კვირის ამბები

ბათუმის საკრებულოს წევრის ჩინეთში ვიზიტის შესახებ

22.10.2014 • 1585
ბათუმის საკრებულოს წევრის ჩინეთში ვიზიტის შესახებ

 

ჯაბა ბერიძე
ჯაბა ბერიძე

ბატონო ჯაბა, რას უკავშირდებოდა თქვენი ჩინეთში ვიზიტი?

 

საკრებულოში მოვიდა მოწვევა ჩინეთში, ქალაქ ურუმჩიში აბრეშუმის გზის მერებისა და ქვეყნების ეკონომიკური ქამრის ქალაქების თანამშრომლობა-განვითარების ფორუმზე დასწრებასთან დაკავშირებით. როცა გავიგე ამის შესახებ, ცოტა ინფორმაცია მქონდა აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით და გამოვთქვი სურვილი, კი ბატონოო მითხრეს. იქ იყო ფორუმი, რომელსაც ესწრებოდნენ აბრეშუმის გზის მონაწილე ყველა ქვეყნიდან წარმომადგენლები, იყვნენ მერები, საკრებულოს წევრები და სხვა ოფიციალური პირები, რომლებთანაც კონტაქტები გავცვალე. მთავარი იყო ის, რომ ეს ყველაფერი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით კეთდება. ქვეყნები, რომლებიც აწარმოებენ ექსპორტს, ცდილობენ თანამშრომლობა ისევ აღდგეს.

 

რაიმე კონკრეტული პრობლემა ან პროექტი განიხილეს შეხვედრაზე?

 

არა, ეს უფრო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა იყო. მივლინებამდე მივედი ტურიზმის დეპარტამენტში, რაღაც ინფორმაცია მეც მქონდა. მოვამზადე 10-წუთიანი მოხსენება რუსულ ენაზე. მოხსენებაში ვისაუბრე ჩვენს ქალაქზე, მის მნიშვნელობაზე დაარსებიდან დღემდე. შევთავაზე როგორც ტურისტული ქალაქი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის. ჩემი მივლინება ექვსას ლარამდე დაჯდა და ვიდეორგოლი ჩვენს ქალაქზე ნახა ძალიან ბევრმა ადამიანმა. ვიზიტი ნაწილობრივ იყო ღონისძიების ორგანიზატორის მიერ დაფინანსებული _ მათ დააფინანსეს სამგზავრო ბილეთი და სასტუმრო.

 

კითხვები თუ დაგისვეს და რას ეხებოდა ეს კითხვები?

 

არა, კითხვა-პასუხის ფორმატი არ იყო. ფაქტობრივად, ეს იყო უფრო გაცნობითი შეხვედრა. სინქრონული თარგმნა იყო მოხსენებებისა, მაგრამ ენობრივი ბარიერი ხელს უშლიდა უშუალო ურთიერთობას. მე თვითონ კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და სადაც შევძელი გასაუბრება, იყო შემოთავაზებები ქალაქების დამეგობრებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასეთი შემოთავაზება იყო, მაგალითად, კიშინიოვიდან.

 

ფიქრობთ, რომ ვიზიტი ქალაქისთვის რაიმე სახის შედეგს მოიტანს?

 

რა თქმა უნდა. მივლინებებზე ხდება ინფორმაციის გაცვლა. ვსაუბრობდით თვითმმართველობაზე, კორუფციაზე. როცა ჩვენთან ხელფასების ოდენობაზე ვეუბნებოდი, რომ ჩვენთან არ არის კორუფცია, ცოტა  არ იყოს უკვირდათ.  გრაფიკი იყო ძალიან დატვირთული, წუთებიც გათვლილი იყო. ამის გამო ცოტათი შეზღუდულები ვიყავით სანახაობითი თვალსაზრისით. ეს ფორუმი სადაც ტარდებოდა, იქ ვნახე ქართული კუთხეც. შევხვდი ასევე ბიზნესმენს, რომელიც ქართული ლიმონათის, ჩურჩხელის და ღვინის ექსპორტს ახორციელებს ჩინეთში.

 

მივლინების შესახებ დოკუმენტში იყო ნათქვამი, რომ თანხა გამოიყო საჩუქრისთვის, რა იყო ეს საჩუქარი და ვის ჩაუტანეთ?

 

საჩუქრად წავიღე ღვინის ქვევრი, რომელიც ქალაქ ურუმჩის მერს ვაჩუქე და მეორე – საქართველოს კუთხეები თავიანთი ორნამენტებით, რომელიც ვაჩუქე ღონისძიების ორგანიზატორს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი