კვირის ამბები

ქველმოქმედება კამერის თანხლებით

06.05.2014 • 2070
ქველმოქმედება კამერის თანხლებით

 

 

რატომ დადიან საქართველოში პოლიტიკოსები დღესასწაულებზე მიუსაფარ და სოციალურად დაუცველ ადამიანებთან კამერებისა და ჟურნალისტების თანხლებით. რამდენად არის დიდი თოჯინებით ან წითელი კვერცხებით ხელდამშვენებული მინისტრების კადრების ჩვენება ახალი ამბავი და რატომ აშუქებს ამ აქციებს ქართული მედია? კამერების თანდასწრებით სხვადასხვა პრობლემების მქონე ბავშვების მონახულება და მათთვის საჩუქრების გადაცემა არის თუ არა საკუთარი თავის პიარი ბავშვების გამოყენებით?

„ნებისმიერი ფორმით ბავშვის გამოყენება პიარისთვის არ არის ეთიკური. მით უმეტეს, თუ ეს ბავშვი წარმოადგენს რომელიმე მოწყვლად ჯგუფს და როდესაც ძალიან თვალსაჩინოა მიზანი, რატომ კეთდება ეს ყველაფერი. მე მგონია, რომ გაცილებით უფრო ჰუმანური, უფრო სასიამოვნოა იმ ბავშვებისთვის, როდესაც ასეთ ვიზიტებს თან არ მოჰყვება კამერები. მე ვყოფილვარ ასეთი გადაღებების მომსწრე ერთ-ერთ დაწესებულებაში, როდესაც ბავშვებს უთქვამთ ასეთი რაღაცა, რომ აი, ახლა მოვიდნენ დაგვპირდნენ უამრავ რაღაცას, მაგრამ აქედან რომ გავლენ, არავის არაფერი აღარ გაახსენდებაო.

 

თვითონ ბავშვების აღქმაშიც არის ეს: რაც უფრო ტრამვირებულია ბავშვი, რაც უფრო მოწყვლადია, მით უფრო მძაფრად აღიქვამს. ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვს. მათი გამოყენება პიარისთვის აბსოლუტურად არაეთიკურია,“ _ ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

 

„უფრო მაღალი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს მედიასაც და სახელმწიფო მოხელეებსაც ბავშვებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, განათლების მინისტრმა შეიძლება გადაიღოს ფოტოები, მაგრამ ამის ასეთი ფორმით აფიშირების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ფოტოები და ვიდეომასალა, სადაც აქცენტი არის გაკეთებული ბავშვებზე, ინფორმაცია არის ის, რომ მინისტრმა ვიღაცას რაღაცა მიულოცა,“ _ ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე.

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგს ახორციელებს “იუნისეფთან” ერთად. ამასთან ქარტიას მსგავსი მონიტორინგი ერთხელ უკვე ჩატარებული აქვს. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის, თამარ რუხაძის თქმით, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მედიაში გასული ბავშვთა საკითხების დიდი წილი სწორედ სადღესასწაულო დღეებში თანამდებობის პირთა თუ კერძო კომპანიების მიერ გაწეული ქველმოქმედების გაშუქებაზე მოდის.

 

„ასეთი ტიპის ინფორმაციებში არ ჩანს პრობლემები, არ ჩანს რეალური ამბები, რომელიც აწუხებთ ბავშვებს. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, რომელზეც ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ, მაგაზეც ვისაუბრეთ; როდესაც ასეთ ქველმოქმედებას აკეთებენ, საჩუქრები მიაქვთ და ეხმარებიან არასრულწლოვნებს, განსაკუთრებით ისეთ არასრულწლოვნებს, რომლებსაც, ვთქვათ, განსაკუთრებული სოციალური პრობლემები აქვთ, ჯანმრთელობის პრობლემები, ვთხოვეთ, რომ არ არის აუცილებელი ბავშვების გამოჩენა არც ტელევიზორში, არც პრესაში. განსაკუთრებით ისეთი ვიდეოკადრებისა და ფოტოების ჩვენება არის დაუშვებელი, სადაც სწორედ მათი ჯანმრთელობის ან მძიმე სოციალური პრობლემა ჩანს ისეთი კუთხით, რომელიც შეიძლება დღეს ან ხვალ, როდესაც უკვე დიდები იქნებიან, გახდეს შეურაცხმყოფელი და ხელშემშლელი ამ ბავშვებისთვის,“ – ამბობს თამარ რუხაძე.

 

თამარ რუხაძის თქმით, კარგია თუკი ვინმე ვიღაცას ეხმარება, მაგრამ ქველმოქმედება სასურველია ისე გაკეთდეს, რომ არ იქცეს ბავშვების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გზად.

 

„არ იქცეს საკუთარი ორგანიზაციის, საკუთარი სტრუქტურის ან საკუთარი პერსონის პიარის ან კარგად წარმოჩინებისთვის. ამბავი, რომ ვიღაცამ რომელიღაც დაწესებულებას რაღაც მიუტანა, ამის მოყოლა და თქმა ბუნებრივია შეიძლება ისეც, რომ მაინცადამაინც არ ვაჩვენოთ ახლო ხედებით ის ბავშვები, რომლებსაც ეს საჭიროებები აქვთ,“ – ამბობს თამარ რუხაძე.

 

`იუნისეფის~ კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე კიდევ ერთხელ აზუსტებს იმ შემაშფოთებელ ციფრებს, რაც ბავშვებს უკავშირდება: „ბავშვების წინაშე საქართველოში დგას ძალიან ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბავშვთა სიღარიბე. 77 ათასი ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ხოლო უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს 205 ათასი ბავშვი, მათი ოჯახები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. მათი პრობლემების ჩამონათვალი ძალიან ბევრია _ კვების დეფიციტი, ზრდაში ჩამორჩენა, სხვადასხვა ანომალიები და ა.შ. საერთაშორისო კვლევებით, 15 წლის ასაკის ბავშვების 62 პროცენტი ვერ აკმაყოფილებს წიგნიერების დონეს. სწორედ ეს არის პრობლემები, რომლებსაც ყურადღება უნდა ექცეოდეს“.

გადაბეჭდვის წესი