Batumelebi | მშენებლობა, კანონდარღვევა და ჯარიმები მშენებლობა, კანონდარღვევა და ჯარიმები – Batumelebi
RU | GE  

მშენებლობა, კანონდარღვევა და ჯარიმები

 

35 მეტრი სიგრძის ხიდი – პირსი ბათუმის ბულვარის პლაჟზე, რომელიც შპს „ბატუნნ“-მა მერიის ქონების მართვის სამსახურთან შეთანხმებით ააშენა, ამავე უწყების ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებით შესაძლოა დაანგრიონ. ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ბათუმის ბულვარში სამი წლის დაგვიანებით აღმოაჩინა.

35 მეტრი სიგრძის ხიდით პირსის შენობის აგება ბათუმის პლაჟზე მერიის ქონების მართვის სამსახურსა და შპს „ batunn“ -ს შორის შეთანხმების მთავარი პირობა იყო. ხელშეკრულება 2010 წელს გააფორმეს. სანაცვლოდ კომპანიამ ბათუმის მერიისგან პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან ახლოს, 7 392 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი 29-წლიანი სარგებლობის უფლებით მიიღო. ამ ადგილზე კომპანიამ სპორტულ-გასართობი კომპლექსი „PIER BATUMI“ გახსნა. სახელშეკრულებო პირობა კომპანიის მხრიდან ბათუმის ბიუჯეტში ყოველწლიურად 15 000 ლარის ოდენობით საიჯარო გადასახადსაც ითვალისწინებდა.

გასართობი კომპლექსი ღია და დახურულ რესტორანს, ორ მაღაზიას, სწრაფი კვების ობიექტსა და ჩილიმ ბარს აერთიანებს, მომსახურებაში შედის უკაბელო ინტერნეტით სარგებლობაც.

შპს „batunn“ -მა მერიასთან დადებული პირობა შეასრულა, მაგრამ კომპანიამ პლაჟზე, ბულვარის მთავარ შესასვლელთან, 35 მეტრი სიგრძის პირსის შენობა ისე ააშენა, რომ არც სამშენებლო ნებართვა ჰქონია და არც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი.

„კომპანიისგან იყო შემოსული წერილი პირსის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ საჭირო იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება. მათ კი დააზუსტეს, რომ იგეგმებოდა მხოლოდ ბუნგალოს ტიპის შენობისა და კაფეების მშენებლობა, რომელსაც გარემოზე შემოქმედების შეფასება არ სჭირდება,“ -უთხრა „ბათუმელებს“ გარემოს დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ინგა ნიკაგოსიანმა.

შპს „batunn“-მა პირსი 2011 წლის ზაფხულში გახსნა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი მაშინ გოჩა ძნელაძე იყო. ეს სამსახური მშენებლობის კანონიერებით ორი წლის შემდეგ, 2013 წლის ნოემბერში დაინტერესდა. სამსახურის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაშიც გოჩა ძნელაძე იყო.

რატომ ვერ აღმოაჩინა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკანონო მშენებლობა ბათუმის ბულვარში ორი წლის განმავლობაში? – ამ კითხვას ზედამხედველობის სამსახურის დღეს მოქმედი ხელმძღვანელი გოჩა ძნელაძე ასე პასუხობს: „როცა აღმოვაჩინეთ, მაშინ დავაჯარიმეთ.“

გასული წლის ნოემბერში კომპანია უკანონო მშენებლობის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს და ნებართვის მისაღებად სამთვიანი ვადა მისცეს. „სამი თვის შემდეგ, როდესაც ნებართვა ისევ ვერ წარმოგვიდგინა, დავაკისრეთ გაორმაგებული ჯარიმა _ 9000 ლარი. ჯამში კომპანიამ, ჯარიმის სახით, 12 000 ლარი გადაიხადა,“ ­­- ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ძნელაძე. მისივე ინფორმაციით, კომპანიას მშენებლობის ნებართვა არც ამ დროისთვის არ აქვს.

კითხვაზე, როგორ შეიძლება მშენებლობის ნებართვის მიღება მშენებლობის დასრულების შემდეგ კანონმდებლობის ჩარჩოებში მოექცეს, ბათუმის მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი პასუხობს:

„ჯერ კანონდამრღვევი ჯარიმდება, ჯარიმის გადახდის შემდეგ კი შეიძლება დადგეს ნებართვის გაცემის შესაძლებლობის შესწავლის საკითხი. თუ მშენებლობა წესების დაცვით განხორციელდა და სტანდარტებში ჯდება, შეიძლება გაიცეს ნებართვა. თუ საქმე სხვანაირადაა, დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხი დგას ან ქალაქმშენებლობისთვისაა მიუღებელი, მაშინ ნებართვა არ გაიცემა.“

კომპანიის წარმომადგენელმა მინდია გურგენიძემ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა. ერთადერთი ინფორმაცია, რაც მისგან „პიერ ბათუმზე“ მივიღეთ, არის ის, რომ გასართობი ცენტრი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

მერიაში ამბობენ, რომ კომპანიამ შესაბამის სამსახურს პირსის მშენებლობის კანონიერების შესწავლისა და ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას პრობლემები გარემოს დამცველებთანაც ექნება.

„ჩვენ პირსის მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რაც შეეხება დანარჩენ შენობებს, მაღაზიებია ეს თუ რესტორანი, რაც ბეტონითაა ნაშენი და უშუალოდ პლაჟზე აქვთ გაკეთებული, უნდა დაინგრეს, რადგან პლაჟზე მძიმე კონსტრუქციის არსებობა დაუშვებელია,“ – ამბობს საგზაო დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამმართველოს მონიტორინგის განყოფილების უფროსი თემურ მეტრეველი.

რაც შეეხება საჯარო სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ბათუმის ბულვარში უკანონო მშენებლობა სამი წლის დაგვიანებით გამოავლინა, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი განმარტავს, რომ „ამ შემთხვევაში, როცა ფაქტი გამოვლენილია, კონკრეტული პირების დანაშაულზე ვერ ვიმსჯელებთ. თუმცა შესაძლებელია დღის წესრიგში დადგეს სახელმწიფო მოხელის მხრიდან გულგრილობის საკითხი, მითუმეტეს, როცა ბულვარი ძეგლის სტატუსის მატარებელია.“

შპს „batunn“- მა თავის დროზე ბულვარში 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე