კვირის ამბები

სკარლეტი, მელანი, ეშლი და სხვა ქარწაღებულები

11.04.2015 • 5325
სკარლეტი, მელანი, ეშლი და სხვა ქარწაღებულები

 

ვიდრე უშუალოდ რომანზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მიტჩელის დამოკიდებულება მისი შექმნილი პერსონაჟის მიმართ – მწერალი საშინლად ღიზიანდებოდა, როცა მას სკარლეტს ადარებდნენ, უხეში სიტყვებით მოიხსენიებდა და მიიჩნევდა, რომ მისი მორალური პრინციპები სკარლეტისაზე ბევრად უფრო მტკიცე იყო.

 

მარგარეტი მიიჩნევდა, რომ სკარლეტს არ ჰქონდა დადებითი თვისებები და მასთან გაიგივება შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი კარგად აღზრდილი ქალბატონისთვის. მაგრამ, ავტორის სურვილისგან დამოუკიდებლად, სკარლეტ ო’ ჰარა ეროვნულ გმირად იქცა, ამერიკის სიმბოლოდ, პოპკულტურის პოპულარულ პერსონაჟად, მისაბაძ მაგალითად.

 

 

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ომის ხაზი წიგნში იმდენად დიდი ცოდნითაა დაწერილი, რომ საუკეთესო ისტორიის სახელმძღვანელოს მაგივრობას გასწევსო.

 

მარგარეტი წლების განმავლობაში გულმოდგინედ სწავლობდა ომთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ამიტომაცაა, რომ წიგნში საოცრად რეალისტურად, სკრუპულოზურად და საქმის ცოდნითაა აღწერილი კონფედერატებისა და იანკების ომი. თუმცა მიტჩელი ვერ ინარჩუნებს ობიექტურობას და ეს სრულიად დასაშვებია – ეს ხომ მხატვრული ლიტერატურაა. ამ წიგნში მედლის მეორე მხარე – სამხრეთელების პოზიციაა ნაჩვენები და ამ მეორე მხარის გაცნობის შემდეგ ბევრი საინტერესო საკითხი სრულიად სხვაგვარად ჩანს. მაგალითისთვის კუ-კლუკს კლანი გამოდგება, სრულიად მიუღებელი, ცივილიზებულ სამყაროსთან შეუთავსებელი, რასისტული ორგანიზაცია, რომლის შექმნის აუცილებლობას მიჩელი იმით ხსნის, რომ სამხრეთელ მამაკაცებს რამენაირად უნდა დაეცვათ ოჯახები გათავისუფლებული მონების შურისძიებისგან. სასამართლოს მეშვეობით კი ეს გამორიცხული იყო.

 

ომის პარალელურად წიგნი სკარლეტ ო’ჰარას ცხოვრებას ეძღვნება, ქალის, რომლის ცხოვრება საოცრად ტრაგიკული გახადა ეშლის უპასუხო სიყვარულმა. სკარლეტი ხარბი, კეკლუცი, პატივმოყვარე, დაუნდობელი, გაუნათლებელი გოგოა, ზოგჯერ შემაძრწუნებლად ბოროტი და ამორალური, მაგრამ მისი შეჯავრება შეუძლებელია, იმიტომ, რომ საოცრად ნამდვილია. სკარლეტი ყველა ქალშია, ვინც მარტო ეჭიდება პატრიარქალურ სამყაროს, ვინც ცდილობს, თამაშის წესები თვითონ დაადგინოს და არა მამაკაცებმა. აბა, როგორ გაიტანდა თავს სკარლეტი სინაზით და დაუცველობით იმ საზოგადოებაში, სადაც დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ქალმა თუ მათემატიკა იცოდა. სკარლეტიც ადგა და შუბლით დაიწყო კლდის განგრევა.

 

ამიტომაცაა საყვარელი ეს მწვანეთვალება ქალი, ეს ამერიკელი ნატაშა როსტოვა – მას ის გამოსდის, რაზეც ყველა ოცნებობს, მაგრამ ბევრი ვერ ბედავს – საკუთარი წესებით თამაში პატრიარქალურ, ფიზიკური ძალის გამფეტიშებელ საზოგადოებაში.

 

მარი კორინთელი ირაკლი ბაკურიძე

 

 მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

გადაბეჭდვის წესი