კვირის ამბები

რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი

27.04.2015 • 3007
რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი

 

 

საქართველოში ბავშვთა გეგმიური იმუნიზაცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, საექიმო ამბულატორიებში, პოლიკლინიკებში, საოჯახო მედიცინის ცენტრებსა თუ სხვა სამედიცინო დაწესებულებებში ტარდება. მარო ჩხაიძის თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ტუბერკულოზის, დიფტერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, B ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B-ს და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ”ბოლო წლებში დაინერგა როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც” – ამბობს ის.

პროგრამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის, თუმცა არსებობს იმავე დანიშნულების მქონე ფასიანი ვაქცინებიც (მაგალითად, სამჯერადი ვაქცინა – Infanrix -ი დიფტერიის, ყივანახველასა და ტეტანუსის პროფილაქტიკისთვის), რომლითაც აცრა სახელმწიფო პროგრამებით არ ფინანსდება და რომლის ერთი დოზაც ბავშვის მშობლებმა აფთიაქში საშუალოდ 110 ლარად უნდა შეიძინონ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამოიყენება მხოლოდ ჯამოს მიერ რეკომენდებული და სერტიფიცირებული ვაქცინები. ”აქედან გამომდინარე, ყველა ვაქცინა, მიუხედავად მწარმოებელი ქვეყნისა და კომპანიისა, ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა” – ამობს მარო ჩხაიძე.

ოჯახის ექიმი ნანა ჩაუჟბა ამბობს, რომ ფასიანი და უფასო ვაქცინაც ერთნაირად ეფექტური და უსაფრთხოა და ხშირად ისეც ხდება, რომ ისინი ერთი კომპანიის მიერ არის წარმოებული. „ერთადერთი სხვაობა მათ შორის არის ის, რომ ფასიან ვაქცინას შედარებით უფრო ნაკლები ტემპერატურული რეაქციები ახასიათებს, თორემ გვერდითი ეფექტები არც ჩვენს ვაქცინებს აქვთ. ისე კი, შესაძლოა ტემპერატურა ორივე სახის ვაქცინაზე ჰქონდეს ბავშვს, ან არც ერთზე” – ამბობს ის.

 

 

მარო ჩხაიძის თქმით, აცრის შემდეგ 1-3 დღის განმავლობაში აცრილი ბავშვის სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 38.50C-მდე მოიმატოს, შეინიშნებოდეს ზოგადი აღგზნებადობა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება და მტკივნეულობა. მისივე თქმით, ეს ორგანიზმის ბუნებრივი რეაქციაა და მის ჯანსაღ იმუნურ სისტემაზე მეტყველებს. ”როცა ორგანიზმში შედის ვაქცინა, მან რაღაც რეაქცია უნდა გამოიწვიოს, ორგანიზმმა უნდა გამოიმუშაოს იმუნიტეტი და ეს პროცესი შეიძლება გამოხატული იყოს სიცხის ან ტკივილის სახით, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი სამი დღის რეაქციებია და იგი ყველა ბავშვში არც ვლინდება” – განმარტავს ნანა ჩაუჟბა – ”გარდა ამისა ვაქცინა, რომელსაც ჩვენ მასიური აცრისას ვიყენებთ, მშობლისთვის არის უფასო, თორემ სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება მისი შესყიდვა, იგი ნამდვილად კარგი ხარისხისაა და საკმაოდ ძვირადღირებულია”.

არსებობს არაგეგმიური (არაკალენდრული) აცრებიც, რომლებიც პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია სეზონურად (მაგალითად, აცრა გრიპზე) ან აცრა იმ დაავადებებზე, რომლის რისკჯგუფშიც იმყოფება ადამიანი. მაგალითად, ექიმის თქმით, სასარგებლოა გოგონების აცრა პაპილომა ვირუსზე, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია და შემდგომში საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მიზეზიც ხდება. ”აცრა პაპილომა ვირუსზე გოგონებმა სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე, პირველ სქესობრივ კონტაქტამდე უნდა გაიკეთონ. გლაქსოს ფირმამ ერთი პერიოდი აჩუქა საქართველოს ეს ვაქცინა, მშობლებს შესთავაზა ორჯერადი ვაქცინაცია უფასოდ, მაგრამ მშობლებმა მაშინ უარი თქვეს ამ აცრაზე და როცა კომპანიამ უკან წაიღო ვაქცინები, მერე გაჩნდა მოთხოვნა მასზე. ეს აცრა სახელმწიფო პროგრამით არ არის გათვალისწინებული” – განმარტავს ნანა ჩაუჟბა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: