სპორტი

მსოფლიო რბენისთვის რეგისტრაცია დაიწყო – საქართველოში რბენას სპორტის მინისტრიც შეუერთდება

04.02.2015 • 1441
მსოფლიო რბენისთვის რეგისტრაცია დაიწყო – საქართველოში რბენას სპორტის მინისტრიც შეუერთდება

 

რბენაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com

რბოლაში დარეგისტრირდებიან მსურველები როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მსოფლიო რბენაში მონაწილეობა ეტლით მოსარგებლეებსაც შეუძლიათ. რეგისტრაციის საფასური 20 ლარია. ღონისძიებიდან შეგროვილი თანხა მოხმარდება ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალო კვლევებს, რომელსაც ორგანიზაცია „ზურგის ტვინის დაზიანებების კვლევის საერთაშორისო ფონდი“ ხელმძღვანელობს. 

 

მსოფლიო რბენა საქართველოში პირველად 2014 წელს ჩატარდა. მასში მსოფლიოს 36 ქვეყნიდან 1808 მსურველი მონაწილეობდა, აქედან 46% ქალი და 54% მამაკაცი იყო. გამარჯვებულმა ქალმა 25.34 კილომეტრი გაირბინა, ხოლო გამარჯვებულმა მამაკაცმა _ 52.65 კილომეტრი. 2014 წლის რბენაში ყველაზე ასაკოვანი 80 წლის მონაწილე იყო, რომელმაც 3.59 კილომეტრი გაირბინა. გასულ წელს ღონისძიებაში 99 კომპანია, სპორტული კლუბი და სახელმწიფო დაწესებულება მონაწილეობდა, საქართველოში ყველაზე აქტიური მონაწილე საჯარო რეესტრი გახდა, რომლის 80 თანამშრომელი დარეგისტრირდა მსოფლიო რბენაში.

 

 

მსოფლიო რბენას შეურთდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანიც.

 

 

„მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისთვის. წელსაც მივიღებ მონაწილეობას და ვირბენ იმაზე მეტს, რაც ვირბინე შარშან“, – ამბობს ლევან ყიფიანი.

 

 

მსოფლიო რბენის დროს განსაზღვრულია მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. ტრადიციული ფინიშის ხაზის ნაცვლად იქნება სპეციალური „ფინიშმანქანა”, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს-20 კმ/ს – 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშმანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად გამოეთიშება შეჯიბრს.

 

 

მსოფლიო რბენის ორგანიზატორები არიან „რედ ბული“ და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“.

 

მსოფლიო რბენაში მონაწილეთა ლიმიტი 4000 ადამიანია. რეგისტრაციის ბოლო ვადა 26 აპრილია.


გადაბეჭდვის წესი