Batumelebi | ლაკაევის პროცესი – ბრალი დამძიმდა ლაკაევის პროცესი – ბრალი დამძიმდა – Batumelebi
RU | GE  

ლაკაევის პროცესი – ბრალი დამძიმდა

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვლა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და თემურ ბახუნტარაძეს, ფირუზ წულუკიძესა და იუსუფ ლაკაევს ბრალდება დაუმძიმა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო
ბათუმის საქალაქო სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ იუსუფ ლაკაევს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასთან ერთად დაკავებულებს – ფირუზ წულუკიძეს 2 წლით პატიმრობა, ხოლო თემურ ბახუნტარაძეს 2 წლითა და 3 თვის ვადით პატიმრობა. წულუკიძესა და ბახუნტარაძეს ასევე დაეკისრათ 2000 ლარის ჯარიმის გადახდა. თემურ ბახუნტარაძე და ფირუზ წულუკიძე, ასევე ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი, 2013 წლის 13 სექტემბერს ბათუმში დააკავეს. ლაკაევის დაკავების დროს დაიჭრა ერთი პოლიციელი და თავად ლაკაევი.

 

ბრალდების მიხედვით დაკავებულებმა ჯგუფურად გაუწიეს წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველს, ამ შემთხვევაში პოლიციელს. ბათუმის საქალაქო სასამათრთლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა კი სახელმწიფო ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ დაკავებულებს წინააღმდეგობა ჯგუფურად არ გაუწევიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილიდან პირველ ნაწილზე დააკვალიფიცირა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა როგორც პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, ასევე დაცვის მხარემაც. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ დაკავებულებმა წინააღმდეგობა ჯგუფურად გაწიეს და განსასჯელებს ბრალდება დაუმძიმა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა ლაკაევს 12 წლის ნაცვლად 16 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ბახუნტარაძესა და წულუკიძეს ორი წლის ნაცვლად ოთხი წლით პატიმრობა. დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოს მესამე ინსტანციაში აპირებს.

 

დადგენილია, ლაკაევი საქართველოს საზღვარზე არალეგალურად გადმოვიდა. ჩეჩენი წარმოშობის ლაკაევის გადაცემა უკვე ითხოვა რუსეთის სახელმწიფომ. რუსული მედიის ცნობით, ლაკაევმა სოხუმში რუსი დიპლომატი, დმიტრი ვიშერნიოვი მოკლა. ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათ სასამართლოს განუცხადეს, რომ სპეცსამსახურები მათ აღმსარებლობის გამო სდევნიან და სწორედ ამ ნიშნით დააკავეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა