კვირის ამბები

რას აპროტესტებენ სტუდენტები

29.09.2014 • 1730
რას აპროტესტებენ სტუდენტები

 

„ალტერნატივას“ საპროტესტო აქცია

 

 

მთლიანად საქართველოში, განათლების სისტემაში არსებობს უამრავი პრობლემა, რომელსაც სჭირდება მოგვარება, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოსთვის არ არის განათლება პრიორიტეტული, სახელმწიფოს არ გააჩნია გრძელვადიანი სტრატეგია განათლების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ზოგადად, განათლების სისტემასთან ერთად ჩვენ გავაპროტესტებთ ჩვენს უნივერსიტეტში არსებული სიტუაცია, სადაც უამრავი პრობლემაა. რაც რეალურად ხელს უშლის სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში, თავისუფალი აკადემიური სივრცის არარსებობაა. ბევრი ლექტორი არაკომპეტენტურია, არ უწყობენ ხელს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას – უნივერსიტეტს არ აქვს სახსრები ამ მიმართულებით სამუშაოდ, ამისათვის კი საჭიროა სახელმწიფოსგან პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება. ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა თანამედროვე ინფრასტრუქტურის არარსებობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შეუსაბამობა.

 

უნივერსიტეტი უნდა იყოს ავტონომიური – ყოველგვარი გარე ძალებისგან თავისუფალი.

 

წლების განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განიცდიდა პოლიტიკურ გავლენას. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტური თვითმმართველობა წლების განმავლობაში ატარებდა პარტიულ ინტერესებს, როდესაც უნივერსიტეტში შეხვედრები ეწყობოდა მაღალი რანგის პოლიტიკურ ლიდერებთან, წინასწარ არჩევდნენ იმ სტუდენტებს, ვინც უნდა დასწრებოდა შეხვედრას, წინასწარ იყო განსაზღვრული შეხვედრაზე დასასმელი კითხვებიც, სტუდენტური თვითმმართველობა იყო ქცეული კონკრეტული პარტიის ახალგაზრდულ ფრთად, რომელიც ატარებდა მათ ინტერესებს, სტუდენტები დაყავდათ პარტიულ შეხვედრებზე, აქციებზე, ფაქტობრივად ხდებოდა სტუდენტებში ცნობიერების დაქვეითება, უნივერსტეტი ხელს უწყობდა სტუდენტებში პროტესტის გრძნობის ჩახშობას და კომფორმისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.

 

 

2012 წელს ხელისუფლების ცვლას მოჰყვა მცირე ცვლილებები, მაგრამ ამან ვერ უზრუნველყო ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება: უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არსებობს უამრავი პრობლემა, არ არსებობს თავისუფალი აზროვნება, სტუდენტობა და ლექტორთა ნაწილი ისევ განიცდის ზეწოლას, მცირე სარემონტო სამუშაოების მიუხედავად მაინც მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, თვითმმართველობა ისევ ატარებს მმართველი პარტიის ინტერესებს, რაც ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა თვითმმართველობის წევრებმა სტუდენტები წაიყვანეს პარტიულ შეხვედრაზე ისე, რომ სტუდენტებმა არ იცოდნენ შეხვედრის არსი.

 

 

თვითმმართველობა არ ასრულებს თავის მოვალეობას, არ იცავს სტუდენტთა ინტერესებს, არაეფექტურად ფუნქციონირებს მისი შემადგენელი ორგანოები, გამუდმებით არის დაპირისპირება თავმჯდომარის თანამდებობისთვის, თვითმმართველობის წევრები ორიენტირებულნი არიან პოპულისტურ ღონისძიებებზე, რომ შეინარჩუნონ პრესტიჟი და არ აკეთებენ იმას, რაც რეალურად საჭიროა სტუდენტებისათვის.

 

სწორედ ეს იყო ჩვენი პროტესტის საგანი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტი იყო მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ირგვლივ არსებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ აუცილებელია ხმამაღლა ითქვას და დაიწყოს ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება. ამიტომაცაა აუცილებელი სტუდენტობა გააქტიურდეს, შედგეს ხშირი შეხვედრები ადმინისტრაციასა და სტუდენტობას შორის და ერთობლივი ძალებით გადაიჭრას თითოეული პრობლემა.
ეს პროტესტი უნდა იყოს მაგალითი თითოეული სტუდენტისათვის, რომელიც ხედავს თუნდაც ელემენტარულ პრობლემას უნივერსიტეტში და სურს ამის გამოსწორება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: