კვირის ამბები

განათლების ახალი პროგრამა მასწავლებლობის მსურველთათვის

02.03.2015 • 1770
განათლების ახალი პროგრამა მასწავლებლობის მსურველთათვის

 

 

ქალბატონო სოფიკო, რატომ გახდა საჭირო ახალი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის შემუშავება?

– მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადების ახალი პროგრამის კონცეფციის შემუშავების საჭიროება გამოიწვია რიგმა მიზეზებმა. მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადებამ უნდა უპასუხოს დროის გამოწვევებს. რა გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით? – შეიცვალა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი. ახალი სტანდარტის მოთხოვნებს უნდა უპასუხოს განახლებულმა საუნივერსიტეტო პროგრამებმა. გადამუშავების პროცესშია ეროვნული სასწავლო გეგმა – ანუ იცვლება საგნობრივი სტანდარტები. ბუნებრივია, ეროვნულ სასწავლო გეგმას და მის მოთხოვნებს უნდა დაეყრდნოს განახლებული პროგრამები. განახლებული პროგრამების სწავლის შედეგები კი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის უფროსი მასწავლებლის კომპეტენციებთან.

 

ჩვენი საუნივერსიტეტო პროგრამების ერთ-ერთი სუსტი მხარე იყო ის, რომ არსებულ პროგრამებში ნაკლებად იყო გათვალისწინებული სასკოლო პრაქტიკა. მასწავლებლის მომზადების წარმოდგენილი კონცეფცია ემსახურება ასევე სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას. სასკოლო პრაქტიკა მასწავლებლის მომზადების პროგრამის ფარგლებში მოიაზრება, როგორც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც გამჭოლად გასდევს მთლიან სასწავლო პროცესს. კონცეფციის მიხედვით გათვალისწინებულია ასევე დამოუკიდებელი და ინტენსიური სასკოლო პედაგოგიური პრაქტიკა ე.წ. მაძიებლობა, რომლის მიზანია სათანადოდ მომზადებული, კერძოდ, პრაქტიკაზე ორიენტირებული კადრების შემოსვლა პროფესიაში.

 

ამგვარი პროგრამით მომზადებული ახალგაზრდები სკოლაში მუშაობის დაწყებისას მოიპოვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს, ანუ მეორე კატეგორიას. რადგან კატეგორია ანაზღაურებასთან არის მიბმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ერთგვარი მოტივატორია მასწავლებლის პროფესიაში წარმატებული ახალგაზრდების მოზიდვის.

 

რას გულისხმობს ახალი საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამა?

– ეს კონცეფცია მოიაზრება როგორც ინტეგრირებული აკადემიური საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტის, პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა უნდა დაადასტუროს საგნობრივი, მეთოდური, კვლევითი და პრაქტიკული კომპეტენციები, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მას მიენიჭება განათლების მაგისტრის ხარისხი.

 

იმისათვის, რომ ეს კონცეფცია რეალობად იქცეს, საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა. თუ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები დროულად განხორციელდება და უნივერსიტეტები დროულად მოამზადებენ პროგრამებს, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით პირველი კურსდამთავრებულები გვეყოლება 2021 წლისთვის.

 

შეიცვლება  თუ არა რაიმე იმ სტუდენტებისათვის, ვინც ახლა სწავლობს პედაგოგიურ ფაკულტეტზე?

– ზოგადი განათლების კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მასწავლებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც დამთავრებული აქვთ განათლების მიმართულება. საგნის ბაკალავრი, ან მაგისტრი მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით დაასრულებენ მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელად არსებულ (60-კრედიტიან) პროგრამას.

 

მაშასადამე, პედაგოგიური განათლების მქონე კურსდამთავრებულებს დიპლომის მიხედვით აქვთ მასწავლებლობის უფლება, ხოლო ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის ბაკალავრებისა და მაგისტრებისთვის მასწავლებლობის უფლების მოპოვების გზას წარმოადგენს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა. ამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სერტიფიკატს, რაც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას.

 

რა შედეგს ელოდებით პროგრამისგან?

– განახლებული პროგრამების მიზანია ახალი კადრების მომზადება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და ამით განათლების სისტემაში არსებული როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი საკადრო დეფიციტის შევსება.

გადაბეჭდვის წესი