კვირის ამბები

რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას და როგორ ხდება მკურნალობა?

24.08.2015 • 60989
რა იწვევს ჭარბ ოფლიანობას და როგორ ხდება მკურნალობა?

კლინიკა „ჰერა 2011″-ის ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ქირურგი კობა სახეჩიძე აღნიშნავს, რომ ეს პათოლოგია ორი სახის არსებობს: ადგილობრივი – როცა ჭარბი ოფლიანობა ლოკალიზებულია კონკრეტულად ხელისგულების, საზარდულის, ფეხისგულების, იღლიების, მკერდის, სახის ან ზოგადად, თავის არეში და გენერალიზებული ჰიპერჰიდროზი – როცა ჭარბი ოფლიანობა მთელს სხეულზე აღინიშნება.

გენერალიზებული ოფლიანობა ხშირად მეორეული ხასიათისაა, რაც გულისხმობს იმას, რომ იგი სხვა დაავადებითაა გამოწვეული. ჭარბი ოფლიანობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მოხდეს ძირითადი დაავადების დიაგნოსტიკა. სხვა შემთხვევაში ოფლიანობაზე მკურნალობა უშედეგო იქნება.

„თუ ჭარბი ოფლიანობა ლოკალურია (ხელის გულებზე, იღლიებში და ა.შ.) ამ შემთხვევაში დაავადების გამომწვევი სიმპათიკური ნერვული სისტემის არასწორი ფუნქციონირებაა. კერძოდ, სიმპათიკური ნერვული სისტემა ცენტრალურ ნერვულ სისტემას აწვდის არასწორ ინფორმაციას, რის გამოც ცენტრალური ნერვული სისტემა კონკრეტულ ადგილებში იწვევს საოფლე ჯირკვლების გააქტიურებას” – ამბობს კობა სახეჩიძე.

როგორც იგი აღნიშნავს, მეორეული ჰიპერჰიდროზი შესაძლოა განვითარდეს ინფექციების, დიაბეტის, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნური პროცესების, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, კლიმაქტერული პერიოდის, სხვადასხვა სახის სიმსივნისა და ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შედეგად.

  •  ბატონო კობა, როგორ ხდება დიაგნოზირება?

ჰიპერჰიდროზის სამკურნალო ცენტრის შექმნისას ენდოკრინოლოგებთან, ნევროლოგებთან და კანის ექიმებთან ერთად შემუშავდა იმ ანალიზების ნუსხა, რომლებიც იძლევა საშუალებას დადგინდეს, ჭარბი ოფლიანობის კონკრეტული შემთხვევა არის თუ არა გამოწვეული სხვა რომელიმე დაავადებით, ანუ ჰიპერჰიდროზის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე, პირველად თუ მეორეულთან.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჭარბი ოფლიანობა არ არის სხვა დაავადებით გამოწვეული, ისმევა ლოკალური ჰიპერჰიდროზის დიაგნოზი და პაციენტთან ერთად ვირჩევთ მკურნალობის მეთოდს – პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ.

  • როგორ ხდება მკურნალობა?

არსებობს ჭარბი ოფლიანობის მკურნალობის კონსერვატული, მედიკამენტოზური, მცირე ინვაზიური და ოპერაციული მეთოდები. ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის დროს გამოიყენება სპეციალიზირებული დეოდორანტები, რომელთა შეძენა აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძლება. თუმცა, გასათვალისწინებელია მათი სწორად მოხმარების პრინციპები, კერძოდ: სპეციალიზირებული დეოდორანტები შეიცავს ალუმინის ქლორიდს და გამოიყენება ახალდაბანილ, მშრალ კანზე.

დაახლოებით 6-8 საათის შემდეგ აუცილებელია დეოდორანტის ჩამობანა. ასევე, შესაძლოა დეოდორანტმა გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, კერძოდ, ქავილი, სიწითლე და შეშუპება. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

იონტოფორეზი – ეს პროცედურა ძირითადად ხელისა და ფეხის გულების ჭარბი ოფლიანობის (ზოგჯერ შესაძლებელია იღლიების არეშიც) მკურნალობის მიზნით გამოიყენება.

იონიზირებული ხსნარით ზემოქმედებენ კანის ღრმა ფენაზე, რაც აფერხებს ოფლის კანზე გამოყოფას. ეს პროცედურა 2-3 კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, თუმცა შესაძლოა სასურველი შედეგის მისაღწევად ეს პროცესი რამდენიმე თვესაც გაგრძელდეს.

სპეციალური აპარატის შეძენის შემთხვევაში აღნიშნული პროცედურის ჩატარება ოჯახურ პირობებშიც არის შესაძლებელი, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით (განსაკუთრებით ორსულებისთვის).

აღსანიშნავია, რომ სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ეფექტი შეიძლება შენარჩუნდეს 4-6 თვე. შემდგომ უნდა განმეორდეს ზემოთ აღნიშნული პროცედურები.

პერორალური პრეპარატები – ექიმის რეკომენდაციით შეიძლება რამდენიმე სახის მედიკამენტის გამოყენება. ეს პრეპარატები ბლოკავენ საოფლე ჯირკვლების აქტივობას, აფერხებენ მათ მოქმედებას, რის შედეგადაც მცირდება ოფლის გამოყოფა.

ბოტულოტოქსინებით მკურნალობა – საოფლე ჯირკვლების ნერვული დაბოლოებების დროებით დაბლოკვის მიზნით პლასტიკურ ქირურგს ბოტოქსისა და დისპორტის მცირე დოზები შეჰყავს სპეციალური ტესტის ჩატარების შემდეგ. მკურნალობის შედეგი 4-6 თვეს გრძელდება.

შემდგომში პროცედურა ისევ უნდა განმეორდეს, თუმცა არსებობს ჰიპერჰიდროზის სრულად განკურნების მეთოდიც, რომელიც ოპერაციულ ჩარევას გულისხმობს, ეს არის თორაკოსკოპიული სიმპატექტომია. ამ დროს სიმპათიკური ნერვული ღერო იკვეთება ან ხდება მისი კლიპირება (კლიფსის დადება).

ოპერაცია, რომლის დროსაც ორი (საჭიროების შემთხვევაში სამი) 5 მმ ზომის განაკვეთი იღლიის ქვეშ კეთდება, 40-45 წუთის განმავლობაში, ზოგადი ნარკოზის ფონზე მიმდინარეობს. დადებითი შედეგი მიიღება ოპერაციის დამთავრებისთანავე 95-98%-ით. პაციენტი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღით რჩება და სრულ ფიზიკურ აქტივობას უბრუნდება ოპერაციიდან 10 დღეში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: