სიახლეები

პროკურატურა: ბრალდებაზე უარს ვაცხადებთ

24.03.2015 • 1653
პროკურატურა:  ბრალდებაზე უარს ვაცხადებთ

 

სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაცვისა და ბრალდების მხარე

 

გასულ პარასკევს, ანუ სწორედ იმ ეტაპზე, როცა ამ საქმის გარშემო ბრალდებასა და დაცვას საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვათ სასამართლოში, პროკურორმა მოსამართლეს აცნობა, რომ ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებით უარს ამბობდა ბრალდებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ შეწყდა. “შესაძლოა ჩაქირიდი მართლაც არის დამნაშავე, მაგრამ საქმეში მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, მან ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული. ასეთ დროს კი კანონით ბრალდებულის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განმარტა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ. მეზღვაური ნიკოლოზ ჩაქირიდი ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკების შეძენა-შენახვა), რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

`გახარებული და გაკვირვებული ვარ, პროკურატურა უახლოვდება დემოკრატიულ სტანდარტებს… მე სასამართლოსგან ნამდვილად ველოდი გამამართლებელ განაჩენს, წინა სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ნათესავმა მითხრა, რომ პროკურორი გაღიმებული დაინახა და მგონი ცუდად არ არის ჩვენი საქმეო… მადლობის მეტი რა გვეთქმის. მე ვმუშაობდი ადრე ძალოვან უწყებებში, დიდი ხანია ვმუშაობ ადვოკატად, ასეთ ფაქტს ბოლო პერიოდში ვერ ვიხსენებ”, – თქვა ადვოკატმა ნუგზარ მგელაძემ. 

 

“მადლობა, რომ დარწმუნდით ჩემს უდანაშაულობაში”, – ეს კი ბრალდებულის სიტყვებია. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ სასამართლო სადამსჯელო ორგანო არ არის და მას კანონი ავალდებულებს, დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა. ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეებს მსგავსი რამ უთხრა: “ალბათ მიხვდა პროკურატურა, რომ მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა, ამიტომაც მიიღო სახელმწიფო ბრალდებამ ეს გადაწყვეტილება”.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა იმ სახლსაც, რომელიც ნიკოლოზ ჩაქირიდის გირაოს სანაცვლოდ იყო დაყადაღებული.

 

ბათუმელი ნიკოლოზ ჩაქირიდი ბოლო შრომითი ხელშეკრულებით კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. სახლში ის 2013 წლის 17 დეკემბერს დაბრუნდა. ბათუმში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთ თვეში (2014 წლის იანვარში) ნათესავი დაუკავშირდა და სთხოვა გამოეტანა ამანათი, რომელიც საბერძნეთიდან იყო გამოგზავნილი. ნიკოლოზმა როგორც კი ამანათი გამოიტანა, ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს: ფუთაში 0,609 გრამი ჰეროინი აღმოჩნდა.
ნიკოლოზის ნათესავი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ გამოცხადდა, როცა გაიგო, რომ ის დააკავეს და თქვა, რომ ფუთა მას გამოუგზავნეს. ამის მიუხედავად, გასულ პარასკევამდე პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ნიკოლოზს მაინც დამნაშავედ მიიჩნევდა.

გადაბეჭდვის წესი