სპორტი

მშვილდოსნები ბათუმიდან

13.09.2014 • 2982
მშვილდოსნები ბათუმიდან

 

ანა დუმბაძე და მამუკა შუშაძე ვარჯიშისას

 

 

ანა დუმბაძე საქართველოს ჩემპიონია კადეტებს შორის. ის 15 წლისაა. ამბობს, რომ ინტენსიურად ემზადება და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის სურვილი აქვს. „ვარჯიში ხუთი წლის წინ დავიწყე. ბაბუა არის ჩემი მწვრთნელი. მან მირჩია შემოვსულიყავი, რადგან მონაცემებიც მქონდა. დღეში ერთხელ მინიმუმ ორი საათით ვვარჯიშობ. მიასპარეზია ევროპაზე, მსოფლიოზე, თუმცა დიდი შედეგი არ მქონია. ჯერ პატარა ვარ და ვფიქრობ, რომ მომავალში უფრო მეტი შემიძლია გავაკეთო. მშვილდოსნობა განსხვავებული სპორტია, მიყვარს და ვაპირებ ბოლომდე გავყვე“, – ამბობს ის. ანა მე-10 კლასშია და #8 საჯარო სკოლაში სწავლობს. „სწავლა და ვარჯიში ერთად ძნელია, ამიტომ ვცდილობ სპორტს მეტი დრო დავუთმო“, – გვეუბნება 15 წლის მშვილდოსანი.

 

„ჩემი ძმა დადიოდა მშვილდოსნობაზე, მეც დამაინტერესა და მოვედი. როცა მწვრთნელმა პირველად მომაჭიმინა მშვილდი, მოეწონა ჩემი ტექნიკა. მას მერე უკვე ოთხი წელია ვვარჯიშობ“, – გვიყვება 18 წლის მამუკა შუშაძე, რომელიც ორ კატეგორიაში ასპარეზობს – „ახალგაზრდების კატეგორიაშიც ვასპარეზობ და დიდების ნაკრების სახელითაც ვიბრძვი“.

 

მამუკა შუშაძე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია. მიაჩნია რომ, დიდ შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების მოპოვებას, მეტი ვარჯიში და მეტ ტურნირში მონაწილეობა სჭირდება. „მინდა მეტს მივაღწიო. რომ ვუყურებ ძლიერ მსროლელებს, სტიმული მემატება. მაგალითად, ამერიკელი ბრედი ელისონი, ასევე კორეელები არიან ძლიერი მსროლელები. საშუალოდ ათი შეჯიბრიდან ცხრა შეჯიბრში პირველ-მეორე ადგილებზე ყოველთვის თვითონ არიან“.

 

მამუკა შუშაძეს უნივერსიტეტში სწავლაც სურს. „სანამ შემეძლება მშვილდის მოჭიმვა, არ ვაპირებ თავის დანებებას. მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო, ფიზკულტურულზე, რადგან ჩემს სპორტს აუცილებლად სჭირდება“. ანა დუმბაძესა და მამუკა შუშაძის მწვრთნელი გურამ ბასილაძეა. ის 30 წელია მწვრთნელია და ამჟამად 13 ახალგაზრდას ავარჯიშებს.


გურამ ბასილაძე: „ნებისმიერ ტურნირში წარმატების მოსაპოვებლად ბევრი შრომა, მონდომება და ცოტა იღბალია საჭირო. მშვილდოსნობა ისეთია, შეიძლება უცებ ჰქონდეს სპორტსმენს შედეგი. ვფიქრობ ანა დუმბაძე ერთ-ორ წელიწადში კონკურენციას გაუწევს დიდებს. მამუკაც კარგადაა მომზადებული. აქამდე შეიარაღების პრობლემები იყო, ახლა შედარებით კარგი პირობები გვაქვს. შევიძინეთ მშვილდები. გვერდში გვიდგას აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი ვარშანიძე, რომელიც ერთი წელია ფედერაციას ხელმძღვანელობს. მთელი დღეები აქ ვართ და ვვარჯიშობთ. ჩემი აზრით მშვილდოსნობისადმი ინტერესი იმითაც არის გამოწვეული, რომ გვაქვს პირობები და გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები“.

 

აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი და აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თამაზ ფუტკარაძე ამბობს, რომ მშვილდოსნობის ჯგუფების გაზრდას რაოდენობის გეგმავენ. „გარდა ბათუმისა, ხუთი ჯგუფია ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაშიც. გვინდა ქედაშიც გავხსნათ ჯგუფი. ურეხში არის ფეხბურთის მოედანი, იქაც გვინდა მშვილდოსნობის ბაზის შექმნა, სადაც ადგილობრივ ბავშვებს მოვიზიდავთ. ყველა ბავშვი ვერ ახერხებს აქ მოსვლას, ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან“, – ამბობს თამაზ ფუტკარაძე. ის გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად აირჩიეს.

 

თამაზ ფუტკარაძის თქმით, მომავალ წელს ჩემპიონატები ცალ-ცალკე ჩატარდება კადეტებში, ახალგაზრდებსა და დიდებში. მათგან აირჩევა ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდებს შორის ევროპის თასში და ახალგაზრდებსა და კადეტებში მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში ჩატარდება. მანამდე კი მშვილდოსნებს სხვადასხვა ტურნირი აქვთ. ოქტომბერში საქართველოს თასის გათამაშება იქნება, დეკემბერში კი საქართველოს ნაკრები ფედერაციის თასის გათამაშებაზე აზერბაიჯანშია მიწვეული, სადაც საპრიზო თანხები გათამაშდება: პირველ ადგილზე გასულისთვის – 1000 ევრო, მეორე ადგილზე – 800 ევრო, მესამეზე კი – 500 ევრო.

 

21-24 სექტემბერს ბათუმში კი ბათუმში საერთაშორისო ტურნირია დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები თურქეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. თამაზ ფუტკარაძის ინფორმაციით, პირველ ადგილზე გასულ მშვილდოსანს 150 ლარი გადაეცემა, მეორეზე – 100 ლარი, მესამეზე კი – 50 ლარი. ტურნირისთვის ანა დუმბაძე და მამუკა შუშაძეც ემზადებიან. 

 

გადაბეჭდვის წესი