კვირის ამბები

ინტერვიუ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

27.02.2014
ინტერვიუ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან

 

 ბატონო გიორგი, ქალაქის განვითარების კონცეფცია თუ გაქვთ?

 ქალაქის განვითარების კონცეფციაზე ახლა ვმუშაობთ, ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ ვინც იქნება ქალაქის მერი, გადაწყვეტს ამ საკითხს. რაღაც მონახაზები მაქვს, ვფიქრობ, ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია არის მნიშვნელოვანი. კაპიტალური წყალგაყვანილობისა და საკანალიზაციო არხების გაკეთების შემდეგ, ასფალტის საფარით მოპირკეთდება ქუჩები ქალაქის გარეუბნებში.

 როგორც მერი, რას შეცვლით ბათუმში, რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ ამ ქალაქში?


 უამრავი აზრი მაქვს… ბევრი საკითხია, რომელთა მოგვარება და გადაჭრა მსურს, მაგრამ ამ წუთას სოციალური საკითხებია პრიორიტეტული, ვგულისხმობ იაფი სახლის პროექტს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო პროექტია. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია, ის ადამიანები, რომლებიც უსახლკაროდ არიან, ნორმალურ პირობებში ვაცხოვროთ. სახელმწიფოს თანამონაწილეობით ჩვენს თანამოქალაქეებს რომ გავუუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ესაა ახლა ჩემი მთავარი მიზანი.

 კონკრეტულად რომელ წლებში მუშაობდით ძალოვან უწყებებში და რა თანამდებობაზე?


 განათლებით იურისტი ვარ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დავამთავრე, უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ვეწეოდი, შსს უწყებაში კორუფციასთან ბრძოლის სამსახურში ვმუშაობდი წლების განმავლობაში, დაცვის პოლიციის ხელმძღვანელიც ვიყავი. ვმუშაობდი შემოსავლების სამსახურში და კერძო კომპანიაშიც მოვასწარი მუშაობა.

 როგორც იურისტი, როგორ ფიქრობთ, უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი, რომელიც მარიხუანას მოიხმარს?


 როგორც იურისტი, ამას სამართლებრივ შეფასებას ვერ მივცემ, მაგრამ როგორც რიგითი მოქალაქის აზრი, ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში უარყოფითია. ვიცი, რომ სხვა ქვეყნებში ლეგალიზაციის პრაქტიკა არსებობს, მაგრამ მე მიუღებლად მიმაჩნია.

 ხართ თუ არა რელიგიური?


  კი, მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვცდილობ, კეთილსინდისიერი ვიყო. რამდენად გამომდის ეს, არ ვიცი.

 როგორ უყურებთ ათეისტებს, იეჰოვას მოწმეებს?


 ამ საკითხთან მიმართებაში მე ტოლერანტი ვარ, ყველას მისი შეხედულება აქვს. ეს ადამიანის პირადი ცხოვრებაა.

 ბათუმში არის თუ არა გეიკლუბი, როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა?


 ყველა ადამიანის უფლებები საერთაშორისო კონვენციით დაცულია. კანონით რაც არ არის აკრძალული, ის დასაშვებია. მე ქრისტიანი ვარ, მართლმადიდებელი და ჩემს რწმენასა და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ამას გპასუხობთ როგორც მოქალაქე ერმაკოვი და ვამბობ, რომ ეს ჩემთვის მიუღებელია.

 ხართ თუ არ ნამყოფი ბორდელში?


 პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე არ მომწევია, როცა შს სამინისტროში ვმუშაობდი, ჩემი საქმიანობა იყო კორუფციულ გარიგებებთან ბრძოლა.

კორუფციული გარიგებები ახსენეთ, რა სქემებისა და კორიფციული გარიგების შესახებ გსმენიათ ბათუმის მერიასთან დაკავშირებით?


ამ კითხვაზე პასუხს ვერ ჩამოვაყალიბებ ახლა, მაგრამ თუკი მსგავსი რამ განხორციელდება მერიაში და ეს ჩემთვის გახდება ცნობილი, ჩვენი მხრიდან დაუყოვნებლივ რეაგირება მოჰყვება. ამის შესახებ ვაცნობებთ შესაბამის უწყებებს.

 ხართ თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი?


მმართველი გუნდის წევრი ვარ, თუ მკითხავთ მივიღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, გიპასუხებთ, რომ ჩამოვყალიბდები და გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.