სპორტი

სპორტული ფესტივალი ნებისმიერი მსურველისთვის

18.07.2014 • 1623
სპორტული ფესტივალი ნებისმიერი მსურველისთვის

არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვისპირა პარკში არსებულ მოედნებზე, მაგიდის ჩოგბურთსა და სამოყვარულო ხელბურთში  მონაწილეთა რეგისტრაცია დილის 11:00 სთ-დან დაიწყება, ხოლო შეჯიბრებები 12:00 სთ-დან აიღებს სტარტს და პარალელურად წარიმართება, რის შედეგადაც რეგიონალური ჩემპიონები გამოვლინდებიან.

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ერთეულთა თანრიგში იმართება, სადაც მონაწილეობა ნებისმიერი ასაკის ქალ და ვაჟ მოყვარულებს შეუძლიათ.

რაც შეეხება სამოყვარულო ხელბურთს, სპორტის ამ სახეობაში ასეთი მასშტაბური შეჯიბრებები საქართველოში პირველად ტარდება და აქაც მონაწილეთა შორის გენდერული ბალანსია დაცული: თითო გუნდი ორ-ორი ვაჟი და ქალი მოყვარულით უნდა იყოს დაკომპლექტებული, სადაც მონაწილეთა შერჩევა ასევე თავისუფალი პრინციპით ხდება.

საფესტივალო დღე მინი ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთის ლიგის V ტურის მატჩებით დასრულდება. ამ ტურამდე, 10 ქულით ლიდერი სამტრედიაა, რომელსაც კვალში მოყვებიან ბათუმური გუნდები. „ბათუმის წყალი“ 9 ქულით მეორეა, ხოლო ბათუმის „ბათუმს“ 8 ქულით მესამე პოზიცია უკავია. პლეიოფში გამსვლელ მეოთხე ადგილს კი 7 ქულით ჯერჯერობით ოზურგეთელები იკავებენ.

20 ივლისს საქართველოს ჩემპიონატი მინიფეხბურთში შემდეგ საათებზე და გუნდებს შორის გაიმართება:

16:00  GM- ჭიათურა (ჭიათურა) – მფკ ლაზიკა (ზუგდიდი)

17:00  მფკ ოზურგეთი – კრედო (ქუთაისი)

18:00  მფკ ბათუმი (ბათუმი) – მფკ ზესტაფონი

19:00  მფკ სამტრედია – ბათუმის წყალი (ბათუმი)

ფესტივალი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივიტა და მხარდაჭერით და ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით იმართება, მიზნად ისახავს საქართველოში სამოყვარულო სპორტის განვითარებას, მასობრიობის ზრდას, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირებას და მის პოპულარიზაციას. ბათუმი, ზესტაფონის, რუსთავის, ოზურგეთის და დუშეთის შემდეგ,  რიგით მეხუთე ქალაქია, რომელიც საფესტივალო ღონისძიებებს უმასპინძლებს.  ფესტივალის დასკვნითი, ფინალური ეტაპი 26-28 სექტემბერს, საზღვაო საკურორტო ზონაში გაიმართება.

 

მომზადებულია

სპორტული ფესტივალი „საქართველო: 2014“-ის პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით

გადაბეჭდვის წესი