.

 

 

გადაბეჭდვის წესი